მეოცე საუკუნის სამოცდაათწლოვანმა ათეისტურმა კომუნისტურმა მმართველობამ ქუთაისშიც აწარმოა თავისი აგრესიული ათეისტური კამპანია, რომელსაც შეეწირა ქალაქის ცენტრში მდებარე წმიდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი.
ქუთაისის მერიის შენობის გვერდით, ამჟამად არსებული შრომის მემორიალის ადგილზე მდებარეობდა წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. აღნიშნულ ადგილზე 1450 წელს აიგო პირველი ტაძარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე არსებული ერთადერთი ტაძარი იყო.
დრო-ჟამის მსვლელობამ ძველი ტაძარი დააზიანა, რის გამოც, საჭირო გახდა ახალი ტაძრის აგება. 1829 წელს დეკანოზმა იესე გიორგაძემ წერილობითი თხოვნით მიმართა იმერეთის მთავარეპისკოპოს სოფრონს (წულუკიძე), რათა ნება დაერთო ახალი ტაძრის აგებისთვის. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ამ ადგილზე ააგეს ახალი ტაძარი, რომელიც აკურთხეს 1840 წელს. 1811 წლიდან (ჯერ კიდევ ძველ ტაძარში) 1861 წლამდე ხსენებულ ტაძარში ღმრთისმსახურებას აღასრულებდა დეკანოზი იესე გიორგაძე (გარდაიცვალა 1861 წლის 27 ივნისს). ერთ დროს წმიდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი ქუთაისის საკათედრო ტაძარი იყო.
ამ ტაძარში არაერთი ქადაგება აქვს წარმოთქმული წმიდა მღვდელმთავარს, საქართველოს ეკლესიის მნათობსა და ოქროპირს, იმერეთის ეპისკოპოს წმიდა გაბრიელს (ქიქოძე). ხსენებული ქადაგებებიდან რამდენიმე ჩვენამდე მოღწეულია.
აღნიშნულ ტაძარში მსახურობდნენ ცნობილი სასულიერო პირები: დეკანოზი რაჟდენ გიგაური (1877-1904 წლებში), დეკანოზი კორნელი კეკელიძე (1905 წელს) (შემდგომში ცნობილი აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი) და სხვანი.
ქუთაისის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის გალავანში მდებარეობდა სასაფლაო, რომელიც ერთგვარი პანთეონი იყო, სადაც ცნობილი და გამოჩენილი პიროვნებები იყვნენ დაკრძალულნი. საფლავები იყო ტაძრის ინტერიერშიც.
ქალაქის ცენტრში მდებარე აღნიშნულ ტაძარში დაკრძალულები იყვნენ:
1. ტაძრის აგების მოთავე, დეკანოზი იესე გიორგაძე, რომლის საფლავის ქვაზე ამგვარი წარწერა იყო: „მოშიში სახარების იგავისა, რათა არა მეწოდეს უხმარი მონა მოწაფე მადლთა ღვთისათა ასრულებად წადილის ჩემისა და ვიხილე ნაყოფი ნაშრომთა ჩემთა – აგებითა ქუთაისის ტაძრისათა სახელსა ზედა წმიდათა მთავარანგელოზთა მიხაილ და გაბრიელისათა, რომელ შინა დავემკვიდრე სასოებით – განსრული საწუთოის ცხოვრებისაგან ჩყჲა წელსა, თვესა ივნისსა 27 სა რიცხვსა, მოხუცი 85 წლისა დეკანოზი იესე გიორგაძე, ვინაცე გევედრები ყოველითა შენდობა მიბრძანოთ ჩემ უღირსებისათვის მამანო და ძმანო, აჰა შესრულდა საღმრთო განჩინება, მიწა მოვიქეც და თქვენდაც ჯერ არს ხსენება განჩინებისა ამის – ამინ“;
2. დეკანოზი რაჟდენ გიგაუროვი (გიგაური), რომელიც გახლდათ ხსენებული ტაძრის წინამძღვარი, რომლის საფლავის ქვაზე იყო წარწერა: „არა დავიდებ გულსა ჩემსა, გარნა მხოლო იესო და ესეცა ჯვარცმული ამა მთავარანგელოზობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი რაჟდენ გიგაური (1837-1904 წ.);
3. თავადი დიმიტრი გრიგოლის ძე წერეთელი.
წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის გალავანში დაკრძალულნი იყვნენ:
1. ექიმი სამსონ ბესარიონის ძე თოფურია (შენ. ამჟამად განისვენებს ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში);
2. აზნაური ივანე სიმონის ძე ბაქრაძე (დაკრძალული იყო ტაძრის სამრეკლოს ქვეშ, რადგან მას აუშენებია ეს სამრეკლო, რასაც ვიგებთ წარწერიდან, რომელიც არსებობდა მის საფლავის ქვაზე);
3. აზნაური გაბრიელ ივანეს ბაქრაძე;
4. აზნაურ გაბრიელ ბაქრაძის მეუღლე მართა სიმონის ასული;
5. თავადი სვიმონ ივანეს ძე აბაშიძე;
6. როდამი გაბრიელის ასული ქავთარაძე-ივანოვისა;
7. აზნაური მურზაყან მამუკას ძე იოსელიანი;
8. თავადი სიმონ აბაშიძე;
9. აზნაური კონსტანტინე იოსელიანი;
10. აზნაური სტეფანე ლოლუა;
11. აზნაური იოანე ვარლამის ძე მხეიძე;
12. უბრწყინვალესი თავადი ეკატერინე დავითის ასული ბაგრატიონი-ერისთავისა;
13. პოლკოვნიკი, თავადი კონსტანტინე დიმიტრის ძე ქსნის ერისთავი;
14. აზნაური საბა კლდიაშვილი (შენ. ამჟამად განისვენებს ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოზე);
15. ქუთაისის ყოფილი ქალაქის თავი, თავადი ნიკოლოზ აბაშიძე;
16. უბრწყინვალესი თავადი მიხეილ მიხეილის ძე შარვაშიძე;
17. თავადი ასლან წულუკიძე;
18. თავადი დავით ერისთავი
(აქ მოხსენიებულ დაკრძალულ პირთა ჩამონათვალი აღებულია მერაბ კეზევაძის სამეცნიერო შრომიდან “სასაფლაოები XIX საუკუნის ქუთაისში“, სამეცნიერო შრომების კრებულიდან „ქუთაისი და ქუთაისის ქვეყანა“, ქუთაისი, 2022 წელი).
1944 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაანგრია ქუთაისის ცენტრში მდებარე წმიდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი, ხოლო მის ინტერიერსა და გალავანში დაკრძალულ მიცვალებულთა ნეშტების ერთი ნაწილი სხვადასხვა სასაფლაოზე გადაასვენეს (ძირითადად მწვანეყვავილას პანთეონში, ზოგიერთიც საფიჩხიის სასაფლაოზე), თუმცა საფლავების მეორე ნაწილი არ გაუხსნიათ და დღესდღეობითაც რამდენიმე საფლავი მიმობნეულია ამ ადგილზე, ხოლო იქვე მდებარე სახეცვლილი ქვის გალავანი, სწორედ ხსენებული ტაძრის გალავნის ნაწილი არის.
წმიდა მთავარანგელოზთა ტაძარს გააჩნდა სამრეკლო, რომელიც ტაძრის დანგრევიდან ერთ წელიწადში, 1945 წელს დაანგრიეს.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ ამ ტერიტორიას, სადაც ამჟამად შრომის მემორიალია განთავსებული და იქვეა მხარისა და ქალაქის ადმინისტრაციული შენობა, დღესდღეობით არავითარი გარეგნული კვალი ეტყობა, რომ აქ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში სასაფლაო იყო, ხოლო აქ მდებარე საფლავთა შორის ზოგიერთი კვლავ აქვეა.
ცათა სასუფეველი და საუკუნო ხსენება ამ ადგილზე განსვენებულთა უკვდავ სულებს!
გავიდა დრო… ღვთის წყალობით დასრულდა ათეისტური რეჟიმი. საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ამის კვალად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას კვლავ მიეცა თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა. ამ ფონზე, ღვთის ნებითა და საერო ხელისუფლების თანხმობით, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ ქუთაისის მერიის შენობაში აკურთხა წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომელიც მოქმედია და არის ათეისტების მიერ დანგრეული ტაძრის სამართალმემკვიდრე.
ფოტო: ქუთაისის წმ. მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი, რომელიც მდებარეობდა ქალაქის ცენტრში, კომუნისტურმა რეჟიმმა დაანგრია 1944 წელს (ფოტოზე მოსჩანს ტაძრის გალავანში არსებულ საფლავთა ნაწილი)
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები