საქართველოს საპატრიარქო გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ადგილზე ჩამოსულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია, რომლის წევრებიც ეცნობიან სიტუაციას და მიმდინარე საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ გელათში ამჟამად მუშაობს კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს კედლის მხატვრობის ტექნოლოგიურ კვლევას, ამზადებს მხატვრობის ტექნოლოგიის ვიზუალური ლექსიკონს, ხდება ძეგლზე არსებული პრობლემების დეტალური აღწერა.
როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, ინსპექტირების სამუშაოების დასრულებისთანავე, 15 ივლისს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
“მისიის ფარგლებში მოწვეულნი არიან იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც დარგის წამყვან ინსტიტუციებს წარმოადგენენ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლზე წარმატებით მუშაობის გამოცდილება აქვთ.
გელათში ამჟამად მუშაობს კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს კედლის მხატვრობის ტექნოლოგიურ კვლევას, ამზადებს მხატვრობის ტექნოლოგიის ვიზუალური ლექსიკონს, ხდება ძეგლზე არსებული პრობლემების დეტალური აღწერა.
არსებული მდგომარეობის დოკუმენტაცია უკვე წარედგინა საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობის ინსპექტირებას ახდენენ. შეგროვებული მასალის საფუძველზე მოხდება კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებებს განსაზღვრა.
საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხედვა და შემუშავებული მიდგომები გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს და მისი სათათბირო ორგანოების, ეროვნულ სამეცნიერო საბჭოსა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე იქნება განხილული.
ზემოხსენებული ინსპექტირების სამუშაოების დასრულებისთანავე, 2023 წლის 15 ივლისს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სამეცნიერო დისკუსიას, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
გელათის სამონასტრო ტაძრის რეაბილიტაცია კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოს 24 თებერვალს გადააბარა.
კომენტარები