თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე, სოციალურ ქსელში, ქუთაისქალაქობის დღესასწაულზე, მეუფე იოანესათვის საპატიო ქუთაისელის წოდების მინიჭებას ეხმაურება.
თეოლოგი მიიჩნევს, რომ ქუთათელ გაენათელმა, მეუფე იოანემ ეს ტიტული დაუმსახურებლად მიიღო.
სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს, 2022 წლის 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს ქუთაისის მერიამ მიანიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება. საინტერესოა, რისთვის და რა დამსახურებისთვის მიენიჭა მიტროპოლიტ იოანეს ამ უძველესი ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება?! რუსეთის მიერ შეპყრობილი და მოკლული ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოსისა და შეპყრობილი და გადასახლებული გაენათელი მიტროპოლიტის ექვთიმეს, რუსული საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის კათედრას რომ დღენიადაგ არცხვენს და ბილწავს ოკუპანტი და მკვლელი რუსეთისადმი ტრფობითა და რუსეთის სასარგებლო პროპაგანდა-აგიტაციით, ამისთვის?! თუ, იმიტომ გადაეცა, რომ მისი მღვდელმთავრობისას გელათის მონასტერი თითქმის ჩამოშლამდე მივიდა, უნიკალური ფრესკები ჩამოირეცხა და გახუნდა და მას ამ საქმეში დემაგოგიის გარდა სხვა არაფერი გაუკეთებია?!
თუ იმისთვის მიენიჭა, ქუთაის-გაენათის ეპარქია უწიგნური, გაუნათლებელი და ხეპრე ადამიანების სასულიერო პირებად ხელდასხმისა და ასევე, გაუნათლებელი და უღირსი სასულიერო პირების დაჯილდოების ცეხად რომ გადააქცია?! ან იმისთვის ხომ არ მიენიჭა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, სხვების კუთვნილი ნივთი ყაჩაღურად გაიტაცა და მფლობელებს დღემდე არ უბრუნებს და უსინდისოდ ორმაგი თანხის აღებას სთავაზობს?!
დიახ, რისთვის და რატომ შეკადრეს ქუთაისს, რომ მისი საპატიო მოქალაქის წოდება მინიჭებოდა რუსეთის მკვლელი სახელმწიფოს მსახურს, ანტიქართულად და პრორუსულად მოაზროვნეს, ყაჩაღობის ჩამდენსა და გონებით ფანატიკოს მიტროპოლიტ გამრეკელს?!
ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება ქუთაის-გაენათის კათედრაზე დადგინებიდან ოცდაექვსი წლის შემდგომ (2009 წელს) მიენიჭა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს, რომელმაც ნამდვილად განსაკუთრებული და გამორჩეული ღვაწლი გასწია ქუთაისისა და მთლიანად ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინაშე. განა, მიტროპოლიტმა გამრეკელმა რა გააკეთა ასეთი განსაკუთრებული, რომ ქუთაის-გაენათის კათედრაზე დადგინებიდან ორ წელიწადნახევარში მიენიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება?!
რუსეთის მსახურმა ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც სჩანს, რუსეთის მსახურება და კიდევ ის “ღირსებები” დაუფასა მეუფე გამრეკელს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. ჯილდო როდესაც დაუმსახურებელია და არ გეკუთვნის, ის ჯილდო კი აღარ არის, არამედ სირცხვილი და კურიოზია, რაც ამ ჯილდოს გადაცემით კიდევ ერთხელ დაემართა მიტროპოლიტ გამრეკელს, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ შერცხვა, დაკნინდა და დამცირდა”, – წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.
კომენტარები