საერო და სასულიერო მმართველობა, მეცნიერები და მოძღვრები, ერი და ბერი, ერთად ვდგავართ გელათის სიწმინდისათვის ვინაიდან ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მატერიალური ძეგლის უწმინდეს სულიერ იდეას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გელათი უნივერსალური სულიერი იდეის მატერიალური ძეგლია, სადაც მეცნიერება და რწმენა ერთმანეთთან უნიკალურად არის შეზავებული.
” მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის მიმართ, მეუფეების მიმართ, ჩვენი საპატრიარქოს მიმართ, ეკლესიის მიმართ, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მოწიწებული პატივისცემა. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის გელათი ყველასთვის წარმოადგენს ჩვენი ერის, მე ასე ვიტყოდი, განუმეორებელ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას. ალბათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გელათი არის მართლაც უნივერსალური სულიერი იდეის მატერიალური ძეგლი, სადაც რომ იტყვიან, მეცნიერება და რწმენა ერთმანეთთან არის უნიკალურად შეზავებული. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ სწორედ ამ უნიკალური წმინდა სავანეს შექმნით, ჩვენმა დიდმა მეფემ, ლეგენდარულმა დავით აღმაშენებელმა სათავე დაუდო დიდი საეკლესიო მოღვაწის კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრების განხორციელებას, რომ ცოდნა აღვსებულიყო რწმენით და რწმენა გამხდარიყო მცოდნეობითი, ასე ვთქვათ. ამ გზით მოდიოდა გელათი საუკუნეთა განმავლობაში და დღეს ჩვენც, თანამედროვე საქართველოს მოქალაქენი, შვილები, ასე ვიტყოდი, სწორედ ამ ვალდებულების და აუცილებლობის წინაშე ვართ. საერო და სასულიერო მმართველობა, მეცნიერები და მოძღვრები, როგორც იტყვიან, ერი და ბერი, ერთად ვდგავართ გელათის სიწმინდისათვის, ვინაიდან ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მატერიალური ძეგლის უწმინდეს სულიერ იდეას და თითქოს ისევ, კვლავ გვაერთიანებს ჩვენი დიდი მეფე დავითი და გვახსენებს, თუ სად იქმნება და სად არის ქართველი ერის ჭეშმარიტი ერთობის ადგილი. ამიტომ მე მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, საქართველოს ეკლესიას, მეცნიერების წარმომადგენლებს, ქართულ საზოგადოებას დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა ამ საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში. მე ვარ ბედნიერი და მიხარია, რომ კვლავ ერთად ვდგავართ ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის და მაქვს პატივი, საქართველოს ეკლესიასთან ერთად, უზრუნველვყო გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის წარმატებით განხორციელება. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, მეუფე შიო, ძვირფასო საზოგადოებავ და ყველა ადამიანს, ვინც არის ჩართული და ვინც იქნება ჩართული შემდგომში ამ ეპოქალური პროექტის განხორციელების საქმეში, მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა და წარმატება ვუსურვო. დიდი მადლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
უკანასკნელ წლებში, გელათის სამონასტრო კომპლექსში განხორციელებული სამუშაოებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე შექმნილი სირთულეების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ძეგლის რეაბილიტაციის პროცესს სათავეში ჩაუდგა საქართველოს საპატრიარქო, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განაგრძობს საქმიანობის წარმართვას.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ მომზადდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროგრამა − შეიქმნა კომპლექსის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, რომლის მიზანია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების – ICOMOS-ისა და ICCROM-ის მისიების ანგარიშებში აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების უზრუნველყოფა.
კომენტარები