მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელმაც მართვის მოწმობის აღების სანაცვლოდ თანხა გადაიხადა

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელმაც მართვის მოწმობის აღების სანაცვლოდ  თანხა გადაიხადა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა, ქუთაისში მდებარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ “მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა. სააგენტოს თანამშრომელმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები