ქუთაისის მესხიშვილის თეატრს 67 წელი შეუსრულდა. თეატრის ახალი შენობა საზეიმოდ ოფიციალურად 1955 წლის 5 ნოემბერს გაიხსნა.
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის შენობის პროექტის ავტორი არქტიექტორი აკადემიკოსი მიხეილ შავიშვილია. შენობის მშენებლობა 1939 წელს დაიწყო და 16 წელი გაგრძელდა. ქუთაისის თეატრის უნიკალურ ნაგებობას 2009 წელს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შენობა აგებულია კლასიკური ელინური ეპოქისათვის დამახასიათებელი ტრადიციითა და სტილის დაცვით. თეატრი ნახევრადწრიული ფორმისაა.
მაყურებელთა დარბაზი 1100 მაყურებელს იტევს, თუმცა დღესდღეობით მისი რაოდენობა 900-მდეა შემცირებული.
დარბაზის ჭერის და თაღების მხატვრობა ქართული სტილითაა შესრულებული. შენობის ქართული ჩუქურთმებით და ორნამენტებით შემკობა-გალამაზებაზე იმდროინდელი ცნობილი ქართველი ქვის ოსტატები მუშაობდნენ; ქვაზე ნაკვეთი ქართული ჩუქურთმების დიდი ნაწილი ცნობილი ქართველი მოქანდაკის ვალერიან მიზანდარის ხელითაა შესრულებული.
2007 წლიდან მესხიშვილის თეატრის შენობის ფუნქციური არეალი გაფართოვდა, მოხდა ცვლილებები: შენობის მეხუთე სართულზე გაიხსნა 100-ადგილიანი მცირე სცენა, რომელიც დღეს საინტერესო რეპერტუარითაა დატვირთული. მცირე სცენის მომიჯნავე დარბაზებში განთავსდა თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია.
2008 წელს, თეატრის მეორე სართულზე ამოქმედდა ლიტერატურული სალონი. თეატრის დამხმარე ნაგებობაში განთავსდა “არტ-კაფე”. 2020 წელს თეატრის ბაღში გაიხსნა ახალი სივრცე, 150 მაყურებელზე გათვლილი “მწვანე თეატრი”.
კომენტარები