მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქართველი ჰამლეტი

ქართველი ჰამლეტი

28 ნოემბერს უშანგი ჩხეიძის დაბადების დღე იყო.

მისი დაბადება სრულიად ქართული თეატრის მარადიული დღესასწაულია. გადაუჭარბებლად!

ის იმ განსაკუთრებული ეპოქის ცეცხლია, სადაც ლეგენდები იქმნებოდა და რჩებოდა ქრესტომათიული სპექტაკლებით, ახალი თეატრალური ხელოვნების ექსპერიმენტებით, მკაფიო სახეებით, ახალი რეჟისორებით, ახალი მხატვრობით, ახალი მუსიკით, ახალი ურთიერთობებით, რომელიც მთლიანსაც გულისხმობს საკუთარ თავში და დაპირისპირებულსაც, გენიალურ პარტნირობასაც და დაუზოგავ მტრობასაც.

უშანგი ჩხეიძე, მისი ბიოგრაფიით, ქართული თეატრის ბედისწერას იმეორებს. და ეს ბედისწერა არასდროს ყოფილა მხოლოდ წარსული. ის დღევანდელობაცაა! თუ მომავალიც არა.  ის ამბები და დამოკიდებულებებია, ის გულგრილობა და გაუტანლობაა, რაც მეც კი მიგრძვნია სხვების მაგალითზე – მსახიობების, რეჟისორების და თეატრის ხელმძღვანელობის, –  ჩემი უმნიშვნელო ოდისეითაც.

უშანგის, დაბადების დღე, მისი სახელობის თეატრმა გადაუხადა! ზესტაფონში იმისთვის ჩავედი, რომ კიდევ ერთხელ კარგად მეტირა და ამ ტალანტის, ამ დიდი არტისტის სევდა და თეატრალური ცხოვრების ტრაგედია კიდევ ერთხელ მტკივენულად განმეცადა.

მიხაროდა, რომ მის იუბილეს აღნიშნავდნენ. რადგან ჯერ კიდევ არ თქმულა ქართულ კულტურაში ის სიტყვები და იმ სიმაღლიდან, რომელსაც ეს განსაკუთრებული ბიოგრაფიის ხელოვანი იმსახურებს. 124 წელიც, მომავლის მზადება მგონია. რა ბედნიერებაა, რომ მისი სახელობის თეატრი არსებობს და რაც დრო გადის, მეტი და მეტი ჯანმრთელი ამბიციით ირჩევს გზებს სწორი ნაბიჯებისთვის. უშანგი, ამ თეატრის შემოქმედებით უნდა გაბრწყინდეს, ისე დიდია მისი სახელის შინა არსი!

ზუსტად 100 წლის წინ, ის მოულოდნელად დადგა საკუთარი ცხოვრების მთავარ არჩევანთან, როცა კოტე მარჯანიშვილმა, ქართული სათეატრო ხელოვნების მგზნებარე და ბობოქარმა რეფორმატორმა გადაწყვიტა – ასე ახალგაზრდას, თითქმის გამოუცდელ პროტაგონისტს, შექსპირის ჰამლეტი „ეთამაშა“!

და, დაიწყო უშანგის თავგანწირვათა დაუსრულებელი ციკლი ქართულ სცენაზე. მისით აღფრთოვანება და შიში, მისი ამოუწურავი მხატვრული სახეების შემაშფოთებლად შთამბეჭდავი კალეიდოსკოპი, რომელიც გადადიოდა ლეგენდიდან ლეგენდაში და ერთი ელვარე და იმპოზანტური არტისტის სხეული იტევდა და იტევდა ჩვეულებრივი ადამიანისთვის დაუტეველ ემოციებს და ნერვებს, სისხლს და ოფლს.

ვინ აპატიებდა ამდენ დიდებას?

წარმატების კულმინაციებიც იმ სიმაღლეზე ქონდათ, როგორიც მტრობის და სიძულვილის. და მაინც,  ძნელია, არ შეგშურდეს იმ ეპოქის. მარტო იმიტომ, რომ მარჯანიშვილი და ახმეტელი იდგა ტატამზე. მარტო იმიტომ, რომ პეტრე ოცხელი, დავით კაკაბაძე და ირაკლი გამრეკელი ხატავდა სცენას. მარტო იმიტომ, რომ თამარ ვახვახიშვილი გენიალურ მუსიკასაც ისე წერდა, როგორც ტექსტს და სპექტაკლის შეფასებას. მარტო იმიტომ, რომ თითქმის ყველა დიდი არტისტი კლასიკური განათლებით იყო და საკუთარი რეჟისორების დიდ შემოქმედებაზე თანამედროვე თეატრმცოდნეებზე უკეთესი სინტაქსით და რეფლექსიით გადმოგვცემდნენ. თუნდაც, მათი გარდაცვალების, ან მათი ეპოქის დასრულების შემდეგ.

უშანგის სიდიადე იცოდა ქართულმა საზოგადოებამ. იცოდა. ხედავდა. განიცდიდა. ჟრუანტელი უვლიდა და როკავდა ოვაციისგან.

მაინც გაწირეს. მაინც სიცოცხლეში დაივიწყეს. მაინც თეატრალური უმადურობით გააგიჟეს. მაინც აჯობეს.

რა არის თეატრში ღირსება?

უშანგის ბიოგრაფიით ამაზე კამათი დაუსრულებლად შეიძლება. უნიჭობამ აჯობა ნიჭს. გაიძვერობამ – სიამაყეს. წვრილმანმა ინტრიგამ – უზადო ტრიუმფებს.

მარჯანიშვილის თეატრში, მარჯანიშვილის ყველაზე მბრწყინავი და ბრჭყვიალა ვარსკვლავი, მარჯანიშვილის ყველაზე დიდი სასცენო გამარჯვებების მთავარი ფალავანი, თეატრის გარეთ დარჩა და არავინ(!!), წლების მერეც არავინ(!!!) ირაინდა მისი სულის და ხორცის, მისი ნიჭის და უზღვავი ტემპერამენტის „რეინკარნაციისთვის“ ქართულ სცენაზე.

დოდო ანთაძე, რომელიც ალბათ ვერასდროს დაუტოლდებოდა უშანგი ჩხეიძის შემოქმედებით ენერგეტიკას და თავგანწირვას, ასე მარტივად, ყოფითად და  ინტრიგნულად, რამდენიმე წვრილფეხა თანამოაზრესთან ერთად მივიდა ერთ-ერთ ნევროპათოლოგთან და მოტყუებით დააწერია, თითქოსდა უშანგისთვის საჭირო სამედიცინო დასკვნა მის შფოთვებსა და ნევროზზე – უცხოეთში წასვლის და ცოტა ხნით იქ დასვენების და პროფილაქტიკის მიზნით. რათქმაუნდა, ეს სამედიცინო დასკვნა, იგივე დოდო ანთაძის ხელით, ხელისუფლების სახელმძღვანელო გახდა გადაწყვეტილების მისაღებად – რომ გიჟის ადგილი თეატრში არ იყო :)) და უშანგი თეატრიდან წავიდა (?)..

არავინ (!!) დაიცვა ის.

უნიჭობა საშიში არაა ცხვრებისთვის და იმიტომ.

ესეც ქართული თეატრის ერთი სამარცხვინო ეპიზოდია.

და უშანგი ჩხეიძე, დღესაც ქართული თეატრია მისი ბედისწერით..

რა კარგია, რომ ზესტაფონში მისი სახელობის თეატრი ცოცხლობს…

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები