მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქართულ ოცნებაში” არ შესწევთ ძალა, რეალობას გაუსწორონ თვალი, ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე”

“ქართულ ოცნებაში” არ შესწევთ ძალა, რეალობას გაუსწორონ თვალი, ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე”

პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგუაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ქუთაისში დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

“დღევანდელი “ქართული ოცნების” პრობლემა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ქუთაისში გაკეთებულ განცხადებებში ჩანს. მათ არ შესწევთ ძალა რეალობას გაუსწორონ თვალი, ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე, შესთავაზონ გამოწვევებიდან გამოსასვლელი გზა საზოგადოებას, აჩვენონ პროგრესი და უკეთესად ცხოვრების პერსპექტივა.

ამის სანაცვლოდ, მათი სრული კამპანია აგებული იყო ერთმანეთის უარყოფაზე, პიროვნულ ცილისწამებასა და ზეწოლაზე. ქუთაისში ჩვენმა გუნდმა აჩვენა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს სწამს მომავლის, სურს პოლიტიკა იქცეს საქმის კეთების სივრცედ და არა ქვეყნის ინტერესების გათელვის ასპარეზად”, – წერს გოგუაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისის მერობის კანდიდატთან, შტაბის წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრა დღეს გამართეს.

ღარიბაშვილმა ტრადიციულად სიძულვილის ენით ყოფილი ხელისუფლება და მათი მიერ გაკეთებული საქმეები გააკრიტიკა. ასევე ისაუბრა ყოფილ თანაგუნდელ გიორგი გახარიას შესახებ და ქუთაისში წაგება მის “ღალატს” დააბრალა.

“რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული თავდაჯერებულობით მინდა ვთქვა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა ჩვენი კანდიდატი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები