მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის მკვლელობის ქუთაისური გამოძახილი

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის მკვლელობის ქუთაისური გამოძახილი

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე

ერთი საუკუნე და ხუთი წელი გვაშორებს იმ ღმრთივკურთხეულ მოვლენას, როდესაც 1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოცხადდა და იმავე წლის სექტემბერში ას ექვს წლოვანი საპატრიარქო მწყემსმთავრობის წყვეტის შემდეგ არჩეულ და აღსაყდრებულ იქნა მამამთავარი ივერიის უძველესი სამოციქულო საყდრისა – უწმიდესი და უნეტარესი კირიონი, მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა.

ივერიის სამწყსომ შვება იგრძნო, შვება თვითმწყემსობისა… თუმცა, კაენის ცოდვა, იუდას ღალატთან შერწყმული, იქვე, მზაკვრულად ჩასაფრებულიყო… 1918 წლის 26-27 ივნისის გზაგასაყარზე, მარტყოფის წმიდა ანტონის სავანეში ტყვია გავარდა… ტყვია, რომელიც ახლად დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოსა და ავტოკეფალურ მმართველობაში ახლადაღდგენილ ივერიის სამოციქულო ეკლესიას ესროლეს… მოკლეს  ქართველი ერის დამაშვრალი მწყემსმთავარი, მრავალ ვაებასა და გადასახლებას გამოვლილ-გადარჩენილი და მშობლიურ მიწაზე, შინაური გამცემისგან განწირული კათალიკოზი კირიონი. დაობლდა საქართველოს სამოციქულო ეკლესია, დაქვრივდა საპატრიარქო ტახტი ივერიისა…

განუზომელი იყო მწუხარება საქართველოს ეკლესიის ეროვნულ-სარწმუნოებრივად მოაზროვნე მაღალიერარქიის, სასულიერო დასისა და ქართველი მართლმორწმუნე ერისა. „თითქოს ჩვენი ეკლესიის ხომალდის საჭეთმპყრობელი გიწოდეთ, ნამდვილად კი, ეს საჭე ხელიდან გამოგტაცეთ! ქედმაღლობა, გამძვინვარებული შუღლი, საარაკო თავხედობა და გულფიცხობა ვაწარმოეთ თავის მამამთავრის გარშემო. უკანასკნელი დღენი სიცოცხლისა ჩავუმწარეთ მას და ახალ საქართველოში ეკლესიასაც ძირი გამოვუთხარეთ, არსებობის ნიადაგი გამოვაცალეთ“, – განაცხადა თავის სიტყვაში, დეკანოზმა ნიკიტა თალაქვაძემ, კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის დაკრძალვისას. საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები, თავიანთი ეპარქიების სახელით ღრმა მწუხარებას გამოხატავდნენ უწმიდესისა და უნეტარესის კირიონ მეორის უეცარი აღსრულების გამო. „ალავერდის მრევლი და სამღვდელოება, უზომო მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს პატრიარქ-კათალიკოზის კირიონ მეორის გარდაცვალების გამო. ეკლესიამ დაჰკარგა მისი თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანი. ვევედრებით ღმერთს, განუსვენოს სულსა მათი უწმიდესობისას“, – ნათქვამია ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის (ოქროპირიძე) სამძიმრის წერილში.

კიდევ მეტად აღმატებულად სამწუხაროდ, სავალალოდ და სამარცხვინოდ, კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის მკვლელობით არ დასრულებულა ხსენებული ტრაგედია, არამედ დაიწყო საქართველოს ეკლესიისა და მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის კირიონ მეორის ერთგული სასულიერო იერარქების მკვლელობები. მოღალატის მსახვრლმა ხელმა, სისხლის კალო დაატრიალა ახლადგანთავისუფლებულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის მკვლელობიდან არასრულ სამ თვეში, 1918 წლის 18 სექტემბერს, მოწამვლის შედეგად სიცოცხლეს გამოასალმეს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) – ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი აქტის თანაავტორი, კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ერთგული და თანამებრძოლი მაღალიერარქი, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის კირიონის კურსის აქტიური მხარდამჭერი. 1918 წლის სექტემბერში, ქუთაისის საეპარქიო საბჭო, მოწამეთის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ (შემდგომ ეპისკოპოსი) ნესტორს (ყუბანეიშვილი) სამწუხარო ამბავს ატყობინებდა: „ქუთაისის საეპარქიო საბჭო და სასამართლო მწუხარებით გაუწყებთ, რომ 18 ამა სეკტემბერს, უეცრად თავის ბინაზე გარდაიცვალა მიტროპოლიტი ანტონ ქუთათელი“ (ქ.ს.ი.მ).

მანამ კი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის მკვლელობიდან მცირე ხანში, 1918 წლის 11 ივლისს, ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა ქუთაისში მოიწვია საეპარქიო კრება, სადაც შეიმუშავეს და მიიღეს „განსაკუთრებული საკითხები კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-oს ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგებოდა. პირველ პუნქტში ჩაიწერა: „წინადადება იქნეს შეტანილი იმერეთის საეპარქიო სახლის სახელით საკათალიკოსო საბჭოში, რათა ეს უკანასკნელი მთელი თავისი შემადგენლობით და კათოლიკოსის მოსაყდრით დაუყონებლივ გადადგეს სამსახურიდან… საკათალიკოსო საბჭო მორალურად თანამოაზრეა განსვენებულ კათოლიკოსის ტრაგიკულად და საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებაში.“ ხსენებული მიმართვის მთელი პათოსი მიმართულია იმ მხრივ, რომ მიტროპოლიტი ანტონი, კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის მკვლელობაში პირდაპირ და ირიბად, მორალურად პასუხისმგებლობას აკისრებს მოსაყდრეს, მიტროპოლიტ ლეონიდესა (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) და მის მხარეს მყოფ სასულიერო პირებს, განსაკუთრებით ჟურნალ „ახალი სიტყვის“ რედკოლეგიას, დეკანოზ ქრისტეფორე ციცქიშვილის (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) ხელმძღვანელობით, რომლებიც მიტროპოლიტ ლეონიდეს თანამოაზრეები და კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის დაუფარავი მტრები გახლდნენ…

რთული არაა ლოგიკური პასუხის ამოხსნა, ზემოთ აღნიშნული, პირდაპირი  ბრალდებებით აღსავსე დოკუმენტის მიღებისა და ხელმოწერის შემდეგ, რა „გაურკვეველ“ ვითარებას შეიძლებოდა გამოეწვია მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელის „უეცარი“ გარდაცვალება. ქუთაისის სახელმწიფო ცენტრალურ არქივში დაცულია ცნობა მიტროპოლიტ ანტონის დამკრძალავი კომიტეტის შექმნისა და მისი შემადგენლობის შესახებ: „დაინიშნოს განსაკუთრებითი ცალკე კომიტეტი საწარმოებლად და მოსაწესრიგებლად მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელის გასვენების საქმის, რომელიც შედგეს: ა) სამი სამღვდელო პირთაგან: დეკანოზი ზაქარია მჭედლიძის, მღვდლის იეროთეოზ ნიკოლაძისაგან და მღვდლის ზოსიმე ნემსიწვერიძისაგან; ბ) საბჭოს მხრით: დეკანოზ ივლიანე აბესაძისა, სიმონ ამირეჯიბისა, ხოლო სასამართლოს მხრით, დეკ. მელიტონ კელენჯერიძისა და იაკობ ცინცაძისა, რომელთაც დაემატება წარმომადგენელი ქალაქის სამმართველოსი გუბერნიისა კომისარის (ან კომისიის) მხრით და სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებათაგან. კომიტეტმა უნდა მოიწვიოს ქალაქის ექიმი, ამ (არ იკითხება) ჩვენებით სხვა, განსვენებული მიტროპოლიტის გვამის შესანახავად დაკრძალვის დღემდი.“ მღვდელმთავრის სხეულიდან ამოკვეთილ ნაწლავთა პათანატომიურმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ იგი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძის მტკიცებით, ქუთათელი მღვდელმთავარი მოწამლა საკუთარმა სიძემ, გვარად რედიგერმა, თუმცა, აუცილებლად იარსებებდნენ შემკვეთნი, უსათუოდ კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორისა და თავად მიტროპოლიტ ანტონისადმი მტრულად განწყობილ ძალთა რიგებიდან. ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი დაკრძალეს ქუთაისის საკათედრო ტაძარში, რომელიც სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლებამ სრულად დაანგრია 1924 წლის ზაფხულში, ისე, რომ მიტროპოლიტ ანტონის ნეშტი არ გადაუსვენებიათ. გარდაცვალების შემდეგაც უმტრეს მიტროპოლიტ  ანტონს, არ აღირსეს საფლავი ჰქონოდა, სადაც მადლიერი შთამომავლობა მუხლს მოიდრეკდა მისი წმიდა განსასვენებლის წინაშე, თუმცა უფლისადმი სასოებით გვჯერა, რომ მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელის უკვდავი სული ცათა სასუფევლის მარადიული ზეიმის მონაწილეა.

ფოტოზე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე (საძაგლიშვილი);

თბილელი მიტროპოლიტი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდე (ოქროპირიძე);

ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე);

არქიმანდრიტი (შემდგომში ქუთათელი მიტროპოლიტი) ნაზარი (ლეჟავა).

 

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები