მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტყეშელაშვილი, ულუმბელაშვილი, უნდილაძე – იცოდე შენი გვარის ისტორია

ტყეშელაშვილი, ულუმბელაშვილი, უნდილაძე – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ტყეშელაშვილის, ულუმბელაშვილის და უნდილაძის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ტყეშელაშვილი – ძირითადად ონისა და ამბროლაურის რაიონებშია გავრცელებული. გადმოცემით ამ გვარის წინაპრები კოზოლიები ყოფილან, აფხაზეთიდან გადმოსულან იმერეთში და კოზოლაძეებად ქცეულან, შემდეგ ხატისკაცებად. ტყეშელაშვილების პირველი საცხოვრებელი იმერეთში ბზვანი და მაღლაკი ყოფილა. ამავე ძირისაა ტყეშელაძე, ტყეშელიაძე.

ულუმბელაშვილი – გადმოცემით, ულუმბელაშვილების გვარის წინაპარი ბაქრაძე იყო. სამი ძმა ბაქრაძე რაჭიდან რაღაც შემთხვევის გამო გამოიქცა. ძმებმა ულუმბოს მამათა მონასტერს შეაფარეს თავი. მდევარმა მათ 3-4 თვეში მიაგნო. იმისათვის, რომ არ დაეხოცათ, ულუმბოს ბერებმა ძმებს გვარი უბოძეს – ულუმბელაშვილი. ულუმბოს ბერის შვილებად წოდებული ძმები ურბნისში გადავიდნენ და 1715 წელს მოხსენიებულნი არიან რუისის საეკლესიო სამწყსოს დავთარში (ნიკოლოზ მროველი ორბელაშვილის მიერ შედგენილი), შემდეგ კი უფრო დასავლეთით, ჩუმათელეთი-სურამის ტერიტორიაზე დასახლდნენ, რადგან სწორედ ამ ადგილზე ცხოვრობს ამ გვარის ყველაზე მეტი წარმომადგენელი. ასევე დაუზუსტებელი ცნობებით, ძმებიდან ერთ-ერთი სასულიერო პირად შედგა და მოწამეობრივად აღესრულა.

უნდილაძე – გავრცელებულია დუშეთის რაიონში. შედგება მეტსახელი უნდილა-საგან, რაც მომდინარეობს ზოგადი მნიშვნელობის სიტყვისაგან უნდილი, უფხო, მოუხერხებელი ადამიანი. თეიმურაზ I -ის მიერ ერთ-ერთ თავის თხზულებაში მოხსენიებული ”შირაზის ხანი” არის გამაჰმადიანებული ქართველი იმამ-ყული-ხან უნდილაძე, ფარსის ბეგლარბეგი, ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა შაჰაბაზ I-ის დროინდელი სეფიანთა ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე, აღჭურვილი უდიდესი გავლენითა და ავტორიტეტით. ალავერდიხან უნდილაძე იყო შაჰ-აბასის პირადი მცველი, ჯარის მეთაური (ყულარაღასი) და ირანის მნიშვნელოვანი პროვინციის ფარსის ბეგლარბეგი. უნდილაძე დაუდხანი-განჯის ბეგლარბეგი. ამავე ძირისაა უნდილაშვილი.

კომენტარები