მთავარისაზოგადოებასლაიდი

“საზოგადოებასთან ურთიერთობა წინასწარგანზრახული პროცესია”- ნათია მატარაძე

“საზოგადოებასთან ურთიერთობა წინასწარგანზრახული პროცესია”- ნათია მატარაძე

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო,  infoimereti.ge ცნობილი კომპანიებისა და სამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებს უფრო ახლოს გაგაცნობთ. რუბრიკის მორიგი სტუმარი ნათია მატარაძეა.

ნათია მატარაძე მაღაზიათა ქსელ “ფემილი” – ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია.  პიარის სფეროში მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილების შემდეგ გადაინაცვლა.  კერძო კომპანია “ფემილი”-მდე კი, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და 6 წლიანი   საჯარო სამსახური იყო. ფიქრობს, რომ პიარის ცნება ყოველდღიურად იცვლება, მისი თქმით,  პიარმენეჯერს ახლა ბევრად მეტი უნარი სჭირდება იმისათვის, რომ მისი საქმიანობა ეფექტური, პროდუქტიული, კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი იყოს.

– რა პროფესიის ხართ?

-პროფესიით ვარ სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი (მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტი) და საჯარო მმართველობის მაგისტრი.

– პიარის სფეროში როგორ გადმოინაცვლეთ?

-პიარის სფეროში სხავდასხვა მედია საშუალებებში: საინფორმაციო სააგენტოები, რადიო „იმედი“ და ასევე, კავკასიის ბიზნესის სკოლაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის შემდეგ გადმოვინაცვლე. ყოველთვის მაინტერესებდა და მიზიდავდა საზოგადოებასთან ურთიერთობა და ტელევიზია, მქონდა ამ მიმართულებით შემოთავაზება და რაღაც პერიოდის განმავლობაში განვიცდიდი, რომ ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენე. თუმცა, ახლა მიმაჩნია, რომ ჩემს ახლანდელ ცხოვრების წესს ტელეჟურნალისტიკას ნაკლებად შევუთავსებდი. გარდა ამისა, საჯარო სამსახურშიც მინდოდა ბედის ცდა. 7 წლის წინ სულ შემთხვევით გავიგე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ, რამდენიმე საათი იყო დარჩენილი დროის ამოწურვამდე, ბოლო წუთებში შევავსე CV და როგორც აღმოჩნდა საკმაოდ იღბლიანად.

– რას ნიშნავს თქვენთვის PR ?

-პიარი დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო, მზარდი და მოთხოვნადი პროფესიაა. თანამედროვე სამყაროში, როცა მომსახურების თუ ნებისმიერ სხვა ტიპის ბაზარზე ასეთი დიდი კონკურენციაა, მომხმარებელზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს კომპანიის იმიჯი. რატომღაც დღესდღეობით პიარმა ნეგატიური დატვირთვა შეიძინა და უფრო მეტად ტყუილთან აიგივებენ, თუმცა ჩემთვის PR საზოგადოებისთვის ინფორმაციის გასაგებად, სწორად და კარგად მიწოდების საშუალებაა. საზოგადოებასთან ურთიერთობა ეხმარება ადამიანს, პროდუქტს თუ კომპანიას, რომ მასქსიმალურად წარმოაჩინოს მისი დადებითი მხარეები და სწორი კომუნიკაცია აწარმოოს სამიზნე აუდიტორიასთან.

– რა ეტაპზეა ჩვენს ქვეყანაში პიარის განვითარება?

-პიარი ჩვენს ქვეყანაში უფროდაუფრო დიდ დატვირთვას იძენს, ეს არც არის გასაკვირი, რადგან გლობალიზაციის პერიოდში ვცხოვრობთ და საერთო ტენდენციები სწრაფად ვრცელდება. თუმცა, ჯერ ჯერობით ჩვენთან საზოგადოებასთან ურთიერთობა უფრო მეტად პრეს რელიზთან, მედიასთან კომუნიკაციასთან და მსგავსი ტიპის აქტივობებთან ასოცირდება. მაგრამ, ამ პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდების ანალიზი, მომხმარებლის ქცევის შესწავლა, ამ ქცევის კორექტირება თუ ცვლილებისკენ ბიძგება არის. ბოლო წლებში პიარში ბევრი ინოვაცია და ტრენდი გამოიკვეთა. საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადატრიალება სოციალურმა მედიამ მოახდინა, კერძოდ, Facebook-მა. მომხმარებლის ჩართულობა გაიზარდა მნიშვნელოვნად და უკურექციის გაგების შესაძლებლობა, პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება შეგიძლია საკუთარ მომხმარებელთან. სხვადასხვა ტრენდია პერიოდულად – ერთი პერიოდი იყო გიფების ბუმი, შემდეგ ვიდეოები, მიმები, სთორები – ასეთი ტიპის ტრენდებს თუ არ მისდიე, შენი კონტენტი უკვე უინტერესო ხდება სამიზნე აუდიტორიისთვის. და კიდევ ერთი, საზოგადოებასთან ურთიერთობის უმთავრესი დანიშნულება და პრინციპი გუშინაც იყო და დღესაც არის შემდეგი: „არ დაუჯეროთ რასაც ვამბობთ – მოუსმინეთ, რასაც ჩვენზე ამბობენ“.

– პირადად თქვენთვის, როგორც პიარის სპეციალისტისთვის, ეს სფერო რითია საინტერესო?
-ინფორმაცია არის ყველაზე მძლავრი იარაღი და ძალიან საინტერესოა, როცა თავად კონტენტის შექმნის პროცესის მონაწილე ხარ. საზოგადოებასთან ურთიერთობა წინასწარგანზრახული პროცესია, რადგან იგი აკვირდება, აანალიზებს გარემოს და საზოგადოებას – მათ განწყობებსა და დამოკიდებულებებს. იგი წინასწარ განსაზღვრავს იმ ტენდენციებსა და მიდგომებს, რომელიც მომავალში იმუშავებს კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე. და ეს ნაფიქრი და დაგეგმილი სტრატეგია, როცა ამართლებს და მუშაობს – ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ამ პროფესიაში მომწონს, ასევე ის რომ არ არის რუტინული სამუშაო. გაქვს თავისუფლებისა და თვითშემოქმედების საშუალება. საზოგადოებასთან ურთიერთობა მისი განვითარების ყველა ეტაპზე ასოცირდებოდა სანახაობასთან, პიარი ქმნის სანახაობას, საინტერესო და შემოქმედებით მოვლენებს, რათა მიიქციოს ყურადღება კომპანიის პროდუქტის ან საქმიანობის მიმართ. მუდმივი ფიქრი იმაზე თუ როგორ შექმნა უკეთესი სანახაობა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას.
-რა საერთო და განმასხვავებელი აქვს საჯარო სამსახურისა და კერძო კომპანიის პიარს?
–საჯარო სამსახურიდან კერძო სექტორში გადმონაცვლება კიდევ ერთი გამოწვევაა ჩემთვის, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებია საჭირო. საჯარო სექტორში უფრო დოგმებში და ჩარჩოებში ხარ მოქცეული, აუდიტორიასთან ვერ ურთიერთობ თავისუფლად, გიწევს რომ მიყვე არსებულ კლიშეებს და სისტემას. ეს გახდა 6 წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურის დატოვების ყველაზე მთავარი მიზეზი. როცა სამუშაო იქცევა რუტინად და აღარაფერი აღგაფრთოვანებს ვფიქრობ, რომ ასეთ ადგილს დროულად უნდა გაეცალო. მაღაზიათა ქსელი „ფემილი“ კომპანია, რომელშიც ახლა ვმუშაობ, მუდმივად განახლებაზეა ორიენტირებული, რაც თავისთავად შენც გიბიძგებს განვითარებისკენ. ეს არის სფერო, სადაც ძალიან სწრაფად იცვლება ყველა მონაცემი და ერთი წუთით ჩამორჩენა უამრავ გაშვებულ შესაძლებლობას ნიშნავს. ამ ეტაპზე ჩემი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა, აუდიტორიასთან კომუნიკაციის არხების დახვეწა და ბევრი ლოილაური მომხმარებლის აკუმულირება. მჯერა, რომ არსებულ გუნდთან ერთად, ეს მიზანი მიღწევადი და შესრულებადია.
– დროის რა ნაწილს უთმობთ სამსახურს?
-ზოგადად, საზოგადოებასთან ურთიერთობა არ არის საქმე განსაზღვრული საათებით, გააჩნია რა ტიპის კამპანია გაქვს დაგეგმილი. მქონია შემთხვევები, როცა ღამის 12 საათზე დაწყებულა ჩემი სამუშაო დღე. თუმცა, ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ჩემი ოჯახური მდგომარეობა ამის საშაულებას არ მაძლევს და მაქსიმალურად ვცდილობ მოვერგო ამ რეალობას.
– საყვარელი საქმიანობის გარდა, კიდევ რით ხართ დაკავებული?
-სამსახურის გარდა მთელი ჩემი დრო ეკუთვნის ოჯახს, ჩემს ხუთი და სამი წლის ბიჭებს, რომლებთან ურთიერთობაც, მათი სწორად აღზრდა და განვითარება საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა. ზოგადად, არ მივეკუთნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებისთვისაც კარიერა ყველაფერია. მასლოუს პირამიდას თუ განვიხილავთ, თვითაქტუალიზაციას ვერ აღწევს ადამიანი, რომელიც არ არის შემდგარი ოჯახში. ვიცი, ბევრი შემეწინააღმდეგება, თუმცა მე ვეთანხმების მასლოუს.
რა რჩევებს მისცემდით დამწყებ პიარ სპეციალისტებს?
-ჩემს მომავალ კოლეგებს ვურჩევ, რომ რაც შეიძლება საწყისი ეტაპიდან დაიწყონ პრაქტიკის მიღება, რადგან ეს არის სპეციალობა, სადაც ყველაზე მეტს სწორედ შენ მიერ და შენი ჩართულობით განხორციელებული აქტივობებიდან იღებ. უნდა იყვნენ კარგი მსმენელები და მუდმივი ანალიზი მოახდინონ ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენების, რადგან შეძლონ ზოგადი ტრენდების გამოვლენა. ღიაობა, მიმღებლობა, კომუნიკაბელურობა, პოზიტიური განწყობის შექმნის უნარი – არის აუცილებელი, ასევე ამ პროფესიაში.
– რას ეტყოდით მედიას, რომელიც ალბათ ყველაზე ხშირად მოგმართავთ?
-ჟურნალისტებს ერთადერთი, რაც შემიძლია ვუთხრა არის ის, რომ იყვნენ მართლები, როგორც აუდიტორიასთან, ასევე საკუთარ თავთან. არ მაქვს ილუზია და ვიცი, რომ ყველაზე ძლიერი დემოკრატიის ქვეყნებშიც კი არ არსებობს აბსოლუტურად მიუკერძოებელი მედია. თუმცა, პროპაგანდად ქცეული მედია ჩემთვის მიუღებელია. რა თქმა უნდა, წარმატებას და გამძლეობას ვუსურვებ ყველა ჟურნალისტს, რადგან ზუსტად ვიცი რამხელა შრომას და ნებისყოფას მოითხოვს ეს პროფესია. აუდიტორია ხედავს მხოლოდ აისბერგის წვერს, ყველაზე მთავარი აქ „backstage” – ზე ხდება.

კომენტარები