მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“უმძიმესი 27 – სოხუმი აიღო მტერმა“ – რას წერდა ქუთაისური პრესა 30 წლის წინ სოხუმის დაცემის შესახებ?!

“უმძიმესი 27 – სოხუმი აიღო მტერმა“ – რას წერდა ქუთაისური პრესა 30 წლის წინ სოხუმის დაცემის შესახებ?!

საქართველოს თავისი არსებობის მრავალათასწლიანი ისტორიის მანძილზე არაერთი განსაცდელი, ომი, უსამართლობა და მათთან დაკავშირებული ტკივილი გამოუვლია. ერთ-ერთი მათგანია 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში. ამ ომს 1993 წელს მოჰყვა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ფაქტობრივი ოკუპაცია, რაც რუსეთმა თავის მხრივ ოფიციალურად გააფორმა 2008 წლის აგვისტოში.

ოცდაათი წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, საქართველოს ჯვარი დაუმძიმა მეზობელმა ოკუპანტმა და აგრესორმა რუსეთმა… სოხუმი დაეცა… ოცდაათი წელია, საქართველოში იზრდებიან თაობები, რომლებსაც ჯერჯერობით არ უხილავთ საქართველოს ძირძველი და განუყოფელი მხარე – აფხაზეთი და მისი მთავარი ქალაქი, სოხუმი.

ოცდაათი წლის წინანდელი ქართული პრესის ფურცლები აქტიურად იტყობინებოდა საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ, მათ შორის აღნიშნული ტრაგიკული პროცესების შესახებ წერდა გაზეთი “ქუთაისი“.

რუსული საოკუპაციო მხარე და მისგან მართული აფხაზი სეპარატისტები ხშირად მიმართავდნენ დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელებას საქართველოს წინააღმდეგ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას 1993 წლის 12 აგვისტოს გამოეხმაურა გაზეთი „ქუთაისი“, რომელიც იუწყებოდა: “აფხაზეთში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების პრესცენტრიდან საქინფორმის კორესპონდენტს აცნობეს, რომ სოხუმსა და ოჩამჩირის რაიონში სიმშვიდეა, მაგრამ სრული სიმშვიდე მაინც არ ყოფილა: აფხაზთა ფორმირებებმა ავტომატური იარაღისა და ყუმბარსატყორცნის ცეცხლი დაუშინეს ცნობილ 920 სიმაღლეს და სოფელ ცუგოროვკას.

პრესცენტრი კატეგორიულად უარყოფს სატელევიზიო-საინფორმაციო პროგრამა „ნოვოსტის“ მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, თითქოს ქართველთა შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი გაეხსნათ გაერთიანებული კომისიის წევრი მეთვალყურეებისათვის“, – წერდა გაზეთი „ქუთაისი“.

1993 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ქუთაისი“ იტყობინებოდა, რომ იმავე წლის 21 აგვისტოს, ქალაქ სოხუმში ჩავიდა ქალაქ ქუთაისის დელეგაცია, ქუთაისის იმჟამინდელი მერის თეიმურაზ შაშიაშვილის ხელმძღვანელობით. ქუთაისის დელეგაციამ 300 000-ზე მეტი კუპონი გაიღო სოხუმის დრამატული თეატრის დასის დახმარებისათვის. იმჟამად სოხუმის თეატრის შენობა ომისგან, სამწუხაროდ, უკვე იავარქმნილი იყო. ასევე ქუთაისიდან მატარებლით სოხუმში ჩაიტანეს ავეჯის კომპლექტი. ამ ვიზიტის შესახებ გაზეთი “ქუთაისი“ წერდა: „ქუთაისის დელეგაციამ უხელმძღვანელა სოხუმში 250 ლტოლვილის დაბრუნებას. ისინი დასახლდებიან სპეციალურად გამოყოფილ სანატორიუმის შენობაში. მათთვის თანხებს ქუთაისი გაიღებს. ამას გარდა, სამშენებლო მასალებით დაეხმარება სახლების აღდგენასა თუ მშენებლობაში.

ოფიციალურ შეხვედრაზე ითქვა, რომ ქუთაისელთა ინიციატივა მოწოდებაა მთელი საქართველოსათვის, პირველი რიგის პრობლემად დაისახოს აფხაზეთის აღდგენისა და აღორძინების საკითხი“, – იტყობინებოდა გაზეთი “ქუთაისი“.

1993 წლის სექტემბერში, ომის ყველაზე დაძაბულ პერიოდში, სოხუმში კვლავ ჩავიდა ქუთაისის დელეგაცია, ქალაქის მერის თეიმურაზ შაშიაშვილისა და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს ხელმძღვანელობით. დელეგაციაში იყვნენ ქართველი ჯარისკაცები ქუთაისიდან. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ტელეკომპანია „რიონის“ გადამღები ჯგუფი (ჟურნალისტი ნანა კუხალაშვილი), რომელმაც უნიკალური საისტორიო კადრები გადაიღო და შემოგვინახა 1993 წლის ცეცხლში გახვეული აფხაზეთის შესახებ. ქუთაისის დელეგაციამ ომის ყველაზე საშიშ მონაკვეთში რამდენიმე დღე დაჰყო სოხუმში და გამართა შეხვედრები მოსახლეობასთან. დელეგაცია ასევე შეხვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ჟიული შარტავას, რომელიც სეპარატისტებმა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესვე დახვრიტეს. 2004 წელს ჟიული შარტავას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

1993 წლის 23 სექტემბერს გაზეთმა “ქუთაისმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 20 სექტემბერს ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის სხდომათა დარბაზში გაიმართა საწარმოში მომუშავე ქალთა შეკრება. იმავე დღეს ქარხნის კოლექტივის საერთო კრებამ მიიღო მიმართვა ქართველი ხალხისადმი, რომელიც გაზეთის ხსენებული ნომრის პირველ გვერდზეა დაბეჭდილი. აღნიშნულმა შეკრებამ ასევე ოფიციალური წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის იმჟამინდელ ელჩს საქართველოში ზემსკის. ამ წერილში ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის ქალთა კოლექტივი რუსეთის ელჩს წერდა: “დღეს, ჩვენ, ქუთაისის მრავალეროვანი ელექტრომექანიკური ქარხნის ქალები, ისევე, როგორც მთელი საქართველო, შეძრწუნებულნი ვართ აფხაზ სეპარატისტთა და მათი მეგობრების – რუსეთის არმიის გენერლებისა და დაქირავებულების, მთიელ ხალხთა კონფედერაციიდან მუხანათური მოქმედებებით…

რუსეთის სამშვიდობო მისია მორიგი სიცრუე აღმოჩნდა. რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში რეაქციული ძალების გავლენით აგრესიულ ხასიათს იღებს.

ჩვენ მოვითხოვთ:

1. დაე, რუსეთმა შეასრულოს გარანტიის მისია, რაც სოჭის შეთანხმებით იკისრა;

2. უცილობლოდ მიიღოს ზომები განიარაღებისა და აფხაზი ბოევიკების ფორმირებების დაშლისათვის;

3. უპირობოდ გამოიძახონ თავიანთი მოქალაქეები – დაქირავებულები, რომლებიც იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ და არ დაუშვან მათი შეღწევა საქართველო-რუსეთის საზღვრის იქით“, – მიმართავდა ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის ქალთა კოლექტივი რუსეთის ფედერაციის ელჩს საქართველოში, სოხუმის დაცემამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, 1993 წლის 20 სექტემბერს.

1993 წლის 25 სექტემბერს გაზეთი „ქუთაისი“ იტყობინებოდა, რომ 24 სექტემბრიდან დაიწყო მასირებული შეტევა სოხუმზე. ქალაქი მოწინააღმდეგის მიერ იბომბებოდა. მტრის სამხედრო ნაწილებმა უკვე იმავე დღეს შეძლეს სოხუმის ცალკეულ უბნებში შეჭრა, სადაც, გაზეთის ცნობით, „11 საათისათვის გააფთრებული ბრძოლები წარმოებდა. ქალაქის დამცველები მტკიცე პასუხს სცემენ მოწინააღმდეგეს, რომელიც ცდილობს დაეუფლოს ქალაქს“, – წერდა გაზეთი “ქუთაისი“.

1993 წლის 28 სექტემბერს გაზეთმა „ქუთაისმა“ პირველ გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განცხადება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს და ტრაგიკულ ფაქტს, სოხუმის დაცემას იუწყებოდა. „27 სექტემბერს, დღის 13 საათზე, ქალაქ სოხუმს შემოესივნენ კბილებამდე შეიარაღებული რუსი, ჩეჩენი და აფხაზი ბოევიკები, რომლებმაც ტანკებითა და ჯავშნიანი ტექნიკით დაიკავეს დღეს სოხუმი… სოხუმის გადარჩენა შეიძლებოდა ჯერ კიდევ გუშინ… ეს შეეძლო რუსეთს…“, – ვკითხულობთ საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული ფაქტის ამსახველ ამ განცხადებაში გაზეთ „ქუთაისის“ 1993 წლის 28 სექტემბრის პირველ გვერდზე.

გაზეთმა “ქუთაისმა“ უკვე 1993 წლის 30 სექტემბრის პირველ გვერდზე დაბეჭდა სიტყვები: „უმძიმესი 27 – სოხუმი აიღო მტერმა“.

სოხუმისა და მთელი აფხაზეთის ოკუპაცია რუსეთის მხრიდან დღემდე გრძელდება, თუმცა, ეს აუცილებლად დროებითია. აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია! საქართველო უთუოდ აღადგენს იურისდიქციულ კონტროლს თავის ძირძველ და განუყოფელ მხარეზე – აფხაზეთზე და ენგურსიქეთა საქართველოში აუცილებლად შევალთ და დავბრუნდებით, როგორც ერთიანი, ძლიერი და განუყოფელი საქართველოს შვილები და კვლავ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი აფხაზეთის შემადგენლობით.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები