მთავარიახალი ამბებიიმერეთი

წუხელ მესიზმრა

წუხელ მესიზმრა

რატომ ვწერ და რატომ დავწერ თეატრზე?

რატომ მჯერა, რომ თეატრში გარემოს გაჯანსაღება ისე, როგორც საგანმანათლებლო სივრცეებში და ამაზე დისკურსი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რიგითი ჩინოვნიკის გადაცდომაზე “ნიუსების“ უსასრულო „შეარები“. საჯარო სამსახურების რიგითი თანამშრომლებისგან განსხვავებით, თეატრში დასაქმებულებს თითქოს არც საკვალიფიკაციო თამასა და არც დროის მოთხოვნათა ცვლა არ ეხება.

კარგია ეს თუ ცუდი? მითუმეტეს ჩვენს ქალაქში, სადაც სფერო თითქმის უკონკურენტოა. თითქოს ამიტომაც, რაც იყო, დღესაც ისე არის და თითქოს სულ ასე იქნება, თუ უფრო ცუდად არა.

თეატრს უყვარს თქმა, რომ ის “ოჯახია“ და ყველაფერი ოჯახის შიგნით უნდა გადაწყდეს, თუმცა სანამ “ოჯახს“ სახელმწიფო მზრუნველობს, ანუ რიგითი მოქალაქეც, ესეიგი უფრო ფართოდ საუბარიც შეიძლება და მეტიც, აუცილებელია 😊.

თეატრი სულის გზაზე გადის. სული კიდე, ფაქიზია.

ფასეულობების შექმნის და დაბადების არამატერიალური ადგილი.

რატომ ვწერ და რატომ დავწერ თეატრზე?

წუხელ მესიზმრა. დავდიოდი ჩვენს ფოიეში, არეული და გადაწყობილი იყო სამხატვრო ხელმძღვანელის ფლიგელი და მიმდებარე ოთახები, ჩემთვის ძალიან ახლობელი და შინაარსიანი.

მერე ცხადშიც დიდხანს გავყევი ფიქრს და იქ ფეხაკრებით მიტანილი სურვილები გამახსენდა – როგორ ავახმაურებდით ახალგაზრდებით ამ დიდებულ გარემოს, როგორ გავხსნიდით კარს, საიდანაც შემოსული ცხოვრების ხმაური არ მოგცემდა მოდუნების საშუალებას. როგორ აღმოვაჩენდით ახალ ტალანტებს და ხელს მოვკიდებდით, გზას მივცემდით, სუბორდინაციას დავარღვევდით, წესებს გადავიდოდით ახალი შემოქმედების ძიებაში.

თავისუფლების სიყვარულს გადავდებდით თაობებს სიტყვით, გრძნობით, ამბით, რომელსაც ყველა სცენიდან მოყვებოდნენ მსახიობები. აქ ყველა კუთხეში შეიძლება თამაშობდეს კარგი არტისტი. სხვადასხვა ფორმით შეიძლება ამბობდეს მის სათქმელს, ექსპერიმენტებს ატარებდეს, ტრადიციულს არ ღალატობდეს, ყველა გემოვნების მაყურებლისთვის ფეთქავდეს დაუზარელი ნიჭით.
არადა, ეს მზესავით შენობა იმდენი სიცარიელის სევდას იტანს…

ყველაზე დარდიანი პანდემიის დროს იყო. ერთი, ან ორი კაცის სრა-საყუდელი. მთელი მისი ფუფუნებით და თეატრის აჩრდილებით დღედაღამე.

რატომ ვწერ და დავწერ თეატრზე?

მიყვარს სცენისმოყვარეთა ეპოქის ის წიგნიერი თაობა (მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის და მერეც), რომელიც უსაზღვრო სამოქალაქო პასუხიმგებლობით, თითოეულ ნაბიჯზე, ჩანაფიქრზე და შექმნილზე, მთელი საზოგადოებისთვის წერდა და განსჯიდა. მიყვარს ეფროს და მისნაირების ძველი ხელნაწერები – შემოწირულობების „კაპიკ-კაპიკ“ ხარჯვის სახალხო დოკუმენტად ქცევის კულტურა. არადა, მაშინ უფრო უნდა ყოფილიყო თეატრი „ოჯახი“, მაგრამ ამ პროცესის შემოქმედები იყვნენ „ოჯახზე“ მაღლა, მაღალი ზნეობის, მაღალი იდეალების და კარგი განათლების ხალხი. იცოდნენ რა მნიშვნელობა ქონდა გაზეთს, ინფორმაციას, სწორ სიტყვას ისტორიისთვის, თეატრის მომავლისთვის, ქალაქის რეპუტაციისთვის, ადამიანებისთვის. ეროვნულები და იდესითვის თავგანწირულები იყვნენ. სახლიდან საკუთარ „ქონებას“ ყიდდნენ და თეატრს აკოწიწებდნენ. დიდებული საქმის დიდებული ხალხი. მათ დაწყებულ ღვაწლზე ვლაპარაკობთ ახლა, რომელიც მერე საბჭოურად გაგრძელდა. ნომენკლატურად იქცა. და ახლაც ამაზე აქვს ნოსტალგია.

საზოგადოებამაც ვეღარ გაიგო რა არის უკეთესი – თქმა, თუ ართქმა? და ამაში შველოდა ხალხის ტკივილს თეატრი. ის ასწრებდა თქმას!
რატომ ვწერ და დავწერ თეატრზე?

გადაიკითხეთ წინა ბლოგები და შევხვდეთ მომავალ ორშაბათს.
p.s.: ამ კვირაში მესხიშვილის თეატრი გასტროლზე მიდის.

წარმატებები, მეგობრებო.

და მჯერა, ვერცერთ სხვა თეატრს ვერ უპოვით ისტორიულ ეზოზე მუშამბის დახეული, უგემოვნო პოსტერების რკალს, რომელიც შეურაცხყოფს საყვარელ სახეებს, სახელებს და ქალაქის/თეატრის გემოვნებას.

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

კომენტარები