მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხალდედან – ორესტემდე/გმირობიდან-გმირამდე

ხალდედან – ორესტემდე/გმირობიდან-გმირამდე

მინდოდა „ხალდესთვის“ მიმეძღვნა ჩემი დღევანდელი ბლოგი.

თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ დმანისის თეატრის გასტროლის შემდეგ, აუცილებლად ვრცლად და დეტალურად ავხსნიდი იმას, რაც ადრე უკვე დავწერე.

დავწერე ქუთაისში მაშინ, როცა პრემიერა თბილისში იმართებოდა და მე ნანახიც არ მქონდა, მაგრამ უკვე ანთებული ვიყავი სახელით „ხალდე“, შეპყრობილი ვიყავი ერთი სოფლის თავგანწირული ბრძოლის ამ სისხლიანი ლეგენდით საქართველოს მაშინდელ/ დღევანდელ/ მარადიულ  ოკუპანტებთან. დავწერე ჩემი გულისაჩქარების იმიტაციით მაყურებლის დისტანციიდან სხვა ქალაქში, სხვა თეატრის მონატრებით. დავწერე შედარებისთვის – აქაური და საზოგადო „სახეების“, თეატრალების, ან უბრალოდ, ადამიანების ორმაგი სტანდარტების მწარე განცდიდან.

ამბავი, რომელიც თეატრალურის სრუდენტებმა (გიორგი სიხარულიძის ჯგუფი) უფროს კოლეგებთან ერთად სცენიდან შეგვახსენეს, იშვიათი გმირობის და თავგანწირვის ისტორია – ცოტა დამცხრალი ემოციით, ცოტაც „საარქივო მასალის“ გამხმოვანებელი მსახიობების დაზოგილი ტრაგიზმით, -შემოქმედებითი გემოვნებით როგორც არ უნდა შეფასდეს, შინაარსით უკვე პატრიოტულია და ამაღელვებელი.

მინდოდა წაველეკე! მონდოდა მეტირა! მინდოდა გული ამომვარდნოდა ამბით, რომელშიც ეს უსაყვარლესი, პროფესიის უკიდეგანობაზე მეოცნებე და ახალი თეატრის დაბადებისთვის გამზადებული ახალგაზრდა გოგო-ბიჭები უკანმოუხედავად დაიხოცებოდნენ ხალდეს პათოსით და ვერ გავიგებდი მარტო სცენის იყო ეს სიკვდილი თუ ცხოვრების,  ნამდვილად.

მინდოდა „ხალდესთვის“ მიმეძღვნა ჩემი დღევანდელი ბლოგი..

მაგრამ ახლა, ამ წუთებში, ჩემი მეგობრები, მზისფერ შენობაში, შუა ღამის რეპეტიციაზე დგანან. ეს მორჩენილი  საათები და მორჩენილი სცენაა ოფიციალური გრაფიკიდან. იმ სამი დღის და სამი ღამის ზევით, რაც „ბუზების“ საპრემიერო ჩვენების მესამე სპექტაკლისთვის გამოეყო ერთი წლის შემდეგ ორესტეს ამბავს.

26 ნომებერს, ზუსტად ამ კვირის შაბათ დღეს, ჟან პოლ სარტრი ისევ შეგვახსენებს თავს უზენაესი ადამიანის ხავილით. ორესტეს ახალი სიცოცხლით წარმოუდგენელი შურისძიების მერე. შურისძიების, რომელმაც საზოგადო სამართლიანობა უნდა აჩუქოს სამყაროს და თავისუფლება  – ადამიანებს!

“ბუზები“! სპექტაკლი, რომელსაც გაჩენის საოცარი, გამორჩეული იღბალი დაყვა! ზუსტად ისე, როგორც ნამდვილ შემოქმედებაში ხდება ხოლმე. თითქოს პიესის სათქმელი, წვალება, ტკივილი, სიძულვილიც, მტრობაც და ნამდვილი ერთგულებაც – რეალურ დროში მატერიალიზდება და ხანდახან ვეღარ გრძნობ, დგამ, თამაშობ, თუ ნამდვილად ორესტეს სამყაროში ცხოვრობ როგორც მართლა ორესტე – თავჩახრილ, მდუმარე, ჟამიანი ადამიანების გარემოცვით, რომელთაც ისევ შენი ყველაზე ღრმა  ტკივილებზე გავლით, შენგანვე  გადარჩენა ჭირდება!

ეს თითქმის მანიფესტია, ადამიანებმა იპოვონ საკუთარი თავი როცა „ცა ცარიელია“, როცა ძაძები ფერადი სიხარულით უნდა შეცვალო, ან ცადო მაინც, თუ გაგიმართლებს. ეს, თითქმის მანიფესტია, რომ შენს დამბადებელ ქალაქზე დიდი და ბრწყინვალე ქალაქი სამყაროში არ არსებობს! ეს, თითქმის მანიფესტია, რომ საკუთარი თავი დაფლითო ახალი მზე რომ ამოვიდეს საკუთარი ხალხისთვის ხვალ! ეს, თითქმის მანიფესტია, რომ მასწავლებლის წინააღმდეგ უნდა წახვიდე, თუ გინდა შენი ბიოგრაფიისთვის დამოუკიდებლად დაიბადო!

ახლა თითქმის შუაღამეა და მე  ცოცხლად  მესმის ხმები, პირველ აქტს როგორ ამუშავებს რეზი (სპექტაკლის რეჟისორი) და რა დაუზოგავად ხარჯავენ  პირველშობილ ენერგიას ამისთვის გიგა (ორესტე), იოანე (პედაგოგი/გამზრდელი) და საბა (ახალგაზრდა იუპიტერი). თავიდან და თავიდან მესმის იოს ხრინწით შეცხადებული სიტყვები-  „რა ეშმაკმა  ჩაგაგონა აქ წამოსვლაააა“- დიაგონალზე რომ გადასერავს დარბაზს.. თავიდან და თავიდან იმეორებს გიგა მისი სუფთა სულიდან ამოსულ, დაგუდული მონატრების, მუცელში ჩატოვებული ცრემლებიდან ამოწურულ სიტყვებს – „მეეე.. აქ დავიბადე“.

ამ სპექტაკლში ადამიანები იხოცებიან და თავიდან იბადებიან.

აქ ყველაფერია, რაც უნდა განსაჯო და გაკიცხო.

აქ ყველაფერია, რაც კაცობრიობას გაჩენის დღიდან აკივლებდა, ატირებდა და აბედნიერებდა.

26 ნოემბერს, ამ კვირის შაბათ დღეს, ჟან პოლ სარტრი და ჩვენი ბიჭები/გოგოები მოგიყვებიან ორესტეს შურისძიებაზე, რომელიც შეგძრავს, შეგაშინებს და თუ ორესტესავით მართალი კაცი ხარ, შენც თავიდან დაიბადები.

იმედი მაქვს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ორჯერ გადამწვარი განათება „ბუზების“ პრემიერას არ შეუშლის ხელს. რადგან, რამდენადაც მწარე იყო მეგობრობაც, მტრობაც და ბედისწერაც ამ სპექტაკლის შექმნის დროს, იმდენად ნათელი იყო ფინალი!

გელით. და არა მარტო კარგი სიტყვების მოსასმენად.. ფორმალური ტრადიციების გარეშე. არეულ, არათეატრალურ და თეატრალურ მაყურებელს. ყველას, ვისაც მძაფრი განცდები და შიშველი ნერვი მოგენატრათ  სცენიდან. და ვისაც კრიტიკა გიყვართ. რადგან თეატრს უხდება/ჭირდება არდაზოგვა, ახალი ენერგიით თავი რომ იცოცხლოს!

თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ დმანისის თეატრის გასტროლის შემდეგ, აუცილებლად ვრცლად და დეტალურად ავხსნიდი იმას, რაც ადრე უკვე დავწერე.…….  

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები