მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა ფონდ “სოხუმის” ონლაინ პრეზენტაცია

ქალთა ფონდ “სოხუმის” ონლაინ პრეზენტაცია

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ორგანიზებით ახალი მონიტორინგის ანგარიშის – “მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ პრეზენტაცია ონლაინ – Zoom პლატფორმის საშუალებით გაიმართა, რომელიც ორგანიზაციის მკვლევარმა ნინო კორინთელმა წარმოადგინა.

ღონისძიების შესავალი ნაწილი რელევანტური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მოკლე მოხსენებებს დაეთმო, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არსებულ ეროვნულ პრევენციულ მექანიზმებზე მიზნობრივად ისაუბრეს: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ელისო შონიამ, თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსმა ინდირა რობაქიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა ანი ფაჩუაშვილმა.

მუნიციპალურ დონეზე დღეს არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ინსტრუმენტები მიმოიხილა ფონდი “სოხუმის” წარმომადგენელმა ემა კამკიამ.

ღონისძიების მესამე ნაწილი დაეთმო მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიზნობრივ მოხსენებებს, თუ რა მიღწევები და გამოწვევები გააჩნიათ ამ ეტაპზე. მერის წარმომადგენლების როლზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაში ისაუბრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ, უწყებათაშორისი თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტებზე (მიღწევები და გამოწვევები) – სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნატალია ხუბუამ,  ეკონომიკური გაძლიერების მუნიციპალური პროგრამების მნიშვნელობაზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაში – ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლია შქარიშვილმა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სახელმწიფო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებებს და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობა.

კვლევა ხელმისაწვდომია აქ – https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/13796-2023-07-13-20-36-14

კომენტარები