“ქართული ოცნება” პარტიის ყრილობას 30 დეკემბერს გამართავს. ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.

მისივე თქმით, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.

“გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 20 წევრისა.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა – ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა არსებითად უცვლელი სახით დამტკიცდება.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე, ფაქტობრივად, არ იყვნენ ჩართული პარტიულ საქმიანობაში. მათთან გვქონდა საუბარი, ისინი აღარ არიან წარმოდგენილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში. დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია. თავის დროზე დამტკიცდა პოლიტსაბჭო 21 წევრის შემადგენლობით და ახლა ვამცირებთ, 15+1 იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.