პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან რეალურ მოძრაობაში მოუწევთ, კონკრეტული ქუჩებისა და მარშრუტის შესახებ წინასწარ არ ეცოდინებათ.
მართვის მოწმობის გამოცდის ახალი რეფორმის თაობაზე, რაც გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს, მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი საუბრობს.
კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიღებულია, ახლად დამტკიცებული რეგულაციებით კი, მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში B და BE კატეგორიებისთვის 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო.
„გამოცდები ჩატარდება ყველა იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები. ეს იქნება ბათუმი, ფოთი, ოზურგეთი,ქუთაისი, საჩხერე, გორი თელავი, ახალციხე და რუსთავი.
რაც შეხება იმ ქუჩებს, სადაც გამოცდის ჩაბარება პირებს რეალურ მოძრაობაში მოუწევთ, მარშრუტი და ქუჩების ჩამონათვალი, თუ სად უნდა ჩაბარდეს გამოცდა, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცდება. იქნება რამდენიმე მარშრუტი, თუმცა არც გამომცდელს და არც კანდიდატს არ ეცოდინება, რომელ მარშრუტზე მოუწევს გამოცდის ჩაბარება. პროგრამა RENDOM-ი აირჩევს სად, ვინ, რომელ მარშრუტზე გაივლის“, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.
ამასთან, როგორც მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, გამოცდის ჩაბარებისთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირი მარშრუტები იქნება შერჩეული.
„გამოცდა ორ ეტაპიანი იქნება, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე ისევ დარჩება დახურული მოედანი ანუ სადაც ახლა აბარებენ გამოცდას და რა ელემენტებსაც ახლა ასრულებენ გამოცდის ჩამბარებელი პირები, იგივე ელემენტების შესრულება დახურულ მოედანზე ისევ მოუწევთ. ის, ვინც ჩააბარებს გამოცდას დახურულ მოედანზე, უკვე გადავა ქალაქში, რეალურ პირობებში. იქნება ყველა ის კომპონენტი, რაც გვხვდება ქალაქში, ეს არის შუქნიშანი, რეგულირებული და არარეგულირებული გზაჯვარედინი, ჩვეულებრივად 80 კმ. საათზე მეტი სიჩქარიან მაგისტრალზე გასვლა და ა.შ. ცხადია, ყველა ქალაქი ვერ იძლევა ამის შესაძლებლობას და ერთნაირად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას,ზოგან გზა არ არის ან აღმართი და ა.შ. მაგრამ მეტნაკლებად ერთნაირი მარშრუტები იქნება შერჩეული“, – აცხადებს იმედა მაკასარაშვილი.
რაც შეეხება მართვის მოწმობის ასაღებად გათვალისწინებული გამოცდის საფასურს, მაკასარაშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე, მომსახურების საფასური იგივე დარჩება.
„დახურული მოედნისთვის და თეორიული გამოცდისთვის საფასური არ იცვლება. კანდიდატი თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს ხუთ უფასო გასვლას დახურულ მოედანზე და ამ კუთხით შეზღუდვა არ ექნება იმ საფასურში, რასაც დღეს იხდის. ხოლო, ქალაქის პირობებში, საფასური იცვლება და როგორც კანონში არის მითითებული, B და BE კატეგორიისთვის საფასური შეადგენს 90 ლარს ერთჯერადად გასვლაზე“,- განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
კომენტარები