ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები ჭიათურის მერიასთან არიან შეკრებილი და ღირსეულ ანაზღაურებასა და შრომით პირობებს ითხოვენ.
3 ათასზე მეტი მაღაროელი კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
ამ დროისთვის ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია, თანამშრომლები კი ქუჩის პროტესტის რეჟიმზე არიან გადასული. აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ და საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.
“ჩვენი თხოვნა იქნება კიდევ სახელმწიფოსთან, ბატონ ღარიბაშვილთან, რომ მოგვექცეს ყურადღება, ჩამოვიდეს შრომითი ინსპექცია, დაიგეგმოს მაღაროელების გეგმა – არ აღემატებოდეს ადამიანების ჯანმრთელობას და ის გეგმა, რაც არის კანონმდებლობით ისე გავყვეთ მუშაობას. თუ არ გაითვალისწინეს, კიდევ მეტი გამოვა, მოსახლეობა გამოვა და ეს აქციები გაგრძელდება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მაღაროელების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროტესტი გაგრძელდება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
კომენტარები