მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა კლუბის ინიციატივით, ქუთაისში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

ქალთა კლუბის ინიციატივით, ქუთაისში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

ასოციაციასთან “ქალები რეგიონების განვითარებისთვის” არსებული ქალთა კლუბის ინიციატივით, ქუთაისში, რადიო “ძველი ქალაქის” ოფისში, უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

მოქალაქეებმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ბურღულეული, მედიკამენტები და ტანსაცმელი მიიტანეს.

“მაქსიმალურად შევეცადეთ სწრაფად მოგვეხდინა რეაგირება და გარკვეული წვლილი ჩვენც შეგვეტნა უკრაინელების დასახმარებლად. ჩვენს კლუბს განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს უკრაინელ ქალთა კლუბთან, ამიტომ ჩვენი თანადგომა მათთვის მნიშვნელოვანია და ეს არის მცირედი გამოხატულება. ამით გვინდა მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ის ტკივილი, რაც მათ მიმდინარე ომმა მიაყენა“, – ამბობს ქალთა კლუბის თავმჯდომარე მარიკა ვაჭარაძე.

“ეს იყო ერთობლივი ინიციატივა და მინდა, აღვნიშნო, რომ სამივე კლუბმა (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი) დროის მოკლე მონაკვეთში დააორგანიზა დახმარების შეგროვება. მინდა, აღვნიშნო, რომ კლუბს მეგობრებიც შემოურთდნენ, რომლებმაც მედიკამენტები და სურსათი მოგვაწოდეს. თითოეული ადამიანის თანადგომა მნიშვნელოვანია, რადგან დღეს უკრაინა იბრძვის ჩვენთვისაც და ცალსახად ჩანს, რომ თუ უკრაინა მოიგებს ამ ომს ჩვენს გავიმარჯვებთ!”, – აცხადებს ქალთა კლუბის პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი.

“ჰუმანიტარული დახმარება ქუთაისის დაძმობილებულ ქალაქებში გადაიგზავნება, იმ ქალაქებში, რომლებსაც პუტინის რეჟიმი ასე უმოწყალოდ ექცევა. მინდა ომი მალე დასრულდეს და ეს იყოს ბოლო დახმარება, რასაც ჩვენ უკრაინაში საომარი ვითარების გამო ვაგზავნით. ამის შემდეგ ერთმანეთისთვის სიყვარული, მეგობრობა და თანადგომა გაგვეზიარებინოს“, – ამბობს რადიო ,,ძველი ქალაქის’’ დამფუძნებელი და ქალთა კლუბის წევრი ქეთევან ბერძენიშვილი.

ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს როგორც ქუთაისის, ასევე ბათუმის და ზუგდიდის ქალთა კლუბებმა.

 

კომენტარები