მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის სამიტროპოლიტოს 1918 წლის კრების დადგენილება კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის მკვლელობის შესახებ

ქუთაისის სამიტროპოლიტოს 1918 წლის კრების დადგენილება კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის მკვლელობის შესახებ

1917 წელს, როდესაც აღდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია, მის თანადროულად ასევე აღდგა ქუთაისის სამღვდელმთავრო კათედრა, რომლის არსებობა სათავეს იღებს ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულიდან.

1917 წლის 9 სექტემბერს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ პირველ საეკლესიო კრებაზე მიიღეს „საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება“, რომელშიც ჩაიწერა, რომ საქართველოს ეკლესიაში, მხოლოდ სამი მიტროპოლიტი უნდა ყოფილიყო. ესენი გახლდათ: ტფილელი, ქუთათელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტები. სხვა, დანარჩენ ეპარქიათა მღვდელმთავრები უნდა ყოფილიყვნენ ეპისკოპოსები. ამავე დებულებით აღდგა გაენათის ეპარქია, რომელიც ქუთათელის სამწყსოს ისტორიული ტერიტორია გახლდათ, ვიდრე მეთექვსმეტე საუკუნემდე, სანამ ცალკე დაარსდა გაენათისა და ხონის ეპარქიები. მართალია, 1917 წლის დებულებით, ცალკე საეპისკოპოსად აღდგა გაენათის ეპარქია, თუმცა მისი მმართველობა დაევალა ქუთათელ მღვდელმთავარს, ხოლო ოდნავ მოგვიანებით, 1927 წლის 21-27 ივნისს გამართულ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ მეოთხე კრებაზე, ხსენებული სამწყსო ჩამოყალიბდა ერთ სამღვდელმთავროდ და მის მმართველს ეწოდა ქუთათელ-გაენათელი.

ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი

1917 წლის სექტემბერშივე ქუთაისის სამღვდელმთავროს მმართველად დაადგინეს მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), რომელიც გახლდათ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მოთავე და უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის (საძაგლიშვილი) თანამებრძოლი.

1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში მოკლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე. აღნიშნული ეროვნული ტრაგედია იმჟამად მოცული იყო ხელოვნურად შექმნილი ბურუსით, რაც გარკვეულწილად დღესდღეობითაც გრძელდება.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის მეტად გაბედულ და გმირულ ქმედებას წარმოადგენდა, 1918 წლის 11 ივლისს, ქუთაისის საეპარქიო კრების მოწვევა, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის მკვლელობის საკითხზე. აღნიშნულმა კრებამ, ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონის თავმჯდომარეობით მიიღო დადგენილება „განსაკუთრებული საკითხები კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგებოდა.  დადგენილებაში ჩაიწერა: „წინადადება იქნას შეტანილი იმერეთის საეპარქიო სახლის სახელით საკათალიკოსო საბჭოში, რათა ეს უკანასკნელი, მთელი თავისი შემადგენლობით და კათოლიკოსის მოსაყდრით დაუყონებლივ გადადგეს სამსახურიდან…  საკათალიკოსო საბჭო მორალურად თანამოაზრეა განსვენებულ კათოლიკოსის ტრაგიკულად და საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებაში… დაუყონებლივ მოისპოს ჟურნალ „ახალი სიტყვის“ გამოცემა, როგორც პასკვილანტურ-პროვოკაციული ორგანოსი. საეკლესიო კრების წინაშე პასუხისგებაში იქნენ მიცემული ამ ორგანოს სარედაქციო კოლეგიის რწმუნებული, დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი, დეკანოზი ანტონ თოთიბაძე, მღვდელი ილია შუბლაძე. ასეთი ბილწი და ასეთი საზიზღარი ორგანო არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, რომელიც გამოდიოდა კათოლიკოს კირიონისა და მისი მომხრეების მოსაშხამავად. ამ დროს კი საკათოლიკოსო საბჭოს ოფიციალური ორგანო „სვეტიცხოველი“ უსახსრობის გამო შეაჩერეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე

ჟურნალ „ახალი სიტყვის“ გარშემო შემოკრებილთ უნდა ეწოდოთ კათოლიკოს კირიონ მეორის მორალური მკვლელნი და განიდევნონ თბილისიდან…“ აქვე, აღნიშნულ დადგენილებაში, ქუთაისის საეპარქიო კრება, მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელის თავმჯდომარეობით ითხოვდა, რომ გაუქმებულიყო თბილისის სამიტროპოლიტო კათედრა და იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო იურისდიქციაში შესულიყო. „განხილულ იქნას უმთავრესი საბედისწერო შემთხვევა, რომელმაც უცნაურად იმსხვერპლა კათოლიკოსი კირიონი. რამდენად მიზანშეწონილი აღმოჩნდა თბილელი მიტროპოლიტის კათედრის აღდგენა და ერთ ქალაქში კათოლიკოსის და მიტროპოლიტის მოთავსება?.. უნდა გაუქმდეს თბილელის კათედრა და აისახოს იგი კათოლიკოსის ტიტულში… უნდა ამოვირჩიოთ მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და მიტროპოლიტი თბილისისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მას მიეცემა ერთი ქორეპისკოპოსი სრულ განკარგულებაში და მით დაცხრება უმთავრესი წყარო იმ ქიშპობისა, რომელშიც ამოაღჩვეს მხცოვანი კათოლიკოსი კირიონი“, – ნათქვამია ქუთაისის საეპარქიო კრების დადგენილებაში.

სამწუხაროდ, ამ დადგენილების მიღებიდან, მხოლოდ ორ თვეზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის ამსოფლიური სიცოცხლე… ის აღესრულა “უეცრად“ ქუთაისის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში, 1918 წლის 18 სექტემბერს. აღმოჩნდა, რომ მღვდელმთავარი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა… დასკვნები აქ მკითხველისთვის მიგვინდია…

ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი სამარადჟამოდ დაუკავშირდა ქუთაისს… ის დაიკრძალა ქუთაისის საკათედრო ტაძარში, რომელიც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ იავარ-ჰყო 1924 წელს, თუმცა მიტროპოლიტი ანტონი არ გადაუსვენებით და მისი დამაშვრალი სხეულის წმიდა ძვლები დღესაც ქუთაისის გულში განისვენებს.

ქუთაისის სამიტროპოლიტოს კრების წარმოდგენილი ოფიციალური დადგენილებით, ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის თავმჯდომარეობით შეკრებილმა ქუთაისის საეპარქიო კრებამ, ფაქტობრივად, მომავალ თაობებსა და ისტორიას შეუქმნა და დაუტოვა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის მკვლელობის მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი და ასახა იგი სათანადო ფაქტებისა და არგუმენტაციის მოხმობით. აღნიშნული დადგენილება კირიონ კათალიკოსის მკვლელობის საქმის განხილვის შესახებ წარმოადგენს ერთ-ერთ საკვანძო ოფიციალურ დოკუმენტს და ის სწორედ ქუთაისში, ქუთათელი მიტროპოლიტის ხელმძღვანელობით, ქუთაისის ეპარქიის სამღვდელო დასის მიერ შეიქმნა.

მთავარ ფოტოზე: ქუთაისის საკათედრო ტაძარი (სობორო)

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები