მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქრისტეშობის დღესასწაული 30 წლის წინანდელ ქუთაისში

ქრისტეშობის დღესასწაული 30 წლის წინანდელ ქუთაისში

ჩვენი უფლის, ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს ხორციელი შობა ერთ-ერთი გამორჩეული და აღმატებული ქრისტიანული დღესასწაულია. სამ დღეში იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 25 დეკემბერს (ახალი სტილით 7 იანვარს) საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იზეიმებს ქრისტეშობის წმინდა და დიდებულ დღესასწაულს.

საბჭოთა ეპოქაში, გამომდინარე იმჟამინდელი ოფიციალური ათეისტური იდეოლოგიისა, შობის დღესასწაულის აღნიშვნა საჯარო ფორმატით ვერ იყო მასობრივი. მას შემდგომ, რაც 1991 წელს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ეკლესიასაც თავისუფლება მიეცა და ქრისტიანული დღესასწაულებით უკვე დაინტერესდა ტელევიზია, პრესა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც საქვეყნოდ ჩაერთვნენ საეკლესიო დღესასწაულთა აღნიშვნაში.

ამ ფონზე გავიხსენოთ ზუსტად ოცდაათი წლის წინ, 1993 წელს, როგორ აღინიშნა უფლის ხორციელი შობის დღესასწაული ქუთაისში.

გაზეთ „ქუთაისის“ 1993 წლის 7 იანვრის ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა ჩანაწერი: „დღეს შობაა, ხორციელად შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. აქვე გამოქვეყნდა გელათის მონასტრის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის საკურთხევლის კონქში არსებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და წმიდა მთავარანგელოზთა მოზაიკური ფრესკის ფოტო და დაიბეჭდა საშობაო ლოცვები.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მოქმედ ტაძრებსა და მონასტრებში აღევლინა საზეიმო-სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღნიშნულის შესახებ, გაზეთი „ქუთაისი“ წერდა: „ხუთშაბათს, 25 დეკემბერს (ახალი სტილით 7 იანვარს), ქრისტეშობის ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში, ხოლო პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში სასულიერო დასსთან ერთად წირვა აღავლინა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ“ (1993 წლის 13 იანვრის ნომერი, გვ. 1).

იმხანად, ჯერ კიდევ არ იყო საქართველოში სრულად აღდგენილი ალილოს მსვლელობის საშობაო ტრადიცია, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში მასობრივად და ოფიციალურად ტარდება.

1993 წლის საშობაო პერიოდში, ქუთაისში, ქალაქის დემოგრაფიული საზოგადოების ცნობით, საქართველოს წითელი ჯვრის ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელობით, ქალაქში შემოიტანეს ჰუმანიტარული დახმარება (წლინახევრამდე ასაკამდე ბავშვების საკვები), რომელიც გაიცემოდა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პოლიკლინიკებში.

1993 წლის იანვრისათვის ქვეყანაში მასობრივი სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე მძვინვარებდა. მიმდინარეობდა რუსეთ-საქართველოს ომი ძირძველ ქართულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში. ამ ფონზე ქვეყანაში სადღესასწაულო საზეიმო განწყობაც ვერ იყო მასობრივი და მასშტაბური და მხოლოდ იშვიათი გამოვლინებებით გამოიხატებოდა. სწორედ ასეთი იყო 1993 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე, ქუთაისში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საქორწილო დარბაზ „ჯადოსნურ ფერიაში“ გამართული საშობაო-საახალწლო შოუ-კონცერტი, რომელსაც წარუძღვნენ ცნობილი ქუთაისელი მსახიობები, მარიკა სამანიშვილი და ავთანდილ სახამბერიძე (ასევე, რეჟისორი), ხოლო ახალ წელს წარმოადგენდა ასაკით პატარა გოგონა, სალომე იაშვილი. შესრულდა ქართული და ევროპული სიმღერები და ცეკვები, წარმოადგინეს მხიარული სანახაობანი, მოეწყო აუქციონი და სახალისო თამაშობები-კონკურსები. შოუ-კონცერტში მონაწილეობდნენ: მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ანსამბლი „შარახვეტია“, საესტრადო ანსამბლი „ოცნება“, ქალთა ტრიო, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი და სხვა კერძო შემსრულებლები.

ხსენებული შოუ-კონცერტის მოსაწვევ საყოველთაო განცხადებაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ იმჟამინდელი საქართველოსა და მისი სიდიდით მეორე ქალაქის, ქუთაისის ყოფა-ცხოვრებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სიმძიმე. განცხადებაში ჩაწერილი იყო: „ერთი ბილეთის ღირებულება სამი ათასი მანეთია, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ, თქვენ გელით განუმეორებელი სიამოვნება! ამონაგები თანხის 10 პროცენტი გადაირიცხება ლტოვილთა ფონდში…

გთხოვთ, დროებით დაივიწყოთ ყველა საზრუნავი, პრობლემები და გვესტუმროთ! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კმაყოფილი დარჩებით“. გამარჯვებულთათვის დაწესებული იყო პრიზიც.

ჩვენს მიერ აღწერილი დროის პერიოდიდან გავიდა ოცდაათი წელიწადი და ამ გადასახედიდან, ეს ყოველივე იმჟამინდელი ქუთაისელი თაობებისთვის მოგონებებია (მრავალი მათგანისთვის თავის ახალგაზრდობასთან ასოცირებული), ხოლო ზოგადად კი ეს ყოველივე ქუთაისის ყოფის უახლესი ისტორიის ნაწილია.

მთავარი ფოტო: ამონარიდი გაზეთ “ქუთაისის” 1993 წლის 13 იანვრის ნომრის პირველი გვერდიდან

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები