ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“(Brot für die Welt) მხარდაჭერით, 7-9 მაისს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე“.
ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს 15 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, თერჯოლა, წალენჯიხა, ქობულეთი, ბაღდათი, ტყიბული, ჩოხატაური და სამტრედია).
ღონისძიების პირველი დღე მიეძღვნა ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევების პრეზენტაციებს:
“ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის მნიშვნელობა“ (კვლევა ხელმისაწვდომია აქ http://www.fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/12137-2022-03-14-15-32-16 )
სწრაფი მოკვლევის პრეზენტაცია დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლების საჭიროებათა შესახებ (კვლევა ხელმისაწვდომია აქ http://www.fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/12359-2022-05-07-08-06-30 ) პრეზენტაციას.
ამასთან, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის შესახებ (ვებგვერდი ხელმისაწვდომია აქ https://sosfsokhumi.ge/ ).
ტრენინგზე მონაწილე მუნიციპალიტეტებმა ერთმანეთს გაუზიარეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საკუთარი პროგრამები და სამომავლო გეგმები – მიღწევები, არსებული გამოწვევები, კოორდინაციის გაუმჯობესების მიმართულები სამომავლო გეგმები, რის ბოლოსაც გაიმართა დისკუსია.
ტრენინგის მეორე დღეს მოწვეულმა ტრენერმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა – მაკა ფერაძემ მონაწილეებს გააცნო საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო პლატფორმებზე მონაწილეობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმები, ხოლო ექსპერტმა გოგა ხატიაშვილმა ისაუბრა „სტამბოლის კონვენციის“ როლზე კომპლექსური და კოორდინირებული პოლიტიკის განსახორციელებლად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
ტრენინგის მე-3 დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაცნობას მიეძღვნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა – გოგი რევიამ, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისიის შექმნის და ამოქმედების პროცესსა და მუშაობის სტრატეგიაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითზე.
“დღეს გავეცანი 15 მუნიციპალიტეტის გამოცდილებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამოცდილება. ისინი უკვე დიდიხანია ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშობენ, საკმაოდ ნაყოფიერად და შედეგიანად. სწორედ ამ ტრენინგზე მოსმენილი წარმატებული გამოცდილებებს ჩენ აუცილებლად დავნერგავთ ჩევნს მუნიციპალიტეტში. ამ შესაძლებლობისთვის ძალიან დიდი მადლობა ქალთა ფონდ „სოხუმს“, – განაცხადა მაია კუტუბაძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ.
შეხვედრის შესახებ ვიდეო სიუჟეტის ნახვა შესაძლებელია აქ – https://www.facebook.com/WFSTbilisiOffice/videos/1144691823050410
კომენტარები