მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოს შეწირულობა საქართველოს სამხედრო საქმისათვის 1918 წელს 

ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოს შეწირულობა საქართველოს სამხედრო საქმისათვის 1918 წელს 

1918 წლის 26 მაისს საქართველომ აღიდგინა თავისი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა. ახალაღდგენილ ქართულ სახელმწიფოს გაძლიერება სჭირდებოდა, მათ შორის, ერთ-ერთი უპირველესი მიმართულება იყო სამხედრო მხარე.

ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოსთან არსებობდა სამხედრო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე გახლდათ ივანე პურადაშვილი, ხოლო მდივანი იყო ალექსანდრე ღულაძე. სწორედ აღნიშნული კომიტეტი ხელმძღვანელობდა ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოს მხრიდან შეწირულობათა შეგროვებასა და შესაბამისი მიმართულებით წარმართვას ჩვენი ქვეყნის სამხედრო საქმისათვის.

1918 წლის 26 დეკემბერს გაიმართა ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოს საზოგადო კრება, რომელმაც მიიღო დადგენილება სამხედრო საჭიროებისათვის შეწირულობათა განსაზღვრის შესახებ, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიში მოამზადა და წარმოადგინა ხსენებულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო კომიტეტმა.

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით 1918 წელს ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოს საქართველოს სამხედრო საქმის გაძლიერებისათვის გაუმზადებია საკმაოდ სოლიდური ფინანსური შეწირულობა, სულ 127 672 მანეთის ოდენობით.

შეწირულობები გააკეთეს: 1. საბაკალ. საქონლით მოვაჭრეებისგან – 19,940 მან; 2. მრეწველებისგან – 13 900 მან; 3. ევროპული ფეხსაცმელების მკერავებისგან – 9 400 მან; 4. რკინეულობით მოვაჭრეებისგან – 9 000 მან; 5. ხარაზებისგან – 8 750 მან; 6. პურ-ღვინით მოვაჭრეებისგან – 6 915 მან. (შევნიშნავთ, რომ ქუთაისის პურ-ღვინით მოვაჭრეებისგან სამხედრო საქმისათვის შეწირულობის მიზნით სულ შეგროვებულა 17 415 მან; მაგრამ 10 500 მან. გაუფლანგავს პურ-ღვინით მოვაჭრეთა კავშირის ხაზინადარ ალექსანდრე უგრეხელიძეს. მიმდინარეობდა საქმის ძიება გამომძიებლის მიერ); 7. ტყავეულობით მოვაჭრეებისგან – 6 000 მან; 8. ფართლეულობითა და საგალანაგტერინო საქონლით მოვაჭრეებისგან – 5 500 მან; 9. ყასბებისგან – 5 300 მან; 10. წიგნების მაღაზიების, სტამბებისა და წიგნის გამომცემლობისაგან – 5 150 მან; 11. ჭურჭლეულობით მოვაჭრეთაგან – 5 300 მან; 12. თევზეულობით მოვაჭრეთაგან – 5 100 მან; 13. ევროპული ტანსაცმლის მკერავებისაგან – 4 787 მან; 14. „ბრილიანჩიკებისგან“, მესაათეებისა და ოქრომჭედლებისაგან – 3 800 მან; 15. სააფთიაქო საქონლით მოვაჭრეთაგან – 3 000 მან; 16. საკონდიტრო და საჩაიების მეპატრონეებისგან – 2 950 მან; 17. იმერული შალებით მოვაჭრეთაგან – 2 500 მან; 18. „სტოლიარებისა“ და მეკუბოებისაგან – 2 300 მან; 19. მეპარიკმახერეებისაგან – 2 115 მან; 20. ჭონებისაგან – 1900 მან; 21. ევროპული ქუდების მკერავებისაგან – 1200 მან; 22. მეუნაგრეებისაგან – 1200 მან; 23. თერძებისაგან – 1700 მან; 24. შემთხვევითი შემოწირულება – 155 მან.

ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოს მიერ სულ შეგროვებული 127 672 ათასი მანეთის ოდენობის შეწირულობისაგან, სამხედრო კომიტეტის დადგენილებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს (იმჟამად მინისტრი გახლდათ გიორგი ჟურული, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა ეკავა 1918 წლის 26 მაისიდან 1919 წლის 21 მარტამდე) სათანადო გამოყენებისათვის (სამხედრო საქმისათვის მოხმარების მიზნით) გადაეცა 100 000 მანეთი, ხოლო ქუთაისის გარნიზონის სახალხო უნივერსიტეტის საბჭოს გადაეცა 20 000 მანეთი. აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტრო (იმჟამად მინისტრი გახლდათ გრიგოლ გიორგაძე, რომელიც ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა 1918 წლის 26 მაისიდან 1919 წლის 13 თებერვლამდე).

აღნიშნული გადარიცხვების შესრულების შემდგომ, ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოს სამხედრო კომიტეტის განკარგულებაში, შეწირულობისაგან დარჩა 7572 მანეთი, რომლის მოხმარება განისაზღვრა შემდეგი მიმართულებებით: ხელფასით დაკმაყოფილდნენ სამხედრო კომიტეტის მდივანი და დარაჯი, ხოლო თანხის ნაწილი მოხმარდებოდა კომიტეტის დაწვრილებითი ანგარიშების დაბეჭდვა-დასტამბვას, რომელიც მალე დაიბეჭდა და დაურიგდათ თანხების შემწირველთ. დაბეჭდილ ანგარიშებში ჩაიწერა ყოველი შემწირველი პირის სახელი, გვარი, მამის სახელი და ასევე მის მიერ გაღებული შეწირული თანხის რაოდენობა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ყოველი მიმართულებით ესაჭიროებოდა გაძლიერება, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი იყო სამხედრო სფერო, რომლის გაძლიერებაშიც იმჟამად ფინანსური კუთხით ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭომ ნამდვილად სოლიდური წვლილი შეიტანა.

 
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

ფოტოზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების “გარფორდისა” და “ოსტინის” ფირმის ჯავშანმანქანები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამხედრო აღლუმზე მსვლელობისას, 1920 წელი. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

კომენტარები