“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ კრივის ფედერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
“ქართული კრივი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არნახულ წარმატებას განიცდის. 2022 წელს, 29-წლიანი პაუზის შემდეგ, მოვიპოვეთ ოქროს მედალი უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის, თანაც ერთი კი არა, ერთბაშად სამი. ამას დამატებული კიდევ ერთი ვერცხლის მედალი ამ ჩემპიონატზე. ეს უპრეცედენტო ფაქტია ქართული კრივის ისტორიაში. ასევე, პირველად ქართული კრივის ისტორიაში, გუნდური პირველი ადგილი მოვიპოვეთ უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის.
ეს კიდევ არაფერი. სხვადსსხვა ასაკობრივ კატეგორიაში 2022 წელს ევროპის ჩემპიონატებზე 15 მედალი იქნა მოპოვებული, მათ შორის 6 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი. მათ ამ შედეგით შექმნეს ქართული კრივის ახალი ისტორია.
ასეთი არნახული წარმატების შემდეგ, ვინმე თეა წულუკიანი, სპორტის მინისტრად წოდებული, უხეშად ერევა რა დამოუკიდებელი სპორტული ფედერაციის საქმიანობაში, ცდილობს დაანგრიოს წლების განმავლობაში შრომითა და ოფლით ნაშენები სისტემა. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა-შეუწყვიტა სახელმწიფო დაფინანსება და ეწევა კრივის ფედერაციის პრეზიდენტის უსამართლო და უკანონო დევნას.
აღნიშნული საკითხი დაუყოვნებლივ უნდა იქნას განხილული პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე, სანამ გვიან არ არის. ოლიმპიადა კარსაა მომდგარი და უნდა შევაჩეროთ ამ მავნებელი ქალის თავგასულობა.
გელათი ხომ დაანგრია, ახლა სპორტულ ფედერაციებს მისდგა”, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა მასზე ფიზიკური ძალადობა სცადა, რასაც დავით წიკლაური უარყოფს.
წულუკიანი ამტკიცებს, რომ სამინისტრო ქართული კრივის დაფინანსებას აგრძელებს, მაგრამ “მოძალადეს დაფინანსება შეუწყვიტეს”.
კომენტარები