მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს”

“ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს”

სახალხო დამცველის შეფასებით, ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და იქ მაცხოვრებლებისთვის არ არის შექმნილი ღირსეული პირობები.

“2022 წლის თებერვლისა და მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისები შეამოწმა და დაადგინა, რომ სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას.

ოზურგეთის და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა დამატებით, წერილობით მიმართა სამივე ადგილობრივ თვითმმართველობას და ბენეფიციართა ობიექტებიდან დაუყოვნებლივ განსახლება და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მოთხოვნა არცერთმა მუნიციპალიტეტმა არ გაიზიარა, რითაც კიდევ ერთხელ იქნა უგულებელყოფილი უსახლკაროთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე.

ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაშია განთავსებული. 90 ოჯახი პრივატული გარემოს გარეშე, გამუდმებული საყოფაცხოვრებო ხმაურის პირობებში ცხოვრობს. მცირე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართები არასაკმარისია და შენობა გადატვირთულია; სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჰაერი მუდმივად ნესტიანი და დაბინძურებულია. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და მაცხოვრებლებისთვის არ არის შექმნილი ღირსეული პირობები.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებასა და შშმ პირთათვის სერვისებით სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, აღნიშნული უფლება მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრისით, არამედ სათანადო საცხოვრისით დაკმაყოფილების ვალდებულებას, რაზეც ზემოხსენებული დაწესებულების მობინადრეებს ხელი არ მიუწვდებათ”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები