მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტყიბული – გაიგე შენი ქალაქის ისტორია

ტყიბული – გაიგე შენი ქალაქის ისტორია

ტყიბული  — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

მდებარეობს ნაქერალას ქედის სამხრეთით, მდინარე ტყიბულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 590 მეტრზე.

ტყიბული (ტყვიბული) ისტორიულ წყაროებში პირველად 1259-1293 წლით დათარიღებულ ძეგლში იხსენიება. ფეოდალურ ხანაში ტყიბული აგიაშვილების საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. 1825 წელს აღმოჩენილ იქნა ქვანახშირის საბადო. 1846 წელს დაიწყო ქვანახშირის მოპოვება. 1887 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი–ტყიბულის სარკინიგზო ხაზი და ქვანახშირის მოპოვებამ მნიშვნელოვან მასშტაბს მიაღწია. 1939 წლის 20 სექტემბერს სოფელი ტყიბულისა და დაბა ტყიბულის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ქალაქი ტყიბული. ქვანახშირის მოპოვებამ მაქსიმუმს მიაღწია 1950-იან წლებში, აშენდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა. 1980-იან წლებში მოქმედებდა 4 შახტი. ქვანახშირის ძირითადი მომხმარებელი იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შახტებში ქვანახშირის მოპოვება პრაქტიკულად შეწყდა, ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა კი დაინგრა. 2006 წელს ქვანახშირის მოპოვება აღდგა ორ შახტაში, განახლდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა.

ტყიბულის ეკონომიკის ძირითადი დარგია ქვანახშირის მრეწველობა. ქალაქში ასევე მოქმედებს ჩაის ფაბრიკა. ქალაქში მდებარეობს შაორის ჰიდროელექტროსადგური. ჰესს წყალი მიეწოდება შაორის წყალსაცავიდან. სადგურის რომლის საპროექტო სიმძლავრე 38.4 მგვტ.-ია, ხოლო საშუალო სიმძლავრე ― 28.0 მგვტ.

ტყიბული საავტომობილო გზებით უკავშირდება თერჯოლას, ქუთაისსა და ამბროლაურს. არის რკინიგზის ბოლო სადგური ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო ხაზზე. ტყიბული სარკინიგზო ხაზით თბილისიდან დაშორებულია 264 კმ-ით, ხოლო მანძილი ქუთაისიდან 42 კმ-ით.

ტყიბულში არის 6 საჯარო სკოლა და ექვსი საბავშვო ბაღი, 5 ბიბლიოთეკა. კულტურის დაწესებულებებიდან აღსანიშნავია ქალაქის კულტურის ცენტრი (სახალხო თეატრი), რომლის დარბაზი გათვლილია 500 მაყურებელზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სამხატვრო სკოლა, ხელოვნების სკოლა, ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია.

ქალაქში არის საფეხბურთო კლუბი “მეშახტე” და ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი.

ტყიბულში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,2°C, იანვრისა 2,6°C, ხოლო ივლისისა 21°C. ნალექები 2140 მმ წელიწადში.

კომენტარები