მთავარიახალი ამბები

“ბოლოს ორივენი გავანოვდნენ”

“ბოლოს ორივენი გავანოვდნენ”

თოჯინების თეატრი ბავშვობაშიც არ იყო ჩემი. რაღაცნაირად, ასე გამოვიდა. არ მაკავშირებდა მასთან მოგონებები, საბავშვო თავგადასავლები, თანატოლი მაყურებელი და მხიარული ამბები თეჯირიდან. სიყვარულსაც სჭირდება ცოდნა.

სამაგიეროდ, ბევრი გამიგია უნიჭიერესი ელისო ფანცხავას მამაზე. ასევე გამორჩეულ ხელოვანზე, არაორდინარულზე. მისი ამბებიც უფრო სტუდენტობის დროს წამომეწია. მივხვდი, რომ სხვა სული ჰქონდა.

მერე იას მმართველობის დროს შევეხე თოჯინების თეატრის პრობლემებს, რომელსაც კარდაკარ, კვალდაკვალ და დაუღალავად დაყვებოდა ია მოსაგვარებლად. ითხოვდა, წვალობდა, ზრუნავდა და გაიძულებდა გეთანაგრძნო. ამ დროსაც გამითბა გული და მეხსიერებაში ჩამრჩა მისი ანთებული თვალები „პატარების“ თეატრისთვის.

სულ ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა ბავშვობაში..

პრინციპში, ბავშვობაც ხომ პირობითია.. ისე, როგორც ყველაფერი „საბავშვო“..

ჰოდა თვითონ დამეწია „ბავშვობა“.

ახლა სულ სხვა განცდით და სულ სხვა მოლოდინით მივედი თოჯინების თეატრში სპექტაკლზე, რომელიც სულაც არ იყო საბავშვო. მივედი, უკვე თეატრის სიყვარულით გაპოხილი, თეატრის შავის და თეთრის უკეთესი(?) გამოცდილებით, ზე-ტკივილით, რომელიც მარადიულია და ჩემი, უკვე საბოლოოდ.

მარიამ სიხარულიძის სპექტაკლის „ვანოს და ნიკოს“ ნახვამდე, არც ერლომ ახვლედიანის ეს ტექსტი მქონდა წაკითხული.

პატარა, ვიქტორიანული ეპოქის მსგავს დარბაზში, შუქი მალევე ჩაქრა და ყველა ერთ სევდიან, საოცარ სანახაობაში გადავსახლდით.

ძილი, ალბათ, ყველა მგრძნობიარე ადამიანს უჭირს. ეს თითქოს ყველასთვის ნაცნობი ტკივილია. აბელ სოსელიას ვანო, ჯერ უძილობით გტკენს მის მარტოობას, მარგინალურობას დ მერე, თეჯირების ამონათებულ კუთხეებზე  ყოველდღიურობის ანიმაციით – ლიფტიდან თეატრამდე, თეატრიდან ლიფტამდე. ვანო, რომელიც დასუსტებულ სულს დაატარებს გაუხეშებული ადამიანების სამყაროში და საკუთარ ადგილს ეძებს, სადაც არავინ თვლის მნიშვნელოვნად, არავინ თვლის გასათვალისწინებლად და საჭიროდ, მითუმეტეს -ერთადერთად, განსაკუთრებით მის შემდეგ, რაც მოხუცი დედაც უკვდება..

ვანო, რომელიც ადამიანების სიყვარულს ეძებს მისი დაობლებული გულით.

ამის შემდეგ იწყება ვანო-ნიკოს გაორების ჯოჯოხეთური მისტერია. ფერებით, განათებით, თოჯინებით, მსახიობებით, პროექციებით, სატელევიზიო ეკრანებით, მუსიკალური თემების მთელი ორკესტრით, რომელიც სხეულს გიწვავს, გაშინებს, სიკეთის და ბოროტების ორთაბრძოლაში გატარებს და გღლის, გასუსტებს, გაეჭვებს გამარჯვების მოლოდინში.

მარიამ სიხარულიძის ვერსიაში ხომ ვანო თავიდანვე აცხადებს, რომ ის ნიკოცაა, როგორც ნებისმიერ ადამიანში სიკეთის და ბოროტების საწყისი. და რეჟისორის, თუ სარეჟისორო ხელობის(როგორც თეატრში იციან თქმა) შესაძლებლობების მთელი ეს კასკადი, სპექტაკლის შუაწელიდან ფინალამდე, გაიძულებს მიხვიდე კათარზისამდე, გახლეჩვამდე, საზღვის დადებამდე, საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში თვითგამორკვევდე.  და თუ არ შეგიძლია ამ ცეცხლში გაიარო, მაშინ დასასრულში გაიგონებ – „ბევრს ნუ ისურვებ, ვანიკო!“ 

ამ ფრაზამ არაჩვეულებრივად აწყობილ სპექტაკლში გავლილი „სიკეთის გამოგლეჯვის“ მთელი წამება უცებ დამავიწყა. რადგან კეთილმა, აუცილებლად უნდა ისურვოს მეტი. ეს ჩემი აზრია. სხვანაირად რა აზრი აქვს ცხოვრებას. ზომიერება სად შეუძლია სიყვარულის და სიკეთის მაძიებელ ადამიანს… მაგრამ ეს მხოლოდ ვანოზეა. მარიამ სიხარულიძის სპექტაკლში კი ვანოც ნიკოა და ნიკოც ვანო.. სამყაროს პატარა მოდელი უძილარ კაცში.

სახლში მოვედი და მაშინვე ჩავუჯექი ერლომ ახვლედიანის „ვანო და ნიკოს“. მიუხედავად რობერ სტურუას უმაგრესი, ფოიერვერკული სპექტაკლისა ამავე სახელწოდებით, მაინც – მადლობა მარიამს, ჩემგან.

„ვანო და ნიკოც“ ერთი არაჩვეულბრივია არჩევანია, რომელიც სიკეთის ბიბლიასავით უნდა იკითხებოდეს, საოცარი ტექსტურით, უსაშველოდ ადამიანური, კრისტალური სიტყვებით და განცდით, რომელშიც სულ გგონია, არ გკმარა მარცვლები, რადგან, როგორც დიდებულ ნაწარმოებებში, აქაც არაა მითითება- როგორი იყო. სიკეთე ყველაფერს აჭარბებს. სიყვარულით მთლიანად სავსეა  მოჩვენებითი წარმატებების სამყაროში მარტოკაცობის სევდა..

მე ერლომ ახვლედიანის დასასრულზე შევჩერდები მაინც, ჩემთვის უფრო მისაღებზე და ახლობელზე:

<<განიკოებული ვანო ბევრს ეცადა და ბოლოს, როგორც იქნა, გავანოვდა ისევ, მიუხედავად იმისა, რომ წვიმასავით დღე იყო.

ასე განიკოვდა ვანო და გავანოვდა ნიკო, ხოლო ბოლოს ორივენი გავანოვდნენ >>.

ნახეთ ეს ძალიან მაგარი სპექტაკლი თოჯინების თეატრში და გავანოვდით, ძვირფასებო!

არ შეგეშინდეთ, ინდომოთ მეტი, თუ ვანო ხარ და არა ნიკო !

ვულოცავ მარიამს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ქუთაისის თოჯინების თეატრს, ამ ახალ დღეს – საღამოს სპექტაკლებს (დავიწყებულ წარსულს)  და ახალ სიტყვას ერლომ ახვლედიანის არაჩვეულებრივად ჰუმანისტური სიურეალიზმით.

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები