იმერეთის ახალი ამბების სააგენტო, infoimereti.ge არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უფრო ახლოს გაგაცნობთ. რუბრიკის მორიგი სტუმარი RICDOG-ის გენერალური მდივანი ლანა თოთაძეა.
-რა პროფესიის ხართ?
-ფილოლოგი, კერძოდ ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი.
-რატომ არასამთავრობო სექტორი?
-არასამთავრობო სექტორი – საზოგადოებრივი სიკეთის ადგილია! ეს არის სივრცე, სადაც შეიძლება განვითარდე, განავითარო სხვები და პოზიტიური ცვლილებები მოუტანო შენს თემს, ქალაქსა და ქვეყანას. მესამე სექტორი ეს არის – ღირებულებებისა და ფასეულობების სამჭედლო, იცოდე საკუთარი და სხვისი უფლებები, პატივსცემდე განსხვავებულ აზრსა და ხედვებს, იყო ტოლერანტი და გქონდეს მიმღებლობა, თავისუფლად აზროვნებისა და საკუთარი იდეებს ფრთებშესხმის ადგილი, გაშლილი დროსა და სივრცეში. ამიტომ ავირჩიე იგი და ბედნიერი ვარ რომ ვაკეთებ იმას რაც ასე ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს და მაძლებს სტიმულს ყოველი დღე იყოს განსხვავებული, ფერადი და შედეგებზე ორიენტირებული.
-რას ნიშნავს თქვენთვის საქმე, რომელსაც აკეთებთ?
-ჩემთვის საქმე ჰაერივითაა, რომლის გარეშეც უბრალოდ სუნთქვა არ შეგიძლია. არ სუნთქავ – შესაბამისად არ არსებობ.
– განვითარების რა ეტაპზეა ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები?
-ძლიერი, გამჭირვალე და გავლენიანი, გამომდინარე იქედან რომ ხალხისთვის და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გარდა ღირებულებების, ფასეულობების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფორმირებაში მთავარ როლს თამაშობს.
-პირადად თქვენთვის, როგორც როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლისთვის, რით არის საინტერესო, საქმე, რომელსაც აკეთებთ?
საინტერესოა როცა, არცერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს, არასოდეს არ გაქვს მოდუნების, მოწყენის საშუალება და რაც მთავარია ხედავდე ადამიანებს რომელთა შესაძლებლობები გაზრდილი და ზოგჯერ უსაზღვროცაა და ამაში ლომის წვლილი შენ მიგიძღვის.
-დროის რა ნაწილს უთმობთ სამსახურს?
-დროის უმეტეს ნაწილს.
-რა დრო გრჩებათ ოჯახისთვის?
-ცოტა, მაგრამ მაქსიმალურად ნაყოფიერად ვიყენებ.
-რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს, რომლებსაც საქმიანობის გაგრძელება არასამთავრობო სექტორში სურს?
-ნამდვილად დაგჭირდება ბევრი კრეატიული და ინოვაციური იდეა, იმ თემის განვითარებისათვის რომელ რეგიონსაც თქვენი ორგანიზაცია ფარავს. რწმენა და სიყვარული იმის რასაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები აკეთებენ თემისთვის და მოთმინება, რადგან შედეგი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ჩანს.
-რას ეტყოდით მედიას, რომელიც მესამე სექტორის მჭიდრო პარტნიორია.
-მადლობა პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის.
კომენტარები