ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე, რომელიც ქუთაისის მერობისთვის მეორე ტურში იბრძოლებს, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს პასუხობს.
“ამ კრიმინალური მეტნალობის ქალს ქუთაისიც კრიმინალური ქალაქი გონია. ასე ამცირებს ამ ევროპულ ქალაქს. ამცირებს პოლიციას.
ქ-ნი წულუკიანი რომ გავამწარე – ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ”, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
წულუკიანი აცხადებს, რომ ქუთაისი “კაციჭამიების ხელში არ უნდა ჩავარდეს” და ამომრჩევლებს მეორე ტურზე “უპრეცედენტო მობილიზაციისკენ” მოუწოდებს.
“მინდა მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ქუთაისი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქია, აკვანი ქართული კულტურის და ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში. აი, ეს არის ახლა ქუთაისში გასაკეთებელი და არა მხოლოდ…”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ქუთაისის მერის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 43,75% მიიღო. რაც შეეხება მმართველი გუნდის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს, მას 41,86%-მა დაუჭირა მხარი. ვინაიდან, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
კომენტარები