მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს სააღდგომო მიმართვა სამწყსოსადმი 30 წლის წინ

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს სააღდგომო მიმართვა სამწყსოსადმი 30 წლის წინ

იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ზეიმში იმყოფება ახლა მართლმადიდებელი სამყარო. აღდგომა არის დღესასწაულთა დღესასწაული, ზეიმთა ზეიმი, სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე მარადიული, ძლევამოსილი გამარჯვება, რომელმაც მთავარი აზრი მისცა ადამიანებისათვის ქრისტეანობის მხოლოდჭეშმარიტ სარწმუნოებას.

მიმდინარე ბრწყინვალე შვიდეულში საინტერესო იქნება გადავავლოთ თვალი ქუთაისის უახლეს ისტორიას საეკლესიო მიმართულებით და ამიტომ წარმოგიდგენთ მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს სააღდგომო მიმართვას სამწყსოსადმი ზუსტად ოცდაათი წლის წინ, 1994 წელს:

„ქრისტეს მიერ საყვარელნო, შვილნო უფლისანო!

ქრისტე აღდგა!

„ღამე იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა, განვიშორეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი (რომ. 13, 12)“.

ძმანო და დანო ჩემნო, უფლის მადლით და სიყვარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღდგა!

იესო ქრისტე მოკვდა ჯვარზე პარასკევს, ნაშუადღევის მესამე ჟამს. იმავე დღეს მისი გვამი დაფლეს იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა. ამგვარად, იესომ საფლავში დაჰყო პარასკევი საღამო, შაბათი და დასაწყისი კვირიაკის პირველი დღისა. შემდეგ კი აღდგა დიდებით. სიცოცხლეშივე ისე, რომ რამდენჯერმე იწინასწარმეტყველა თავისი აღდგომა მკვდრეთით. ოთხივე მახარებელი ერთნაირად მოგვითხრობენ იესოს მკვდრეთით აღდგომის ამბავს: დაფლვიდან მესამე დღის შემდეგ, როცა მხედრები იცავდნენ იესოს საფლავს, მოხდა საშინელი მიწისძვრა; ანგელოზი უფლის მოსილი სამოსლითა ელვარითა გარდამოხდა ზეცით, გადააგორა ლოდი, რომელიც ჰფარავდა საფლავს და დაჯდა ზედა; იესო გამოვიდა საფლავიდან, მხედრებს ისე შეეშინდათ, რომ გრძნობა დაკარგულები დაეცნენ მიწაზე; შემდეგ, როცა მოსულიერდნენ, გაიქცნენ ქალაქში და იქ იესო ქრისტეს აღდგომის ამბავი უთხრეს მღვდელმთავრებს. მხედრების გარდა, იესოს აღდგომის ამბავი პირველივე დღეს გაიგეს მარიამ მაგდალინელმა და სხვა მენელსაცხებლე დედებმა, რომელნიც მიდიოდნენ იესოს გვამისათვის სურნელის ნივთიერების საცხებლად. აღდგომის შემდეგ, იესო გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, მენელსაცხებლებს, პეტრე მოციქულსა და სხვა მოციქულებს. მოციქულებს არა სწამდათ მკვდრეთი აღდგომა იესოსი. იესო აყვედრიდა ურწმუნოებას, ნება მისცა ხელით შეხებისა, ჭამდა და სვამდა მათთან და მხოლოდ მას შემდეგ ირწმუნეს აღდგომა ქრისტესი და მოჰფინეს ეს ამბავი მთელ ქვეყანას.

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხოვრებისათვის. ქრისტეს აღდგომით უეჭველად დამტკიცდა მისი ღვთაებრივი ღირსება; მხოლოდ ღმერთს შეეძლო ძლევა სიკვდილისა, ხოლო თუ იესო ქრისტე ღმერთია, მაშინ მისი სწავლა-მოძღვრებაც საღმრთოა. მკვდრეთით აღდგომით ქრისტემ დაამტკიცა, რომ მსხვერპლი, მის მიერ შეწირული, მიღებულია ღვთისაგან.

მკვდრეთით აღდგომით ქრისტემ საფუძველი დაუდო საყოველთაო აღდგომას, უეჭველჰყო მისი შესაძლებლობა და სინამდვილე. ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქნა დასაბამ შესვენებულთა, აღდგა ნათელი სოფლისა, აღდგა სიბრძნე და ჭეშმარიტება, აღდგა მეორე ადამი. სხეულს გაყრილმა მისმა /იესო ქრისტეს/ ყოვლადძლიერმა სულმა შემუსრნა საკვრელნი სიკვდილისა და თავის მორწმუნეთ გაუხსნა წინაპართა ცოდვის მიზეზით დახშული კარი ცისა და სამოთხისა.

გწამდეთ მკვდრეთით აღდგომილი ღვთისა, სასოებდეთ მას და ტანჯვა თქვენი სიხარულად შეგეცვლებათ! ჭეშმარიტად ერთადერთი იმედი და მხსნელი ჩვენი არის უფალი!

უფალო, მუხლმოდრეკილნი გთხოვთ შენდობასა და შემწეობას. გევედრებით, არ მოგვაკლო შენი კურთხევა, რათა ჩვენზე აღსრულდეს სიტყვები შენი: „მშვიდობასა დაგიტევებთ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მოგცემთ თქვენ! (იოანე. 14, 27). ღირს გვყავ უფალო შენი ღვთაებრივი მშვიდობისა, „გარდამოიხედე ზეცით ღმერთო და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან“.

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

ქრისტესმიერ სიყვარულით

+ მიტროპოლიტი კალისტრატე

ქუთათელ-გაენათელი

1994 წელი, ქრისტეს აღდგომა“, – ნათქვამია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს (1938-2019) ოცდაათი წლის წინანდელ სააღდგომო მიმართვაში, რომელიც დაიბეჭდა ქუთაის-გაენათის ეპარქიის გაზეთ „კვალი ნათელსა“ და ასევე ქუთაისის საქალაქო გაზეთ „ქუთაისში“.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე თავისი ძალიან მნიშვნელოვანი და ეპოქალური მოღვაწეობით დღეს უკვე ერთდროულად არის მარადისობისა და ისტორიის განუყოფელი მკვიდრი, ხოლო მისი ეს ოცდაათი წლის წინანდელი სააღდგომო მიმართვაც უკვე ამ ისტორიის ერთ-ერთი ნაწილია.
 
“ინფო იმერეთისთვის“ გამოსაქვეყნებლად მოამზადა ისტორიის დოქტორმა და თეოლოგმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ

კომენტარები