მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რომ რიკოთი ნამდვილად არის უსაფრთხო”

“ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რომ რიკოთი ნამდვილად არის უსაფრთხო”

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოწოლილა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, რასთან დაკავშირებითაც გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა. ირაკლი ქარსელაძის თქმითვე, დღეს რიკოთის გზა უსაფრთხოა.

“ამჟამად რიკოთზე დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. ამ რეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყერის კერა. აღნიშნული ვითარების შეფასების საფუძველზე, სპეციალისტების მიერ მიჩნეულ იქნა, როგორც მომეტებული საფრთხე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დროებით დაგვეკეტა, რათა გაგვეფართოებინა გზა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო, ანუ ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რითაც აღნიშნული მონაკვეთი უსაფრთხო იქნებოდა. გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მაქსიმალურად იყოს თავიდან არიდებული პოტენციური რისკიც კი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოწოლილა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა. ჩატარდა შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო. რიკოთის მონაკვეთი უსაფრთხოა ახლა და უსაფრთხო იქნება მშენებლობის შემდეგ.

ოპონენტებმაც ძალიან კარგად იციან და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რომ რიკოთი ნამდვილად არის უსაფრთხო. ეს არ არის ზეპირი მსჯელობა ან ერთი კონკრეტული ადამიანის, თუნდაც მინისტრის მსჯელობა, არამედ დიდი გუნდის ძალისხმევაა. ჩემი ოჯახის წევრები, ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანიც აღნიშნული მონაკვეთით სარგებლობს და გარწმუნებთ, ნამდვილად უსაფრთხოა. მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული საზედამხედველო კომპანია და ყველა ჯგუფი, ექსპერტი. ხარვეზების გამოვლენისას ადეკვატური და დროული რეაგირება ხდება, რომლის ფაქტები პარასკევსაც წარმოვადგინე”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები