მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – რუსეთის მიერ დევნილ-გადასახლებული გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – რუსეთის მიერ დევნილ-გადასახლებული გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე

წმიდა მღვდელმოწამე, გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე (შარვაშიძე; +1822)

მე-19 საუკუნე, დასაწყისიდანვე, განსაცდელებით აღსავსე აღმოჩნდა ჩვენი სამშობლოსა და ეკლესიისთვის. 1801 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, ხოლო 1810 წელს – იმერეთის სამეფო. მომდევნო ეტაპზე, მეფის რუსეთმა ასევე გააუქმა საქართველოს ეკლესიის თვითმწყემსობა, 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოს (მცხეთის) საკათალიკოსოსა და 1814 წელს დასავლეთ საქართველოს (ბიჭვინთა-გელათის) საკათალიკოსოს ავტოკეფალურობა. აღნიშნულ ურთულეს სახელმწიფოებრივ და საეკლესიო ვითარებაში, ერისა და ეკლესიის წინამძღვრობა და საერო და სასულიერო დამოუკიდებლობის გზაზე მეთაურობა ითავეს წმიდა მღვდელმოწამეებმა: ქუთათელმა მიტროპოლიტმა დოსითეოსმა (წერეთელი) და გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფთვიმემ (შარვაშიძე). 2022 წლის 4 მაისს 200 წელი შესწრულდა წმიდა მიტროპოლიტ ეფთვიმე გაენათელის ღმრთივმიცვალებიდან.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე დაიბადა 1746 წელს. ის გახლდათ ძე გურიის ერისთავის, ქრისტეფორე შარვაშიძისა.  1819 წლის 2 ნოემბერს, მეუფე ეფთვიმე იგონებს: „დიდმა მეფემ სოლომონ პირველმა და მისმა ძმამ კათალიკოზმა იოსებმა მომიყვანეს გურიიდან. 61 წელიწადი არის, იმერეთს ვარ, ორმოცდაერთი წელიწადი გაენათელათ ვარ, ოცს წელიწადს მეფეს და მის ძმას ვახლდი და მათი ბრძანება და დაწესება სრულებით ვიცი“. აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იგი 12 წლის ასაკში მიუყვანიათ იმერეთში, ხოლო 1778 წლიდან გაენათის (გელათის) ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი იყო. მიტროპოლიტ ეფთვიმეს ბიძა გახლდათ ჯუმათელი მიტროპოლიტი მაქსიმე (შარვაშიძე), რომელიც მე-18 საუკუნის 70-იან წლებში აღესრულა. არსებობს 1767 წლით დათარიღებული დოკუმენტი, სადაც მეუფე ეფთვიმე მოიხსენიება ჯუმათელად. სავარაუდოდ, იგი გარკვეული პერიოდი გაენათელ-ჯუმათელი გახლდათ, ხოლო შემდეგ გაენათის კათედრას მწყსიდა მიტროპოლიტის წოდებით. შემორჩენილია მიტროპოლიტ ეფთვიმეს ფიზიკური აღწერილობის შესახებ ცნობები: „იგი იყო საშუალოზე მაღალი, ნატიფი აღნაგობის, ფართო შუბლითა და ძლიერ გამოკვეთილი არწივისებრი ფორმის ქართული ცხვირით.“

1778 წელს, მიტროპოლიტ ეფთვიმეს გელათის წმიდა ნიკოლოზის სახ. ტაძარი განუახლებია. მეუფე ეფთვიმე აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს გაერთიანებასა და ამ მიზნის მისაღწევად, თავის მხრივ ქმედით ნაბიჯებსაც დგამდა… გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე, ქუთათელ მიტროპოლიტთან დოსითეოსთან ერთად, ყოველთვის ჩვენი სამშობლოსა და ეკლესიის სასიცოცხლო ინტერესების სადარაჯოზე იდგა. 1810 წელს მღვდელ ყუბანეიშვილისადმი ნაბოძებ წყალობის წიგნში, მიტროპოლიტი ეფთვიმე მოიხსენიებს მიტროპოლიტ დოსითეოსს, როგორც „ქვეყნის მწყემსს“.

მიტროპოლიტ ეფთვიმეს მიმართ გულითადი პატივისცემა გააჩნდა იმერეთის წმიდა კეთილმსახურ მეფეს სოლომონ მეორეს. თბილისში, მთავარმართებელ ტორმასოვთან შესახვედრად წასულ მეფე სოლომონ მეორეს თან ახლდნენ გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე და ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი სოფრონი (წულუკიძე).

იმერეთის სამეფოს გაუქმებისთანავე, მიტროპოლიტი ეფთვიმე და მიტროპოლიტი დოსითეოსი დაუფარავად ქადაგებდნენ და აძლევდენ ერს ლოცვა-კურთხევას ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისათვის. მღვდელმთავრები იმერეთში სამეფო კანდიდატად მოიაზრებდნენ მეფე სოლომონ პირველის შვილისშვილს, დარეჯან ბატონიშვილს ვაჟს, ივანე აბაშიძეს. 1819 წლისთვის, მიტროპოლიტი ეფთვიმე ცხოვრობდა ქუთაისში, მწვანეყვავილას ტაძრის ეზოში მდებარე სამღვდელმთავრო სახლში.

მიტროპოლიტები ეფთვიმე და დოსითეოსი მიუღებელი პიროვნებები და მაღალიერარქები აღმოჩნდნენ რუსეთის იმპერიის მოხელეებისათვის და მეტადრე, საქართველოს ეგზარქოსის თეოფილაქტესათვის, რომელსაც მფარველობას უწევდა იმპერატორ ალექსანდრე პირველის ახლო მეგობარი, რუსეთის სახალხო განათლებისა და სასულიერო საქმეების მინისტრი ა. გოლიცინი. ეს უკანასკნელი მისთვის მიუღებელ იერარქებს იმპერიის სხვადასხვა ადგილებში გზავნიდა. სწორედ გოლიცინმა გამოიტანა განაჩენი, რომ ქუთათელი და გაენათელი მიტროპოლიტებისთვის სამშობლო დაეტოვებინა, მით უფრო, რომ ისინი მიიჩნიეს 1819 წელს იმერეთში მომხდარი საეკლესიო აჯანყების მოთავეებად.

1820 წლის 14 იანვარს, საქართველოს რუსმა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ მიმართვა გაუგზავნა რუსეთის ეკლესიის სინოდს, სადაც ეგზარქოსი იუწყებოდა გაენათელი მიტროპოლიტის ეფთვიმეს მიერ, იმერელი აზნაურის ღვინეფაძის შეჩვენებისა და ეკლესიიდან განკვეთის შესახებ. ამ უკანასკნელს მიუტაცებია გელათის მონასტრის მამული, რომელიც არაერთი შეგონების მიუხედავად არ დააბრუნა და პირიქით, მან მღვდელმთავარს რუსებთან უჩივლა. 1820 წლის 16 თებერვალს პოლკოვნიკი პუზირევსკი გენერალ ველიამინოვს მოახსენებს: „მიტროპოლიტი გენათელი ამჟამად იმყოფება გელათის მონასტერში, 10 კილომეტრის მოშორებით ქუთაისიდან. გზა იქამდე მთაგორიანი და რთულია. ეს საქმე დავალებული აქვს მაიორ ანდრეევსკის. სპეციალური ჯგუფი მის დასაჭერად საჭირო არაა. ყოველ შემთხვევაში ვაგზავნი 2 უნტერ-ოფიცერს. მაიორი ანდრეევსკი გენათელთან ხშირად იმყოფება და მისი იქ მისვლა გენათელის გაოცებას არ გამოიწვევს.“ პუზირევსკი დასძენს: „გადაწყვეტილი მაქვს ჩამოვაცვა ტილოს ტომრები, რომლებიც პირთან იქნება გაჭრილი, ხოლო კისერთან და წელთან ამ ტომრებს თოკი ექნებათ შემოკრული, რადგან ტყვეებმა ერთმანეთი არ იცნონ და ასევე – ადგილობრივმა ხალხმა.“

1820 წლის 4 მარტს, საღამოს, რუსმა მოხელეებმა შეიპყრეს გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე. მღვდელმთავარმა შეინარჩუნა სიმშვიდე, თუმცა რასაკვირველია, დიდი გაოცება გამოხატა მისი ძალით შეპყრობის გამო. ასევე, ამავე დღეს შეიპყრეს ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი. მღვდელმთავრები მათრახების ცემით გაუყენეს გზას… სურამთან ახლოს, ერთ მართლმორწმუნე დედაკაცს მათთვის ცივი წყალი მიუწოდებია, თუმცა სასტიკად ნაცემ მიტროპოლიტ ეფთვიმეს პირიდან ბელტებად წამოუვიდა სისხლი და ჩამოცვივდა კბილები, ხოლო ქუთათელმა მიტროპოლიტმა დოსითეოსმა წამებას ვერ გაუძლო და გზაში აღესრულა. მეუფე დოსითეოსი საიდუმლოდ დაფლეს ანანურის ტაძარში, ხოლო მიტროპოლიტი ეფთვიმე რუსეთის გზას გაუყენეს. მასთან ერთად წაიყვანეს არქიმანდრიტი გრიგოლი, თან ახლდნენ თარჯიმანი, აზნაური იოანე აბულაძე და მსახური, მახარე ცნობილაძე. ისინი ჩაიყვანეს ქალაქ ნოვგორდში. იმპერატორი ალექსანდრე პირველი დიდი პატივით შეხვედრია პეტერ-ბურგში გაენათელ მიტროპოლიტს ეფთვიმეს, თუმცა მეუფე ეფთვიმე არ მოერიდა მის პირდაპირ მხილებასა და საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის დამოუკიდებლობის წართმევისა და ქართველ მამულიშვილთა წამების გამო, მას უწოდა ახალი ნერონი. უნდა შევნიშნოთ, რომ მაღალიერარქისგან ესოდენ გაბედული მხილება უმაღლესი ხელისუფლებისადმი, მრავალთათვის საგულისხმო გახლავთ ამჟამად, თანამედროვე ეპოქაში.

იმპერატორის დაუფარავი მხილების გამო, მღვდელმთავარი გადაასახლეს ოლონეცკის გუბერნიაში და განამწესეს ღირსი ალექნდრე სვირელის სახელობის სვირის მამათა მონასტერში.

მიტროპოლიტ ეფთვიმეს სულიერი მოძღვარი გადასახლებაში გახლდათ მღვდელ-მონაზონი იონა (ხელაშვილი), რომელიც იყო იმერეთის დედოფლის მარიამის კარის ეკლესიის მოძღვარი. სვირის მონასტერში, მეუფე ეფთვიმესა და მის თანხლებ პირებს მოუმზადეს კელიები. მას გამოუყვეს მღვდელმთავრის ყოფილი სასახლე, რომელიც საფუძვლიანად შეუკეთებიათ. შემორჩენილია წერილები, რომელსაც მიტროპოლიტი ეფთვიმე უგზავნიდა თავის სულიერ მოძღვარს, მღვდელ-მონაზონ იონას. უკანასკნელად გაგზავნილი ასეთი წერილი 1822 წლის 2 იანვრით არის დათარიღებული. 1822 წლიდან, მეუფე ეფთვიმე უკვე ხშირად ავადმყოფობდა. ამავე წლის 20 აპრილს მას ჩაუტარდა ზეთისცხების საიდუმლო და ეზიარა უწმიდეს და უხრწნელ სისხლსა და ხორცს უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

მიტროპოლიტ ეფთვიმეს საფლავი გელათის მონასტერში

მიტროპოლიტი ეფთვიმე ღმრთივმიიცვალა 1822 წლის ძვ.სტ. 21 აპრილს. დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო. წესის აგების ჟამს, მიტროპოლიტი ეფთვიმე წამოიწია „დასწერა ჯვარი ვითარცა ცოცხალმან და კუალად მიწვა კუბოსავე და მიიძინა, დაეცათ შიში დიდი მუნ მყოფთა ყოველთავე და აქებდეს ღმერთსა“.

დევნილი მღვდელმთავარი დაკრძალეს სვირის მონასტერში, ყოვლადწმიდა სამების სახ. ტაძრის საკურთხეველში.

გარდაცვალებიდან 183 წლის შემდეგ, 2005 წლის 27 მარტს, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) დიდი ღვაწლითა და სანკტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომოსა და იქ მოღვაწე ქართველი სასულიერო პირების ძალისხმევით, გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე პეტერ-ბურგიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და აეროპორტიდან პირდაპირ მიასვენეს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში, რომელიც რამდენიმე თვის ნაკურთხი და გახსნილი გახლდათ.
3 აპრილს, მიტროპოლიტ ეფთვიმეს ნეშტი ქუთაისში გადმოასვენეს და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახ. ტაძარში დაასვენეს. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე მთელი კვირა აღასრულებდა თავისი დიდი წინამორბედის – მიტროპოლიტ ეფთვიმეს სულის საოხ პანაშვიდებს.

2005 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, გაენათელი მიტროპოლიტის ეფთვიმეს ნეშტი აასვენეს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) ჯერ კიდევ აღუდგენელ საკათედრო ტაძარში, სადაც სამღვდელოებამ, მეუფე ეფთვიმეს სულის საოხი პანაშვიდი აღასრულა. იმხანად, ამ სტროფების ავტორი მთლად 15 წლისაც არ ვიყავი და გახლდით ერთ-ერთი, ვისი მხრითაც ასვენდა მიტროპოლიტ ეფთვიმეს ნაწილები ბაგრატის დიდებულ კათედრალში. ვადიდებ და ვმადლობ უფალს, რომ ამ დიდი ისტორიის მცირე მონაწილე გახლავართ.

2005 წლის 8 აპრილს, გაენათელ მიტროპოლიტ ეფთვიმეს ნეშტი ფეხით მსვლელობით, გალობით ააბრძანეს გელათის მონასტერში.

2005 წლის 9 აპრილს მიტროპოლიტი ეფთვიმე დაიკრძალა გელათის მონასტრის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, კანკელის წინ, მარცხენა მხარეს. მეუფე ეფთვიმეს საფლავის ქვაზე შემდეგი წარწერაა: „ამა ლოდსა ქვეშე განისვენებს გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე შარვაშიძე „სიყრმითგან ვიდრე სიბერემდე სიწმიდის მოყვარე, სამთა მეფეთა მსახურებელი, ეკლესიათა კეთილად შემამკობელი, მარხულობასაცა შინა ქებული.“ აღესრულა წმ. ალექსანდრე სვირელის მონასტერში რუსეთში 1822 წლის 21 აპრილს, შობიდან 76 წლისა. გადმოსვენებულ იქნა 2005 წლის 27 მარტს.“

2005 წლის 27 ივნისს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს მოხსენებით, გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე წმიდანად შერაცხა, უწოდა მას წმიდა მღვდელმოწამე და მისი მისი ხსენების დღედ ახ.სტ. 4 მაისი დაადგინა. წმიდა მღვდელმოწამის, მიტროპოლიტ ეფთვიმე გაენათელის  სახელობის რიგით პირველი ტაძარი ქ. ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს.

შეგვეწიოს წმ. მღვდელმოწამის ეფთვიმეს მეოხება უხვმოწყალე ღმრთის წინაშე!

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები