საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში უბისის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ამა წლის 14 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შემოვიდა წერილი მრავალრიცხოვანი ხელმოწერით. აღნიშნული წერილით სოფლის მოსახლეობა საპატრიარქოსაგან ითხოვდა უბისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემებზე ყურადღების მიქცევას.
განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო იქ არსებული პრობლემების სიმძიმე. თავის მხრივ, ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა საპატრიარქოსგან მოითხოვა საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნა.
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შობის დღესასწაულის შემდეგ უბისის მონასტრის საკითხის შესწავლას შეუდგება კომისია. მანამდე კი საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, რათა განსახილველი საკითხი არ გასცდეს ეკლესიური ეთიკის ფარგლებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
უბისის მონასტრის მრევლმა რამდენიმე დღის წინ მონასტრის კარი აჭედა. ისინი მოითხოვენ, მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მოვლენილი საეჭვო რეპუტაციის, სოდომის ცოდვაში ეჭვმიტანილი, სასულიერო პირები.
კომენტარები