მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შიდასაქალაქო ტრანსპორტის დაწესება ქუთაისში

შიდასაქალაქო ტრანსპორტის დაწესება ქუთაისში

მეოცე საუკუნე მთელი მსოფლიოსთვის მრავალი მნიშვნელოვანი სიახლის (როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური) შემძენი აღმოჩნდა არაერთი მიმართულებით. ერთ-ერთი იყო რიგ ქვეყნებსა და ქალაქებში შიდასაქალაქო ტრანსპორტის დაწესება. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო და მისი ერთ-ერთი უდიდესი და ისტორიული ქალაქი, ქუთაისი გახლდათ.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში არაერთხელ ოფიციალურად განიხილეს ქუთაისში ტრამვაის დაწესება, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებებიც მიიღეს, თუმცა, ქუთაისში ეს საქმე ვერ განხორციელდა და ქალაქი ტრამვაის გარეშე დარჩა. რაც შეეხება ქუთაისში საავტობუსო და სატროლეიბუსო სატრანსპორტო გადაადგილების შემოღებას, ეს მთლიანად მეოცე საუკუნის პერიოდს უკავშირდება.

1934 წელს პირველად დააწესეს ქუთაისში შიდასაქალაქო სვლა-გეზის ავტობუსების მოძრაობა. პირველ ეტაპზე საქალაქო ტრანსპორტის ხაზზე მუშაობდა ოთხი ერთეული ავტობუსი, რომელთა რაოდენობა ეტაპობრივად, მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის მიხედვით გაიზარდა და 1936 წლის დასაწყისისთვის ქალაქს ათი ერთეული ავტობუსი (რვა დიდი, ორი პატარა) ემსახურებოდა. ქუთაისში შიდასაქალაქო ტრანსპორტის დაწესებიდან პირველი ხანების სტატისტიკით ქალაქში 1935 წელს ავტობუსებით ისარგებლა 894 700 მგზავრმა. საშუალო გამოთვლით, წლის მანძილზე, ქუთაისში მცხოვრებმა ერთმა მოქალაქემ 12,2-ჯერ ისარგებლა საქალაქო ავტობუსების მომსახურებით. ეს თავდაპირველი მონაცემები მიუთითებს, რომ ქალაქის მოსახლეობა პირველ ეტაპზე არც თუ ხშირად სარგებლობდა საქალაქო ტრანსპორტით, თუმცა, მომდევნო წლებში მოთხოვნილება და შესაბამისად სტატისტიკაც გაიზარდა.

მეორე მსოფლიო ომის წლებმა მრავალი მიმართულებით შეფერხება გამოიწვია და იმ პერიოდში ქუთაისში დიდად არ განვითარებულა საქალაქო ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობა, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამ მხრივ იყო მნიშვნელოვანი ძვრები: გაიზარდა ქალაქის საავტობუსო პარკი, დაწესდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის ახალი მარშრუტები, დაიწყო საგარეუბნო სატრანსპორტო მოძრაობა ქუთაისთან ახლო მდებარე დასახლებულ პუნქტებამდე.

1949 წელს ქუთაისში შემოიღეს და ამუშავდა ტროლეიბუსები. თბილისის შემდგომ, საქართველოში ქუთაისი იყო მეორე ქალაქი, სადაც ტროლეიბუსის მოძრაობა დააწესეს. პირველ ჯერზე ქუთაისში ტროლეიბუსი მოძრაობდა რკინიგზის სადგურ “ქუთაისი I-დან“ საავტომობილო ქარხნის სპეციალისტების სახლამდე (იმჟამინდელი გორის ქუჩის დასაწყისი). 1960 წლისათვის ქუთაისში ტროლეიბუსი გადაადგილდებოდა ხუთი სამარშრუტო ხაზის მიმართულებით.

უკვე 1960 წელს ქუთაისის ავტოსატრანსპორტო მეურნეობას გააჩნდა სამოცდარვა ერთეული მრავალადგილიანი ავტობუსი, რომელთა უმრავლესობა შიდასაქალაქო ხაზებს ემსახურებოდა. იმავე წელს დააწესეს ოთხი ახალი სამარშრუტო ხაზი, რომლებითაც ქალაქის ცენტრიდან გადაადგილება ხდებოდა მანქანათმშენებელი ქარხნის, რკინიგზის სადგურ „რიონის“, გუმათჰესის დასახლებისა და სხვა განაპირა უბნების მიმართულებებით. 1960 წლის სტატისტიკით ქუთაისში შიდასაქალაქო სატრანსპორტო მომსახურებით ისარგებლა ხუთ მილიონამდე მგზავრმა.

1960-1985 წლებში მრავალი სიახლე განხორციელდა ქუთაისის შიდასაქალაქო სატრანსპორტო მოძრაობაში. ხსენებული ოცდახუთი წლის მანძილზე იზრდებოდა მგზავრთა გადაყვანის სიხშირეც. 1985 წლისათვის ქალაქში მოქმედი იყო შიდასაქალაქო ავტობუსების გადაადგილების ოცდაშვიდი სამარშრუტო ხაზი, ხოლო ტროლეიბუსების – რვა სამარშრუტო ხაზი. სტატისტიკური მაჩვენებლებით 1960 წლისათვის ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში სჭარბობდა ტროლეიბუსით გადაადგილების მოთხოვნილება, ხოლო 1985 წლისათვის ამ მხრივ მკვეთრად დაწინაურებული იყო მოთხოვნილება ავტობუსებით გადაადგილებისადმი.

შიდასაქალაქო სატრანსპორტო მოძრაობის დაწესებით და გაფართოებით მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესდა კომუნიკაციის შესაძლებლობა, რომელიც დიდწილად ფაბრიკა-ქარხნებსა და სასწავლებლებში მიმსვლელთა გადაადგილებაზე აისახა, თუმცა, ამ მხრივაც რჩებოდა მნიშვნელოვანი პრობლემები და მოუწესრიგებელი საკითხები, რაც შემდგომ დროინდელ პერიოდებში კიდევ მეტად გამოჩნდა, თუმცა საერთო ვითარებისთვის ქუთაისში უდავოდ პოზიტიური მოვლენა იყო შიდასაქალაქო ტრანსპორტის დაწესება.

 

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები