მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უხარისხო სამშენებლო მასალები და კორპუსები დაშენების პერსპექტივით – საფრთხე, რომელიც ქუთაისის მოსახლეობას ემუქრება და ხელისუფლება არ რეაგირებს

უხარისხო სამშენებლო მასალები და კორპუსები დაშენების პერსპექტივით – საფრთხე, რომელიც ქუთაისის მოსახლეობას ემუქრება და ხელისუფლება არ რეაგირებს

ქუთაისში უხარისხო და სიცოცხლისთვის სახიფათო კორპუსები  მომრავლდა. ქალაქში სამშენებლო ბიზნესი ვითარდება, თუმცა კონკურენციის მიუხედავად კომპანიების  ნაწილი მრავალსართულიან კორპუსებს უხარისხოდ და არაჯეროვნად ასრულებს.

სამშენებლო ექსპერტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ შენობის ხარისხი ქუთაისში მთავარი პრობლემაა, რადგან ხელისუფლებასთან ან ცალკეულ პირებთან გარიგებაში შესული სამშენებლო კომპანიები საპროექტო დოკუმენტაციის გვერდის ავლით ასრულებენ სამუშაოებს. შედეგად კი ვიღებთ კორპუსებს, რომლებმაც შესაძლოა, საშუალო მიწისძვრის ბიძგებსაც ვერ გაუძლოს.

დღეს სამშენებლო ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შეთანხმებულ პროექტზე შემდეგ სართულების დაშენებაა. ამ დროს საყურადღებო არა მარტო ის სართულებია, რომლებიც დააშენეს, არამედ მთლიანი ნაგებობა, რადგან საძირკვლის ჩასხმისას, დამატებითი სართულები გათვლილი არ იყო, აქედან გამომდინარე, სათუოა არსებულმა საძირკველმა, დამატებით სართულებს გაუძლოს.

სამშენებლო კომპანიები ხშირად კორპუსის ბოლო სართულზე  სპეციალურად ტოვებენ ამოწეულ არმატურებს, რომელიც მშენებლებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მალე ან გარკვეული პერიოდის შემდეგ მასზე სართულები დააშენოს, ეს იქნება ფანჩატური, მსუბუქი კონსტრუქცია, მანსარდა, თუ  ა.შ.

ხშირია შემთხვევები, როცა პროექტით განსაზღვრულია მსხვილი არმატურა და იყენებენ უფრო სუსტს, ამით სამშენებლო კომპანია ბუნებრივია, ზოგავს თანხას, თუმცა ხდება დოკუმენტაციის დარღვევა და ამით ზარალდება მომხმარებელი, რომელიც საცხოვრებლად შევა კორპუსში. საპროექტო დოკუმენტაციის კონსტრუქციულ ნაწილში განსაზღვრულია არმატურის ზომები და ბეტონის  მარკა, თუმცა გადახვევა და  ნაკლები სიძლიერის (მარკის) გამოყენება ხდება ფასიდან გამომდინარე.

მშენებლობის ექსპერტების თქმით, კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ მშენებარე კომპანიამ მერია მუდმივად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში ეტაპების წარდგენის ფორმით, რა ეტაპზეა სამუშაოები და როგორ მიმდინარეობს ის და ამავე დროს მერიის ზედამხედველობის კომპანია ვალდებულია, შეამოწმოს  არის თუ არა იმ ზომის არმატურა გამოყენებული, რომელიც პროექტით იყო გათვალისწინებული. არის რიგი ობიექტები, რომლებსაც მერია საგულდაგულოდ ამოწმებს და მცირე შეცდომებსაც არ აპატიებს და არის ობიექტები, რომლებიც იყენებენ მცირე ზომის არმატურას.

ასევე, ქუთაისში მომრავლდა აშენებული კორპუსები,  რომლებიც შეფუთული არ არის  წყალ და ნესტგამძლე ე.წ პენოპლასტის ფილებით. რის გამოც, როდესაც კორპუსში ბინადარი შევა, ცხოვრებისას ეტაპობრივად კედლები დანესტიანდება და ხავსი მოედება.

სფეროს სპეციალისტების თქმით, ხშირად კომპანიებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაკისრებული ჯარიმები შეუსაბამოა იმ მოგების, რომელსაც ისინი მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება საპროექტო დოკუმენტაციიდან გადახვევას.

დაინტერესდება თუ არა პროკურატურა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, როცა დასახელდა რამდენიმე ფაქტი, როგორ ატყუებენ სამშენებლო კომპანიები მომხმარებლებს, ეს უცნობია,  ასევე უცნობია მოხდება თუ არა იმ თანხების წარმომავლობის დადგენაც, რომლითაც სამშენებლო კომპანიები სამუშაოებს ახორციელებენ.

“ინფო იმერეთმა” ქუთაისის მერიას ოფიციალური საჯარო დოკუმენტით უკვე მიმართა, რომლითაც საინფორმაციო სააგენტო მოითხოვს ქუთაისში არსებული ყველა იმ სამშენებლო კომპანიის სახელს, რომელმაც სამუშაოები დაგვიანებით შეასრულა, პროექტს გადაუხვია და დაშენება გააკეთე და მერიამ ის ან დააჯარიმა ან არა.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტები აგრძელებენ სამშენებლო მიმართულებით მუშაობას და ყველა დაზარალებულს დაკავშირებისკენ მოვუწოდებთ.

კომენტარები