საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს მოიცავს, ქვეყანაში მედიაგარემოსთან მიმართებით მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
“ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის. საანგარიშო პერიოდში მედიის წინააღმდეგ თავდასხმისა თუ მუქარის ათობით ფაქტი დაფიქსირდა. საჯაროდ გავრცელებული წყაროებზე დაყრდნობით, საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. მხოლოდ 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა”, — აღნიშნულია ანგარიშში.
მათივე განცხადებით, ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს, მაგალითად 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორები პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ, მიუხედავად არაერთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებისა თუ სახალხო დამცველის მოწოდებისა.
“მმართველი პარტიის წევრთა აგრესიულმა და მუქარის შემცველმა რიტორიკამ ყოველდღიური სახე მიიღო, რაც დამატებით ახალისებს მედიის წინააღმდეგ ძალადობას და ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ და პოლარიზებულ გარემოს. მართალია, ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის მიმართ მცირე ხნით შეწყვიტა ბოიკოტი, თუმცა მალევე განაახლა ეს რეჟიმი და დღეისათვის მათ პოლიტიკურ გადაცემებში არ მონაწილეობს”, — ამბობენ ორგანიზაციაში.
კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, ქვეყანაში უკანონო მოსმენებია, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ.
ამას გარდა, ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში ჟურნალისტებისთვის ფიზიკური უსაფრთხოება, მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საშიში გახდა, განსაკუთრებული რისკის ქვეშ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან, რასაც ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და მომხდარი ძალადობრივი ფაქტების არასათანადო გამოძიება, კიდევ უფრო ახალისებს.
“აგრესიული რიტორიკა, მუქარა და შეურაცხყოფა ჟურნალისტების მიმართ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მათ შორის, სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რაც აღრმავებს არსებულ პოლარიზაციას და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტების მიმართ აგრესიის წახალისებაში ცალკეული სასულიერი პირებიც მონაწილეობენ.
კომენტარები