მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ანტიგონე – ახალი თაობა

ანტიგონე – ახალი თაობა

დასაწყისშივე უნდა ვამხილო: ჩემთვის ანტიგონე მარადიული ზე-სიყვარულის თემაა. მისი სახელის ხსენებაზეც კი ვინთები და რა ანტურაჟშიც არ უნდა გადამიცხოვრო მისი გაუკვდავების და  თავგანწირვისთვის,  მაინც მეორე სიცოცხლეს მანდომებს, თავაწეულს, გიჟურს, თითქმის შეურაცხადს ახალგაზრდული უსაზღვრობით და ოიდიპოსის მეფური სისხლით. პერსონაჟი, რომელიც დაიბადა, რომ “უყვარდეს და არა სძულდეს“. თუმცა ეს ასე ხისტად – სოფოკლესთან…

უშანგი ჩხეიძის სახელმწიფო თეატრში ჟან ანუის პიესის მიხედვით დადგმულ პრემიერას დავესწარი. გზაც კი ქუთაისიდან ზესტაფონამდე, სიამოვნებამდე მისვლის რიტუალი იყო, შესისხლხორცებულ პერსონაჟებთან მიგებების გულაჩქარებული მოლოდინი.

პირველი სცენა – ცოცხალი მუსიკა და შავი ჰუდები ზურგით დარბაზისკენ, უკვე იყო საზოგადო გლოვის თხელი სამზადისი, ოდნავ სხვა ტემპში, ოდნავ რიტმული, რაღაც ტრაგიკული განცდის ახალი ბგერათარიგით, დღევანდელიც და წარსულიც. ერთნაირად მუქი დრო. მუქი ნოტებით. და მთხრობელი, რომელიც ძალდაუტანებლად შემოცურდა ავისმომასწავებელი სიტყვებით, მგრძნობიარე ტემბრით, თითქოს შორიდან, თითქოს ნეიტრალური ამ შემოძარცვულ სცენაზე, სადაც წითლად ეწერა ერთადერთი სახელი „პოლინიკე“, ანუ, სახელმწიფოს “ანტიგმირი“.

პირველად დავფიქრდი, რა ახალი ძალა ქონდა ანტიგონეს დღეს. რას აერთიანებდა მის თავში ეს გმირადსაქცევი გოგო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დისკურსში, ქუჩაში, სახლებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში.. რა დროული და საჭირო იყო ანტიგონეს თავგანწირვის და კრეონტის პოლიტიკური იძულების თავიდან გადააზრება დღეს. რა რომანტიკულია ახალგაზრდა სულის შეუპოვრობა  და რა უბედურია მისი მკვლელი, რამდენი გამართლებაც არ უნდა უპოვოს ამ ტრაგედიას სახელმწიფოს პატრონის, ან ხალხთან პასუხისმგებლობის სახელით, მაინც!

ანტიგონეს და ისმენეს პირველივე ნევროზულ დიალოგში, რეჟისორი თითქმის ანტიკური პიესის არქიტექტურის  დაცვით, საფინალო ტრაგედიის შთამბეჭდავ ესკიზებს ილუსტრირებს. ანტიგონე ხედავს მის მომავალს ისე, როგორც დარბაზი. ისმენე თამაშობს ანტიგონეს ბედისწერას ჯარისკაცების რკალში და ტექსტთან ერთად მისი გვემის გარდამავლობები ტკივილიანად სინქრონულია. ისმენე კომფორმიზმის  გაუბედავი ხმაა თვითგადარჩენის ინსტიქტით და ანტიგონეში ამ დროსაც სისხლის ყივილზე მეტად, გმირის ყივილის ამოზრდა იწყება, შემგუებელი და დამორჩილების შემთავაზებელი დის წინააღმდეგ. მისი ბეჭები კიდევ უფრო მრგვალდება და სხეულიც იცვლის ფორმებს, რადგან პატარა გოგო დიდი შურისძიების აღსრულების ფიცს, თითქოს მუცელში იგროვებს. და მისი ხმაც ემსგავსება სხეულს. სხეულს, რომელიც უარს ამბობს ჰემონთან მელოდრამულ ბოლომდე შეხებაზე, სიყვარულის გახანგრძლივებაზე, საერთო შვილის ოცნების ახდენაზე, რადგან მისი ჟინიანი თვალები და ძარღვი, მარტო ძმისთვის მისაყრელ მიწას ნატრობს და იხდენს კიდეც. ერთდროულად – ფორთხვით და ამაყად, ჩუმად და გაცხადებულად, უხმაუროდ და გამომწვევად.

მთავარი შეხვედრა – კრეონტია. ბიძა. მეფე. ქვეყნის პატრონი. პოლიტიკოსი. სიკვდილმომსჯელი.

კრეონტთან დიალოგში უკვე გმირი დაბადებულია. იარაღით ხელში, ის თავისუფალია, გაბედულია, გადაწყვეტილებამიღებულია და  ხელისუფალის ყველა „ლოგიკას“ მისი ირაციონალური თავდადება ისხლიტავს ბოლომდე. ის ოიდიპოსის ყველაზე ღირსეული ნაშიერია. მამის თვალები და ბოლო წლების მეგზური, მისი ღირსების მემკვიდრე და თავგანწირული, – კრეონტის სიტყვებში სიმართლის და უსამართლობის განურჩევლად.

კვდება ანტიგონე ჰემონთან ერთად  ნანგრევების თქერში და თითქოს სამყაროს ერთი კედელი, როგორც ადამიანობის ფუნდამენტი – ეშლება.. თითქოს. რადგან კრეონტი აგრძელებს მეფობას და სამყაროც თავის გზით, დამსჯელი ჯარისკაცების უკბილო ხუმრობების ბანალურ რიტმში მაინც მიდის..

მთხრობელი აღარაა ნეიტრალური.

ტკივილს ნანგრევები მიაყარეს.

მიყვარს ანტიგონე – მარადიული თავგანწირვის ნამდვილი ხატი.

ვულოცავ ზესტაფონის თეატრს მის “ანტიგონეს“, რომელიც ყველა სცენაზე უნდა ლაპაროკობდეს დღეს თაობების ომში, რომელიც ასევე ყველას გვეხება!!!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები