საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზესტაფონში, უზნაძის ქ. N132-ში მდებარე კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა არ დადასტურდა.
“გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ქალაქ ზესტაფონში, უზნაძის ქუჩა N132-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე გვირაბის მშენებლობამ.
მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, წინა სამშენებლო კვლევების ეტაპზე, ჩატარდა გვირაბიდან 250 მეტრის მანძილზე არსებული ყველა საცხოვრებელი სახლის, მათ შორის, უზნაძის ქ. N132-ში მდებარე კორპუსის ტექნიკური მდგომარეობის აღწერა. აღწერის მიხედვით, კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინები, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდეც იყო დაზიანებული და კედლებზე აღინიშნებოდა არაერთი დიდი ბზარი.
ვინაიდან საცხოვრებელ სახლზე არსებული ბზარები იძლეოდა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას, 2021 წლის ნოემბრიდან, კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, სამუშაოების პროცესში, უზრუნველყოფილი იყვნენ დროებითი ქირით.
კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენის დასადგენად, სამუშაოების დაწყებისთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
თავდაპირველი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბინებზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს, ვიზუალური დათვალიერებისა და კონტროლის მიზნით აღებული მონაცემების მიხედვით, ზეგავლენა არ ჰქონდა. კორპუსთან მდებარე გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, დეპარტამენტმა ხელახლა მიმართა ექსპერტიზის ბიუროს. მეორე დასკვნის მიხედვითაც, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენა არ აქვს.
აღნიშნული დასკვნების გათვალისწინებით, არ დადასტურდა უზნაძის ქ. N132-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა. დასრულდა გვირაბის გაყვანის სამუშაოებიც. შესაბამისად, აღარ არსებობს კორპუსის მცხოვრებლების ქირით უზრუნველყოფის საფუძველი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტს უზნაძის ქ. N132-ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებთან, სამუშაოებისა და კვლევების წარმოების ყველა ეტაპზე, ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია მათი ინფორმირების მიზნით”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
კომენტარები