მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქალაქი ქალაქში -როგორ გრძელდება ცხოვრება ხონის დევნილთა დასახლებაში

ქალაქი ქალაქში -როგორ გრძელდება ცხოვრება ხონის დევნილთა დასახლებაში

ახლა 2021 წლის სექტემბერია… ქართული შემოდგომა ოქროსფერი ფერებითა და სიმსუყით ყოველწამს იკრებს ახლებურ ხიბლს, ადგილობრივი არჩევნების თარიღიც მოდის, თუმცა ჩემი რეპორტაჟის მთავარი თემა წუთით არ ტოვებს გონებას და მახსენდება, რომ სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერი ახლოვდება _ დღე, როდესაც ქართულ-აფხაზურ შეიარაღებულ კონფლიქტს (1992-93 წწ), რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა, გადამწყვეტი ბრძოლა და შედეგად ქართველთა ერთერთი უდიდესი დამარცხება, 10 ათასზე მეტი დაღუპული ქართველი, მალე კი ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტოიაში… გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილდევნილი და კონფლქტის ზონიდან მიგრაციის მსხვერპლი გახდა.

 და უკვე 29-ედ ახლდება საკუთარ ქვეყანაში მიგრირებულთა ტკივილი, რომლის დასრულებას პირი არ უჩანს…

…მივდივარ 29 ათასიანი ხონის მუნიციპალიტეტის დასავლეთ მხარეს მდებარე „დევნილთა დასახლებაში“ და თვალს ახარებს ხელახალ სიცოცხლედ ქცეული 650 ოჯახის 1 700-მდე დევნილის ცხოვრება _ ლამაზი, ჭკვიანი აფხაზეთელები, ახლად აშენებული ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი, ევროპული დონის კულტურის სახლი, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ არსებული ყვავილებად ქცეული მიწის თითოეული გოჯი, დევნილთა დარგული მრავალწლოვანი თუ მსხმოიარე ხეები, ახლადჩაყრილი თუ უკვე მტევნებად ქცეული ვენახი… თუმცა, ყოველთვის არ იყო ასე: აქ ჯერ ისინი ცხოვრობდნენ და „ამყარებდნენ სამხედრო წესრიგს“, ვინც მერე ჩვენი ყველაზე მდიდარი და არაჩვეულებრივი მიწის _ აფხაზეთის ოკუპანტად იქცა, იქაურები საკუთარი შრომით ნალოლიავები ოჯახებიდან სინანულის გარეშე, შეუბრალებლად გამოყარა და მიგრანტებად აქცია  _ ზოგი უცხოეთში მიმოფანტა, ზოგიც _ სამშობლოს სხვადასხვა რეგიონში და ხონში მიგრირებულთ მხოლოდ ოკუპანტისგან გაძარცვული დასახლება და ოთხ კედლად ქცეული ბინები შერჩათ ხელთ საცხოვრებლად…

ვინ იფიქრებდა, ამდენი წელი თუ გაუძლებდნენ, ტკივილს შეეჩვეოდნენ, დამკვიდრდებოდნენ და ხონში ცხოვრებას ჯერ ლტოლვილის არასწორი, მერე კი დევნილის სტატუსით გააგრძელებდნენ, აქაურობის გალამაზებასა და კეთილმოწყობაზე იზრუნებდნენ მუნიციპალურ თუ, დონორ ორგანიზაციებთან ერთად…

 

საომარი კონფლიქტით გამოწვეული მიგრაცია ყველაზე მტკივნეულად აღსაქმელი და დასაწერად რთული მგონია ჟურნალისტებისთვის, თუმცა ემოციის გარეშე არც არაფერი შექმნილა, არამცთუ სტატიები.

  მე ახლა რეპორტაჟის მოსამზადებლად (რომელშიც პოზიტივის, ადამიანური თანაგრძნობის, ემპათიის,  გაჭირვებაში მოძმისთვის ხელის გაწვდენის ისტორიების მოყოლას შევეცდები ქართველი თუ უცხოელი ექსპერტებისთვის) ის ადამიანები უნდა ვნახო, ვინც ყველაზე უკეთ იცის მიგრირებულთა დღევანდელი ყოფა, მათი მიზნები, ოცნებები და ნამდვილ ამბებად გვიამბოს, თუ როგორ შეიძლება სულის ფერფლიდან აღდგენა, ღვთის ნაჩუქარი სიცოცხლის გაგრძელება და ახალი ქალაქ-დასახლების წარმოქმნა ისტორიულ ქალაქ ხონში.

     დასახლების ჯვართამაღლების ტაძრის (ტაძარმა ფუნქციონირება გასული წლის 27 სექტემბერს დაიწყო) მოძღვარმა, პროგრესულად მოაზროვნე, ახალგაზრდა მღვდელმა დავით ნაჭყებიამ საომარი კონფლიქტის გამო მიგრაციის საშინელებაზე საჯაროდ პირველი ინტერვიუ სწორედ ამ პროექტისთვის მოგვცა:

   2001 წლიდან დავითმა მეგობრებთან ერთად დაიწყო ტაძარში სიარული. 2004 წელს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ მეუფე საბას ლოცვაკურთხევით ჩააბარა თბილისის სასულიერო სემიანარიაშირომელიც 2008 წელს დაამთავრა და აკადემიაში გააგრძელა თავისუფალ მსმენელად სწავლაგანათლების მიღების შემდეგ დაბრუნდა დასახლებაშიშექმნა ოჯახი, 2015 წელს გახდა მღვდელი.

  _ ღვთის ნებაა, რომ სწორედ ახლა დაინტერესდით ჩემი, როგორც მიგრანტის, ასევე დასახლების ისტორიით. ძნელი გასახსენებელია, 1993 წელს ოკუპანტთან კონფლიქტის გამო თუ როგორ გავხდით იძულებულნი, დაგვეტოვებინა მშობლიური კერა… მამა ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და დედასთან ერთად მე და ჩემს ძმას მოგვიწია სვანეთიდან ურთულესი გზის გამოვლა… იმ დროს დავკარგეთ რვა წლის მამიდაშვილი, რომელიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება… მაშინ 6 წლის, პირველკლასელი ვიყავი, ჩემი ძმა _ ოთხის. ორი წელი ჩემს დედულეთში, მარტვილში მოგვიწია ცხოვრება. ხონში 1995 წელს გადმოვედით. აქაურებთან შეგუება მაინცდამაინც არ გამიჭირდა, რადგან დევნილი ბავშვები განსაკუთრებულ სითბოს და ზრუნვას ვგრძნობდით მასწავლებლებისგან, ადგილობრივებისგან… არასოდეს მქონია დაჩაგრულის განცდა, მაგრამ ჩემს ოჯახში უფროსები მუდმივად საუბრობდნენ აფხაზეთში დაბრუნებაზე, მე კი ყოველთვის გულისყურით ვისმენდი მათ სიტყვებს და გულის სიღრმეში ბავშვურ სევდას დავატარებდი სულ… ძალიან რთულია ამის გახსენება.

როდესაც მიგრაცია საკუთარი ნება-სურვილით ხდება, არ არის მტკივნეული. დევნილობა კი საკუთარ ქვეყანაში ტრაგედიაა არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი სახელმწიფოსთვის… როცა ვადარებ ჩემი ბავშვობისდროინდელ დასახლებას და ახლანდელს, ძალიან დიდი სხვაობაა. მოგვიწია უშუქობის, უწყლობის, პურის რიგის და სხვა პრობლემების პირისპირ შეჯახება. მადლობა ღმერთს, დღევანდელი მოცემულობა რადიკალურად განსხვავებულია. ამისთვის ყველა ვიბრძოდით და თუმცა ჩემი წვლილი დევნილთა დასახლების განვითარებაში მცირედია, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას დევნილების უფლისკენ მიმავალ გზაზე, ამისთვის ძალას არ დავზოგავ. ახალგაზრდები არიან მოტივირებულნი, შრომისმოყვარე, უყვართ თავიანათი უბანი და დიდი წვლილი შეაქვთ, რომ აქაურობა იყოს თანამედროვე, სუფთა… მიყვარს ხონი და ჩვენი დასახლება, მაგრამ ყველაზე დიდი ოცნებაა, საკუთარ მშობლებთან და შვილებთან ერთად დავბრუნდე ჩვენს მიწაზე _ აფხაზეთში… ადამიანისთვის რთულია საკუთარი სახლის დატოვება და საცხოვრებლის შეცვლა… ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანებისგან მიგრძვნია ჩემი „ჩამოსულობა“, რომ მე მათი საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი არ ვიყავი, მაგრამ… ღმერთი ხომ სიყვარულია, რომელიც მოგვიწოდებს: „იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ.“

    საინტერესო, ბევრისმთქმელი და ემოციურია ინტერვიუ დევნილთა საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელსა და ხონის საკრებულოს წევრობის კანდიდატ ბაჩანა ბასილაიასთან :

  _ ბაჩანა, როგორ გაიხსენებ ხონში ჩამოსვლასა და დამკვიდრებასგახსოვთ თუ არა მშობლების მიერ თქვენს ჩუმად შეფასებული შექმნილი სიტუაცია?

_ აფხაზეთის დაკარგვის პერიოდში ვიყავი ექვსი წლის. სექტემბრის ბოლო დღეებში, სოხუმის დაცემის შემდეგ მოგვიწია მშობლიური კერიდან იძულებით წამოვსულიყავით. ახლაც მიკვირს, მე და ჩემსავით პატარებმა სვანეთის უღელტეხილი როგორ გამოვიარეთ, ძალიან ცუდად კი არა, საშინლად მახსენდება ის დღეები წარმოუდგენლად რთული ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო. ყველანაირი რესურსის, საკვების გარეშე გვიწევდა  ფეხით გადაადგილება დედებს და ბავშვებს, რადგან მამები სად იყვნენ ჩარჩენილნი, ეგეც არ ვიცოდით… მოვდიოდით პატარები ბებიებთან, დედებთან ერთად შიშში, გაურკვევლობაში, ნამდვილ ჯოჯოხეთში და გვიწევდა რიგში დგომა თვითმფრინავებიდან გადმოყრილი საკვებისა და გასათბობის საშუალებების მოსაპოვებლად… საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწია არა ზუგდიდისა და ენგურის გზით გამოსვლა და მარტივი გზის ნახვა, არამედ სვანეთის უღელტეხილით სიარული, სადაც ასევე ძალიან რთული ვითარება იყო, რადგან იქ მყოფი ძალები ცდილობდნენ ხალხისთვის ჩამოერთვათ საკვები და წამოღებული ნივთები, რაც ორმაგად ართულებდა ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას… კარგად მახსოვს, ბავშვებს ფეხით სიარული როგორ გვიჭირდა, ვიღლებოდით, მერე ძალას მოვიკრებდით, ოც მეტრს გავირბენდით და დასასვენებლად გორაკებზე მივეყრებოდით _ მშობლებს და ახლობლებს კი არ შესწევდათ იმის უნარი, ახუტებული ვეტარებინეთ, მათ ჩვენს მოვლასთან ერთად სხვა საზრუნავიც ჰქონდათ: მოეპოვებინათ საკვები ჩვენთვის და დაეცვათ ნივთები ოკუპანტებისგან ისევ ჩვენ გამო… პატარები ვიყავით, მაგრამ ვხვდებოდით, რომ წაგვართვეს ბავშვობის სახლები, ჩვენი ტერიტორია… გავიარეთ წნეხის, ტანჯვის, ფსიქოლოგიური ნგრევის ენით უთქმელი პერიოდი, რომელიც ისე დაილექა ჩვენს ცნობიერებაში, არასდროს წაიშლება, ბავშვობის ყველაზე ემოციური ასაკი მე და ჩემს თაობას ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება, როგორც დაუამებელი ტკვილი.

_ სახლიდან წამოღებული ნივთები ახსენეთ, ბაჩანა…

_ ერთადერთი ნივთი, რომელიც მე გადმოვიტანე აფხაზეთიდან და არ მომიშორებია ხელიდან, იყო ზღაპრების წიგნი, რომელსაც „რწყილი და ჭიანჭველა“ ერქვა და მასში რამოდენიმე ზღაპარი ეწერა. წიგნი სქელყდიანი და მძიმე იყო, მე კი გულში ჩახუტებულმა მოვახერხე მისი გადმოტანა.

ბავშვობის ასაკში გრძნობდით თუ არარას ნიშნავდა შიდა კონფლიქტის გამო მშობლიური კუთხისა და სახლის იძულებით დატოვება და რა ფერებში გახსენდება წლებირომელიც ფერადი უნდა იყოს ყველა პატარისთვის?

_ როგორი ფერებით მახსენდება ჩემი ბავშვობა? 1992-93 წლებში ხდებოდა სოხუმის და მთლიანად აფხაზეთის დაბომბვა… ბავშვებს მოგვიწია უარის თქმა ეზოში გამოსვლასა და თამაშზე, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ბომბი დაგვცემოდა… გვქონდა მუდმივი შიში და სტრესი… ვხედავდით ფატალურ მომენტებს… გარდამეცვალა ახალგაზრდა ბიძა, 19 წლის მეზობლის ბიჭი… ვხედავდით, ყოველდღიურად ათობით როგორ იხოცებოდნენ 16-17-18 წლის ახალგაზრდები… რთული იყო იმის გაცნობიერება, თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს.

რაც შეხეება ფერად ბავშვობას, მე და ჩემს თაობას ბავშვობა არც გვქონია. შეიძლება, დღევანდელ ბავშვებსაც აკლიათ რაღაც დეტალები ფერადი ბავშვობისთვის, მაგრამ ჩვენს ბავშვობასთან შედარება არ შეიძლება _ ჩვენ თითქმის არ ვსაუბრობდით, გართობაზე, დაბადების დღის გადახდასა და სათამაშოზე ოცნებაც არ შეგვეძლო, ჩვენ საკვებიც არ გვქონდა, რომ გვეჭამა.

ამ ყველაფერს ემატებოდნენ ადამიანები, რომლებსაც გათავისებული არ ჰქონდათ, რას ნიშნავდა ოკუპაცია და გვეძახდნენ ლტოლვილებს… მადლობა ღმერთს, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ და შეგვიკედლეს, დაგვეხმარნენ ცხოვრების ხელახლა დაწყებაში.  ესენი იყვნენ ნათესავები, ახლობლები, უბრალოდ, კეთილი ადამიანები. აღვნიშნავ, რომ ხონის მოსახლეობა გამოირჩეოდა სიკეთით _ ეს იყო ერთადერთი დადებითი, რისი გახსენებაც შეიძლება. შემდგომში ძირითადი ჩვენი ნაწილის ჩასახლება მოხდა ხონის სამხედრო დასახლებაში, სადაც არანაირი პირობა არ იყო საცხოვრებლად, გვაწვიმდა ისე, როგორც გარეთ წვიმდა, არ იყო შეშა და ხდებოდა პურის დარიგება, პური მაშინ მთელ ქვეყანაში ჭირდა.

ასე ჩაიარა ჩვენმა ბავშვობამ მუქ ფერებში, მაგრამ ყოველივე ამან გაგვაძლიერა და გვასწავლა სირთულეების დაძლევა. უმეტესობამ შევძელით გაგვეცნობიერებინა არსებული ვითარება და გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ არსებული საზოგადოების სრულფასოვან წევრად გვეგრძნო თავი.

_ მიგრაცია… მიგრანტი… დევნილი… თქვენ გაიზარდეთ… მებრძოლი ბიჭიდან წარმატებულ მოქალაქედ ჩამოყალიბდით… მრავალი წელი ლტოლვილის სტატუსმინიჭებულნი დიდ ტკივილთან ერთად ამ შეურაცხმყოფელ სახელსაც ატარებდით… გვიამბეთ, რა როლი მიგიძღვით დასახლების განვითარებასა და წინსვლაში?

_ ბავშვობიდანვე ყველაფერს ვაკეთებდი დასახლების განვითარებისთვის. როცა შესაძლებლობა მეძლეოდა ვერთვებოდი ყველა სახის საგანმანათლებლო ტრენინგში, შეხვედრებში, კომუნიკაცია მქონდა სხვა ქალაქების ახალგაზრდებთან. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო სკოლის პერიოდი. ვსწავლობდი ცაგერის სკოლაში, მესამე კლასიდან უკვე ხონის დღევანდელი მეოთხე საშუალო სკოლის მოსწავლე გავხდი, სადაც პირობები იყო რთული, მაგრამ პედაგოგების კარგმა და თბილმა დამოკიდებულებამ გვაგრძნობინა ახალგაზრდებს, რომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გარეშეც შესაძლებელი იყო განათლების მიღება. მათ მოგვცეს განათლებასთან ერთად ის სითბო და კარგი დამოკიდებულება, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა, რომ თავი გვეგრძნო ისეთივე ბავშვებად, როგორებიც სხვები იყვნენ და არ ვიყავით დასახლების სტუმრები… სკოლის გარეთ ამის გათავისება ჭირდა, რადგან საზოგადოების ნაწილი ჩვენ ლტოლვილებს, სხვა ქვეყნის შვილებს გვიწოდებდა, ასეთი საზოგადოება დღესაც არის შემორჩენილი. მე დღემდე ვცდილობ, ეს სიტყვა ჩავანაცვლო სიტყვა დევნილით და ვებრძოლო ასეთ ხალხს.

სკოლის დამთავრების შემდეგ იყო უნივერსიტეტი, ქუთაისში მივიღე უმაღლესი განათლება და ამასთან ერთად ვცდილობდი კომუნიკაციების გაფართოებას, ვერთვებოდი სხვადასხვა ორგანიზაციის პროექტებში, ამას ვაკეთებ დღემდე დაუღლელად, რამაც მომცა კიდეც საშუალება, ჩემი თემისათვის მაქსიმალურად დავხარჯულიყავი და შეგვექმნა „დევნილთა საინიციატივო ჯგუფი“, ვთანამშრომლობ თვითმმართველობასა და სხვადასხვა არასამთავრობო სექტორთან.

თემში იყო ძალიან ბევრი პრობლემა, გადასაწყვეტი ისეთი საჭიროებები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, წყალი, საკანალიზაციო მილები, სახურავები, კორპუსები, განათება და ასე შემდეგ. აქ არ არსებობდა სკვერები, ატრაქციონები, საფეხბურთო მინი მოედნები. მაგრამ თემმა მოაგვარა ყველაფერი ნელ-ნელა და ეს არ იყო ერთი და ორი ადამიანის შრომის შედეგი, ეს იყო ამ თემის და თემში მცხოვრები ყველა ადამიანის დამსახურება! ამ ძალიან პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა იციან გვერდით დგომა! ჯვარცმის გავლის შემდეგ უფლის აღდგომასავით ერთობლივი ძალით შევძელით ფეხზე წამოდგომა, დაცემის დაძლევა.

დღესაც არის რამდენიმე გამოწვევა, რომლის მოგვარება, ვიმედოვნებ, რომ დადგება დღის წესრიგში და აუცილებლად მოგვარდება. ხონის დევნილთა დასახლება სულ მალე კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუმცა იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო ასეთ დასახლებებს შორის და ამ შეფასებას მე არ ვიძლევი, ამ შეფასებას იძლევა სახელმწიფო სტრუქტურები, საერთაშორისო და თანამშრომელი ორგანიზაციები… დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ბოლო ოთხი-ხუთი წელი რომ ავიღოთ, დასახლების განვითარებისთვის დაახლოებით დაიხარჯა 4 მილიონი ლარი, რაც მოხმარდა ინფრასტრუქტურულ და განხორციელებულ სასწავლო პროგრამებს, ასევე ტაძრის აშენებას, მოედნებისა და სკვერების მოწყობას… ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დასახლებაში ჩავატარეთ გამოკითხვა ქუჩის სახელთან დაკავშირებით, თემის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეირჩა აფხაზეთის ქუჩის სახელწოდება, გადაწყვეტილებამ გაიარა ყველა საკანონმდებლო ნორმა, უკვე მზადდება ბანერები და საჯარო რეესტრიდან ველოდებით კორპუსების ახალ გადანომვრას.

_ რა ქვია განცდასრომელიც გინდათ თუ არათქვენს ქვეცნობიერში არსებობს დევნილობის გამო და გჯერათრომ ოდესმე მომავალ თაობებს თქვენსავით მოუნდებათ აფხაზეთში დაბრუნება?

_ იმისათვის, რომ მომავალ თაობებს ჩვენსავით მოუნდეთ აფხაზეთში დაბრუნება, არ უნდა მოხდეს წარსულის დავიწყება. თუკი ჩვენ არ ვახსენებთ აფხაზეთს, ჩვენ მხოლოდ მაშინ დავკარგავთ მას არა მარტო ტერიტორიულად, ემოციურადაც… სანამ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ აფხაზეთლები ვართ, რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპაციას მოყვა ამდენი ტრაგედია, მანამ აფხაზეთი დაკარგულად არ ჩაითვლება, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ ხორციელდება საქართველოს იურისდიქცია. ჩვენ მაქსიმალურად ვაცოცხლებთ ახალგაზრდობისთვის ისეთ პროექტებს, რომლებიც პროპაგანდას გაუწევენ აფხაზეთის სიყვარულს სკოლებში, ბაღებში, მედიაში, თემებში…

_ ბაჩანაგვიამბეთ თქვენი თვალით დანახული ძველი და ახალი დასახლების შესახებ… ფაქტობრივადქალაქი ქალაქში შექმენით თავისი პეწითღირსებებითა და მინიმუმადამიანური რესურსით… ვიცირომ თქვენი სურვილები და ოცნებებიგანუსაზღვრელიათუმცა გაგვიმხილეთ ცოტა რამ მათ შესახებ.

_ თუ შევადარებთ ძველ და ახალ დასახლებას, ვიტყოდი, რომ ჩვენ შევძელით და თქვენს ტერმინს გავიმეორებ, მართლაც, „ქალაქი ქალაქში“ შევქმენით ძალიან ბევრი ორგანიზაციის დახმარებით. ხშირად, როცა ცრემლმორეულებს გვახსენდება წართმეული ბავშვობა, გავლილი ტკივილი და სიცოცხლე სიცარიელეში, გულს გვიამებს იმის დანახვა, რომ რეაბილიტირებულია ბაღი, სკოლა, ბინები, აშენდა და ფუნქციონირებს ტაძარი, ევროპული სტანდარტებითაა გარემონტებული კულტურის სახლი… დევნილები მრავალი სახის უფასო განათლებასა და იურიდიულ თუ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს გადიან ჩვენს ბაზაზე მოქმედ ხონის სათემო განათლების ცენტრში… ვფიქრობთ ბანკის ფილიალის, სამედიცინო კლინიკის, აფთიაქის, მოზარდი თაობისთვის კარიერული დაგეგმვის სკოლის გახსნას… ვთანამშრომლობთ დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან, PIN-თან, ფონდ „სოხუმთან“, ცენტრ „აფხაზეთთან“, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კონკრეტულ პიროვნებებთან.

ცოტა ხნის წინ დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის ფარგლებში იმერეთის რეგიონში, ხონის დევნილთა დასახლების კულტურის სახლში, იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა. მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამთავრობო კომისიის შექმნის მიზნები, ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ყურადღება გაამახვილეს სამუშაო პროცესში იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მოისმინეს მათი მოსაზრებები და იდეები სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედითად და შედეგზე ორიენტირებულად განხორციელების მიმართულებით.

ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის უზრუნველყოფა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო ხედვის შესამუშავებლად და ამ პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ფართო საზოგადოებრივი დიალოგის წარმართვა.

აგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2021 წლის 23 ივნისს შეიქმნა და მიზნად ისახავს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის – დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომისა და კომპლექსური კონცეპტუალური დოკუმენტის შექმნას. ინკლუზიური სამუშაო პროცესი ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად ფართო საზოგადოების — კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და აკადემიური წრეების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩართულობას. ასევე, გაიმართება ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიის შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით მათი პროაქტიული ჩართულობისა და ქმედითი მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის.

როდის მოხდა აღქმა მიგრანტის მცნების და ორი სიტყვით შეაფასეთ კონფლიქტური ზონიდან მიგრანტების ამბავიისტორიამდგომარეობა.

_ აფხაზეთში ჩვენ გვყავს ნათესავები, გვაქვს შეხებები, მიმოსვლები და რომ შევაფასოთ ჩვენი აქ არსებობა და მათი იქ ყოფნა, ორი მეგობრის დაშორებაა ეს ყველაფერი… ჩვენ ვაკლივართ ერთმანეთს! აუცილებლად უნდა აღდგეს ჩვენი _  აფხაზებისა და ქართველების ძმობა! აფხაზეთის განვითარება ქართველების გარეშე გამორიცხულია! დღემდე იქ ჩანს მხოლოდ რუსული ჩექმის გავლენა, რუსეთი მხოლოდ თავის პოლიტიკურ სურვილებს იკმაყოფილებს მოპოვებულ ტერიტორიაზე, იგი არაფერს აკეთებს და არც გააკეთებს აფხაზეთის გასავითარებლად, ამისათვის თუნდაც სოხუმი და ბათუმი შევადაროთ ერთმანეთს… მე ვეუბნები აქაურ ახალგაზრდებს, რომ ეს არ იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, ეს ქართულ-რუსული კონფლიქტია! მინდა მივმართო ყველა დევნილს:

დევნილობა არ ნიშნავს გაჭირვებას!

დევნილობა არ ნიშნავს წარუმატებლობას!

დევნილობა ნიშნავს უფრო მეტ პროდუქტიულობას, უფრო მეტ ბრძოლისუნარიანობასა და წარმატების მიღების სურვილს! გახსოვდეთ მუდამ, რომ ვართ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები! ჩვენ ჩვენი დევნილობით, ჩვენი აფხაზეთელობით, ჩვენი განათლებით საკუთარი სათქმელი უნდა ვთქვათ და უნდა ვთქვათ ხმამაღალი სიტყვა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას შეუწყობს ხელს!

მეამაყება, რომ 1995 წლის მომდევნო წლებში დაბადებული ახალგაზრდები ამბობენ, რომ აფხაზეთიდან არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ხონი არ გვიყვარს და შეურაცხყოფას ვაყენებთ ხონელებს… ჩვენ სანამ საკუთარ მიწაზე დავბრუნდებით, მანამ ვართ აფხაზეთლები! დამერწმუნეთ, როცა შინ დავბრუნდებით, მაშინ ვიტყვით, რომ ვართ ხონელები, ქუთაისლები, სენაკლები, მარტვილელები… სანამ ჩვენი ტერიტორიები არაა დაბრუნებული, ახალ თაობაში მოტივაციისთვის სულ გავავითარებთ განცდას იმისა, რომ აფხაზეთლები არიან, რათა მუდმივად სურდეთ დაბრუნება.

რომ არა 14 აგვისტო, იქნებ ჩვენს სახლში, ჩვენს ქალაქში გვეცხოვრა და არ გაგვევლო ის გოლგოთის გზა, რაც გამოიწვია რუსულმა ოკუპაციამ ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ ჩვენთვის დევნილობა არ სრულდება, კიდე უფრო სამწუხაროა, რომ არა თუ დევნილად, არამედ ხშირად „ლტოლვილებად“ მოგვიხსენიებენ, ზოგ შემთხვევაში ეს გაუაზრებელია, ზოგ შემთხვევაში კი დამამცირებელი კონტექსტი… უფრო სამწუხაროა, როცა ყველაფერი გააკეთე, რათა დაიმკვიდრო ადგილი შენს ქვეყანაში, მიიღე განათლება, იშრომე განვითარებისთვის და ამის მთავარი მოტივი იყო საკუთარი რესურსებით გამოდგომოდი შენს ქვეყანასა და მუნიციპალიტეტს, შენს ხალხს, არავინ გაფასებს… სად არის ინტეგრაცია, რომელსაც გავიძახით უკვე 30 წელია? როცა სჭირდებათ _ არის, როცა არ სჭირდებათ _ ლტოლვილი ხარ, რას წარმოადგენ? ვინ გიცნობ? და ასე შემდეგ…

მინდა ყველას გითხრათ, ვინც მსგავსად ფიქრობთ: ჩვენ ყველას საკუთარი ღირსება, ოჯახი, წარსული და მომავალი გვაქვს, არაფერზე და არავისზე, განსაკუთრებით უსინდისობაზე არ გავცვლი ამ ყველაფერს. ხოლო ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ებრძოლოთ ახალგაზრდებს, ებრძოლოთ „ლტოლვილებად“ წოდებულ ხალხს, ებრძოლოთ ნიჭიერებას და განვითარების სურვილის მქონე ადამიანებს, დამიჯერეთ, არაფერი გამოგივათ, არ გამოუვიდა სხვას და არ გამოგივათ თქვენც!

საქართველო აფხაზეთიარესეთი ოკუპანტიააფხაზეთელები ისეთივე ქართველები ვართ, როგორებიც თქვენ!

 

პ.ს. ერთი კვირის წინ ახალგაზრდების მიერ კულტურის სახლის მიმდებარედ, საპარკინგე ნიშნულები დაისვა და მიხარია, რომ ასეთი ინიციატივიანი მოსახლეობა ყავს დასახლებას!

    მიხარია, რომ ხონელებს გვყავს წლევანდელი ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში მარიამ მურღვლიანი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა დასახლებას, როგორც ევროპის ჩემპიონი!

     მიხარია, რომ დევნილთა დასახლების შესასვლელ კედელზე ფონდ „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში „ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი“ ახალგაზრდებმა დაიწყეს ნახატის დატანარომელზეც 27 სექტემბერს მზეზღვაგემი და პალმების ხედი დახვდება სტუმრებს

დიახ, მიხარია დასახლებაში მიმდინარე ამბები, მაგრამ ფაქტია: ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დევნილთა დასახლების 90% დადებითად აფასებს ადგილობრივებთან ურთიერთობას, თუმცა მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აფხაზეთში სურს ცხოვრება და ამბობენ, რომ ისინი ნამდვილ სიცოცხლეს მხოლოდ აფხაზეთში დაბრუნების მერე იგრძნობენ…

 გურანდა ცაგურია

კომენტარები