მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

31 დაღუპული, 2 დაკარგული – ერთი თვე შოვის სტიქიიდან

31 დაღუპული, 2 დაკარგული – ერთი თვე შოვის სტიქიიდან

რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ერთი თვე გავიდა. 30 დღეა, სტიქიური მოვლენების ადგილზე სამძებრო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის რაჭაში 31 ადამიანის ცხედარი ნაპოვნი, 2  მოზარდს კი ისევ ეძებენ.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, ღვარცოფი მოვარდა. ტალახის და ლაფის რამდენიმე მეტრიანმა მასამ მოულოდნელად  დაფარა მთელი შოვი. გზად გადაურა კოტეჯებს, სადაც ადამიანები ისვენებდნენ. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, მანქანები, უზარმაზარი ხეები. ჰექტარობით ტერიტორია ტალახის მასად იქცა.

ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველები ადგილზე მალე მივიდნენ, მაგრამ სტიქიის მასშტაბის გამო, მუშაობა გაუჭირდათ. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე საღამოს ჩაფრინდა, მომხდარიდან სამი საათის შემდეგ. იმ ღამეს ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანა.

სამაშველო სამუშაოები, რომელშიც მაშველებთან ერთად ჯარისკაცებიც არიან ჩართული,  გასცდა იმ ტერიტორიას, სადაც ღვარცოფი ჩამოვიდა. ცხედრებს უკვე 60 კილომეტრის რადიუსში, მდინარეების კალაპოტში ეძებენ.

კომენტარები