“შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუშინ სამი ვაჟკაცი და სამაგალითო თანამშრომელი დაკარგეთ და ამ დრომდე ერთი სამძიმრის წერილი რომ დაგედოთ თქვენს გვერდზე ურიგო არ იქნებოდა. კი არ უშველის ეგ იმ ბიჭებს, მაგრამ ახლობლებს ანუგეშებს მაინც”, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პოლიციელის ახლობელი მარიამ კუხიანიძე.
დაღუპული პოლიციელის კახა ბაღდავაძის ახლობელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.
ავარიის შედეგად გარდაცვლილი სამართალდამცველის ახლობლის თქმით, ეს დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის მცირე შვება და გვერდით დგომა იქნებოდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი და facebook-გვერდიც შეამოწმა, თუმცა სამძიმრის წერილი გამოქვეყნებული არ არის.
კახა ბაღდავაძე, მურადი ლეჟავა და მიშო მაჩიტაძე გუშინ რიკოთთნ მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ. სამივე მათგანი იმერეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი იყო.
ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ცვლის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს.
კომენტარები