მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ცარიზმის პერიოდის ქუთაისელი ხელოსნები

ცარიზმის პერიოდის ქუთაისელი ხელოსნები

მეფის რუსეთის მმართველობის დროინდელ ქუთაისში მრავლად იყო კუსტარული საწარმოები, სადაც ძირითადად ხელით შრომობდნენ.

იმ დროინდელ ქუთაისში ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე იყო მჭედლობა ბაღის ქუჩაზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირის ერთი მონაკვეთიდან ძველ ყაზარმამდე). აქვე მდებარეობდა ეტლების ანუ კარეტების დამამზადებელი კერძო სახელოსნოები.

ქუთაისში „მეკარეტეთა“ გაერთიანებას სათავეში ედგა უსტაბაში ვასილ რუხაძე, ხოლო მთავარი ოსტატი იყო ნიკიფორე გვანცელაძე, რომელიც ამავდროულად იღებდა შეკვეთებს. ვასილ რუხაძემ და მჭედელმა ივანე კაკაურიძემ ხსენებულ ტერიტორიაზე ერთად შეიძინეს სახელოსნო და იქ სამჭედლო გამართეს, სადაც მუშაობდნენ: მჭედლები კონსტანტინე გვანცელაძე და ნიკოლოზ ჩოგოვაძე, უროს დამრტყმელები კალისტრატე კოღუაშვილი და ივანე რუსი. შევნიშნავთ, რომ კონსტანტინე გვანცელაძის მამა და ბაბუაც მჭედლები ყოფილან. მამა ქუთაისში დაბადებულა, ხოლო ბაბუა მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ჩამოსულა სოფელ უკანეთიდან ქუთაისში.

ქუთაისის „მეკარეტეთა“ გაერთიანების დურგლები იყვნენ სერაპიონ, შალვა და ბიქტორ ტყაბლაძეები, მღებავებად მუშაობდნენ მამა-შვილი ონისიმე და გალაქტიონ ფხაკაძეები, ტყავის ხელოსნები გახლდნენ ამბაკო ფაჩუაშვილი, ჯღამაძე, სტუმაკოვი, ხოლო ნალბანდი – კონსტანტინე ბაბუნაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისელ „მეკარეტეთა“ ერთ-ერთი დამკვეთი იყო ცნობილი ექიმი, მედიცინის დოქტორი დიმიტრი ნაზარიშვილი.

1912 წელს ცნობილმა მეეტლემ იოსებ მელიამ სწორედ აქ დაუკვეთა ეტლი, რომელიც იმავე წელს დაახვედრეს აკაკი წერეთელს რაჭა-ლეჩხუმში სამოგზაუროდ. ამ მოგზაურობისას ეტლის სამჭედლო სამუშაოები შეუსრულებია ნიკიფორე გვანცელაძეს.

ქუთაისში ამჟამინდელ ვარლამიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩებზე საქმიანობდნენ: თერძი – მეჩოხე ნიკო მიქელაძე, მექუდეები – ბარათაშვილი და მესხი,  მეხანჯლე – ასლანიშვილი, ხარაზები – ივანე ფხაკაძე და ივლიანე ჯავახაძე, “სტოლიარი“ – ვასილ ფხაკაძე და სხვები.

ახლანდელ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა ზვიადაძის კერძო სახელოსნო, სადაც ამზადებდნენ ბამბუკის საწოლებს.

ყოფილ გიმნაზიის ქუჩაზე (ამჟამად რუსთაველის გამზირი), ქალაქის ცენტრალური ბაღის მოპირდაპირე მხარეს იყო უდალოვისა და ვავილოვის მანუფაქტურის მაღაზიები, ტყეშელაშვილისა და ჩილინგაროვის საშაქარლამოები.

ქუთაისში ცნობილი იყო კუჭავას საკონდიტრო, რომელიც მდებარეობდა მაშინდელ ორპირის ქუჩაზე (ახლანდელი გრიშაშვილის ქუჩა). ამ საკონდიტროში გამომცხვარ ფუნთუშებს დაატარებდა ქუთაისელი გიორგი „მებულკე“, რომლისგანაც, საღამო ხანს, ჩაისა და ყავის სმის დროს, ქუთაისელი ხელოსნები და მათი ოჯახები აქტიურად ყიდულობდნენ ფუნთუშებს.

იმჟამინდელ ორპირის ქუჩაზევე იყო მიხა თუთბერიძის სამიკიტნო.

ქუთაისელ ხელოსნებს იმ დროისათვის საკმაოდ სოლიდური ფინანსური შემოსავალი გააჩნდათ, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ, რომ დროს ტარება, გართობა და ნადიმობა არ მოეკლოთ. ზოგიერთი აქაური ხელოსანი ევროპული ცხოვრების წესის ელემენტებითაც კი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ხელოსანთა ნაწილი ევროპული ტანსაცმლითაც იმოსებოდა.

ხსენებული პერიოდის ქუთაისელი ხელოსნები და მათი საქმიანობა იმ დროის ქუთაისის ისტორიის ერთ-ერთი განუყოფელი და შეიძლება ითქვას, ნამდვილად საინტერესო ნაწილია, რაც ერთგვარ დამახასიათებლად წარმოაჩენს აღნიშნული ეპოქის ქუთაისის და მის მცხოვრებთა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები