მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩემი შვილი ანა გუდავას მსხვერპლია, გარეთ ვერასდროს უნდა გამოვიდეს, რადგან აჩიკოს მსგავსად ბევრს დაღუპავს”

“ჩემი შვილი ანა გუდავას მსხვერპლია, გარეთ ვერასდროს უნდა გამოვიდეს, რადგან აჩიკოს მსგავსად ბევრს დაღუპავს”

22 წლის აჩიკო ბარდაველიძე რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. მას გული გაუჩერდა – მიზეზი აკრძალული ნივთიერების ჭარბი დოზის მიღებაა. ტრაგედია, სოფელ ბარდუბანში, ბარდაველიძეების სახლში პირველ მარტს დილით დატრიალდა.

გარდაცვლილის დედა ამბობს,  რომ ყველაფერი წინა საღამოს სახლში 20  წლის ანა გუდავას მოულოდნელი სტუმრებით  დაიწყო. ანა გარდაცვლილს კარგად იცნობდა, ისინი ბათუმში ბარში ერთად მუშაობდნენ.  სტუდენტი გოგონა აჩიკოს სიკვდილის ერთადერთი თვითმხილველია. ის პოლიციამ  ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით უკვე დააკავა.

თბილისიდან ჩასული ანა გუდავა იმ ღამით ბარდაველიძეებთან დარჩა. დაღუპულის დედის თქმით, ბოლოს ცოცხალი შვილი დილით სამსახურში წასვლამდე ნახა, რამდენიმე საათში კი დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი სახლი პოლიციის ალყაში იყო, სახლში დაბრუნებულს 22 წლის შვილის უკვე გარდაცვლილი დახვდა. იქ იყო ანა გუდავაც, რომელმაც დედის მტკიცებით, სასწრაფო დახმარება დაგვიანებით გამოიძახა, რადგან ბიჭის გადარჩენას თავად ცდილობდა.

“ჩემს შვილს, იმ რაღაცით, გული გაუკრისტალდა… ეს გოგო ჩვენთან ღამის 21:30 საათზე მოვიდა, დილით უკვე გარდაცვლილი იყო ჩემი შვილი…. ნაწვალები ჰყავს, უნდოდა, მოებრუნებინა, მოესულიერებინა, როცა ვერაფერს გახდა, შემდეგ აქვს სასწრაფოში დარეკილი. სასწრაფო ქუთაისიდან საათ-ნახევარში მოვიდა, ამასობაში ჩემი შვილი გარდაცვლილია”, – ჰყვება 22 წლის ბიჭის დედა.

გარდაცვლილის დედა  არ უარყოფს, რომ მისი შვილი ნარკოტიკზე დამოკიდებული ნამდვილად იყო და ამ პრობლემას ოჯახი წლების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბედისწერო დღეს მკვლელი ნარკოტიკი თბილისიდან თერჯოლაში გარდაცვლილს ანა გუდავამ ჩაუტანა, ამიტომ დედა 20 წლის ქალის  სასტიკად დასჯას ითხოვს.

“ჩემი შვილი, არჩილ ბარდაველიძე, ანა გუდავას მსხვერპლია. გარეთ ვერასდროს უნდა გამოვიდეს, რადგან აჩიკოს მსგავსად ბევრს დაღუპავს”, – განუცხადა “შაბათის ეთერს” გარდაცვლილის დედამ.

კომენტარები