მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხუთი დღეა, ქუთაისში შადრევნები გამორთულია

ხუთი დღეა, ქუთაისში შადრევნები გამორთულია

მეხუთე დღეა,  ქუთაისში შადრევნები გამორთულია. ოპოზიციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქუთაისის მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მოზარდი დაიღუპა.

მათივე თქმით, ქუთაისის მერიაში არ არიან დარწმუნებული, რომ ცენტრალურ მოედანზე შადრევანი უსაფრთხოა, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის მასშტაბით ყველა შადრევანი გამორთო.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქუთაისში გტენდერებს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული კომპანიები იგებენ და შესაბამისად, სამუშაოები არაჯეროვნად და უხარისხოდ ხორციელდება.

“5 დღეა, ხუთივე შადრევანი გამორთულია, ერთ-ერთი მთავარი შადრევანი “გრინსერვისმა” გააკეთა და სავარაუდოდ, აქაც არ არიან თავის თავში დარწმუნებული და ფიქრობენ, რომ აქაც შეიძლება რაღაც ხარვეზები იყოს, ალბათ, ახლა ამოწმებენ, როცა შადრევანი რამდენიმე თვის გახსნილია”, – აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კილაძის თქმით კი, ქუთაისის მერია ორიენტირებულია არა სამუშაოს ხარისხზე, არამედ რაც შეიძლება მეტი თანხის აღებაზე და შადრევნების გამორთვაც სავარაუდოდ, უხარისხო სამუშაოებს უკავშირდება.

ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავა აცხადებს, რომ შადრევნების გამორთვა ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას არ უკავშირდება, შადრევნებს ასუფთავებდნენ და დღეს ჩაირთვება.

ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრალური მოედანზე კოლხური შადრევანი ჩაირთო.

კომენტარები