მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩამომყევით მიწისქვეშ, სხვა ქუთაისს გაგაცნობთ!” 

“ჩამომყევით მიწისქვეშ, სხვა ქუთაისს გაგაცნობთ!” 

ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი რიონის მარჯვენა მხარეს, წითელ და ჯაჭვის ხიდებს შორის, ბუნებრივი კარსტული გამოქვაბულის შესახებ წერს.

“ჩამომყევით მიწისქვეშ, სხვა ქუთაისს გაგაცნობთ!

აქ არც ბაგრატის ტაძარია, არც მწვანეყვავილა და  ბულვარი. და მაინც, ეს ქუთაისია, წყვდიადსა და  მოლოდინში ჩაძირული უცნობი ქუთაისი.

ცენტრში, რიონის მარჯვენა მხარეს, წითელ და ჯაჭვის ხიდებს შორის, ბუნებრივი კარსტული გამოქვაბულია.

უძველესი ხალხური თქმულებით, მერვე საუკუნეში თითქოს  აქ აფარებდნენ თავს დავით და კონსტანტინე მხეიძეები. მურვან ყრუს მეომრებს არგვეთელი გმირების მომსახურე დედაბერი მაშინ შეუპყრიათ, როცა გვირაბიდან გამომდინარე წყაროზე რეცხავდა არაბების სისხლით გასვრილ მათ ტანსაცმელს. არაბმა დარაჯებმა აიძულეს დედაბერი, ეთქვა, თუ ვისი იყო სამოსი და ამით მიაგნეს მხეიძეების კვალს…

… მაგრამ მკვლევრებს ნაკლებ სარწმუნოდ მიაჩნდათ, რომ ეს კარსტული გამოქვაბული ადამიანთა ხანგრძლივ საცხოვრისად გამომდგარიყო.  საკითხს სწავლობდა ცნობილი მხარეთმცოდნე, სათაფლიის  დიდი მესვეური პეტრე ჭაბუკიანი, რომელმაც  ამ ძებნის დროს წითელ ხიდთან, მდინარე რიონის ორივე ნაპირას, ძველი ქვის ხიდის ნაშთებს მიაკვლია.

1956 წლის დასაწყისში  პეტრე ჭაბუკიანმა ამ ცნობილი გვირაბის მახლობლად, კერძო მოსახლის ეზოში, სრულიად უცხო კარსტული გვირაბიც აღმოაჩინა!

გვირაბის  შესასვლელი მინაყარი ქვებით იყო დაფარული. შესასვლელის გაწმენდამ  ცხადყო, რომ თავშესაფრად მისი გამოყენება  შეიძლებოდა: კედლებს ხელოვნური დამუშავება ეტყობოდა და ჩანდა, რომ იგი, თავდაპირველად, ვიწრო კარსტული გვირაბი ყოფილა, შემდეგ კი გაუფართოებიათ.

ცხადია, საინტერესო იყო ორივე გვირაბის შესწავლა, რაც საკმაო სიძნელეებთან იქნებოდა დაკავშირებული – გვირაბები ხომ კარსტულ მოვლენათა რთულ კომპლექსს წარმოადგენდა…

1956 წლის 27 დეკემბერს ქართველ ალპინისტთა  უფროსი თაობის წარმომადგენლები – ალიოშა  (ატე) ნემსიწვერიძე, გივი ყალაბეგიშვილი და ფოტოჟურნალისტი ბონდო მაღლაფერიძე, სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილები, პეტრე ჭაბუკიანის დახმარებით, ჩავიდნენ პირველ გამოქვაბულში. ისინი მაშინვე წააწყდნენ მიწისქვეშა ღელეს, იარეს 80-90 მეტრამდე მანძილი გვირაბში გამავალ წყალში, რომელიც პატარ-პატარა ტბებს ქმნიდა… ნახეს სტალაქტიტები და სტალაგმიტები – პატარა ზომისანი (ალიოშა ნემსიწვერიძის ვარაუდით, მათ ზრდაში ხელს  შეუშლიდა გვირაბში ჰაერის ცირკულაცია  და წყლის რაოდენობის ცვალებადობა).

ამ გვირაბის ერთ-ერთ დარბაზში მათი ყურადღება მიიპყრო ვერტიკალურად აღმართულმა  ბუხრისებურმა გვირაბმა. მკვლევრებმა თავამდე მისი აყოლა ვერ შეძლეს, რადგან ხელი შეუშალათ კედლის სისველემ. მაშინდელი ყაიდის ელექტროხელსაწყოს ძლიერმა შუქმაც კი ვერ მიაღწია ამ “ბუხრის” თავს.

კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა მეორე, უცნობ გამოქვაბულში შესვლა. ალიოშა ნემსიწვერიძე იგონებდა:

“მას 14-15 მ სიგრძის ვიწრო შესასვლელი აქვს, რომელიც საკმაოდ ფართო, მაღალი და მშრალი დარბაზით მთავრდება. გვირაბს  ხელოვნური გაფართოების კვალი ატყვია. გვეგონა, ამ დარბაზით მთავრდებოდა გვირაბი, მაგრამ ჩვენი ყურადღება  წყლის ხმაურმა მიიპყრო. ცივი ჰაერის ნაკადიც გვცემდა. ელნათურის შუქზე, დარბაზის მარჯვენა კუთხეში  ვიპოვეთ ვიწრო ხვრელი, რომელშიც  ადამიანის ჩასვლა შეიძლებოდა. მალე ამ ხვრელით დიდ დარბაზში აღმოვჩნდით, რომლის ცოტა ქვემოთ  წყალი მიედინებოდა. გავყევით დინებას. ზოგან გვირაბი ვიწროვდებოდა და ზოგან კი კარგა მოზრდილი იყო.. რამდენიმე  დარბაზიც შეგვხვდა. გვირაბი ლაბირინთად არის  განშტოებული, რომლის კედლებსა და განშტოებებში საუცხოო ფორმის ბუნებრივი ჩუქურთმები – სტალაქტიტური, სტალაგმიტური და ტრავერტინის შრეები ჩანდა.

200 მეტრამდე გავყევით წყლის დინებას, ბოლოს  კი გვირაბი პატარ-პატარა გვირაბებად  დაიყო და…

წყალვარდნილს  წავადექით. დავრწმუნდით, რომ ეს გვირაბი იმ გვირაბის გაგრძელებას  წარმოადგენს, რომელიც მდინარე რიონის ნაპირიდან იწყება…

ცხადი გახდა, რომ წყალი, რომელიც  გვირაბში მოედინება, სათავეს არქიელის გორის  დასავლეთით მდებარე, “თეთრამიწას” ძაბრებიდან იღებს. ამიტომ ჩვენთვის საინტერესო იყო,  გაგვეგო, ამ  გვირაბით შეიძლებოდა თუ არა  ძაბრებამდე ასვლა. პირი ვიბრუნეთ და  წყლის დინებას  აღმა ავყევით. გავიარეთ რამდენიმე  ვიწრო გასასვლელი და ვრცელი დარბაზი, ბოლოს კარგა მოზრდილ ტბას წავადექით, რომლის ზედაპირი გვირაბის ჭერს ეხებოდა.

გასვლა მხოლოდ ტბაში ჩაყვინთვით  შეიძლებოდა, მაგრამ  შეუძლებელი იყო წყალში სინათლის  გატანა, ამიტომ წინსვლა შეფერხდა. გვირაბის მთლიანი შესწავლა შესაძლებელია. საჭიროა  მხოლოდ სათანადო აღჭურვილობა და წყლის  დინების დონის დაკლება. გვირაბის სიგრძე, დაახლოებით, 2 კილომეტრი იქნება და გზადაგზა  მრავალი ტბა და წყალვარდნილია მოსალოდნელი, რადგან  გვირაბის სათავე რიონის დონიდან 180 მეტრის სიმაღლეზე იმყოფება”.

**************
ალიოშა ნემსიწვერიძეს მიაჩნდა, რომ კარსტული მოვლენები რომელიმე ქალაქში მანამდე არსად აღმოუჩენიათ, ეს პირველად ქუთაისში მოხდა. ცნობილი მთამსვლელი, სპელეოლოგი და პედაგოგი თვლიდა, რომ საჭიროა ამ ობიექტის ყოველმხრივი შესწავლა, შემდეგ კი – კეთილმოწყობა:

“ისე, რომ ყველას შეეძლოს მისი დათვალიერება. ქუთაისის კარსტული გვირაბი საინტერესო ობიექტად უნდა გადაიქცეს”.

თითქმის 57 წელი გავიდა ამ გაბედული იდეიდან.

მკვლევართა პირველმა თაობამ თავისი საქმე გააკეთა, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში კი, ალბათ, გაცილებით შორს წავალთ, თუ ქუთაისში  მიწისქვეშა ტურიზმის განვითარებაზე  იზრუნებს სახელმწიფო.

პეტრე ჭაბუკიანის, ალიოშა  ნემსიწვერიძის, გივი ყალაბეგიშვილისა და ბონდო მაღლაფერიძის  წვლილი კი დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

არ  იოცნებებდით ქუთაისის ქვეშ,  ამ უჩვეულო სამყაროში, მოგზაურობაზე?

ნანული ცხვედიანი

2013 წელი. ქუთაისი”.

სურათზე: ატე ნემსიწვერიძე კარსტში, ბუხრისებრ გვირაბში. 1956 წ. 27 დეკემბერი. ბონდო მაღლაფერიძის ფოტო.

კომენტარები