2023 წლის 4 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ ქალთა საფეხბურთო კლუბი “მართვე“ და მისი მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი პასუხისმგებლად ცნო ამავე კლუბის 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში.
მათ ფეხბურთელებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება – 36 000 ლარის გადახდა დააკისრა – ცხრიდან ხუთი ფეხბურთელი გოგო, “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ღიად ლაპარაკობს ჯერ კიდევ მათი არასრულწლოვნობის პერიოდში, როგორც საკუთარ თავზე განცდილ, ისე მათი მეგობრების თავს გადახდენილ სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ამბებზე.
საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ ყოფილმა მწვრთნელმა თანამდებობა 2020 წელს დატოვა. გოგონებზე სექსუალური შევიწროების ფაქტებს ის დღესაც კატეგორიულად უარყოფს და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ანუკა სინატაშვილი დღეს 27 წლისაა, ნატა სამხარაძე 18-ის, ლანა გორგაძეს 26 წელი შეუსრულდა, ანა ჯანელიძეს – 24. მარი ხარგელია 21 წლისაა.
დანარჩენი ოთხი გოგო საჯაროდ ლაპარაკისგან ჯერ თავს იკავებს, თუმცა ყოფილი მწვრთნელისთვის სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილება ყველამ ერთად მიიღო.
ფეხბურთს ბავშვობიდან თამაშობენ. ბავშვობიდანვე იცნობენ პაატა დოგრაშვილსაც.
მწვრთნელს ენდობოდნენ, უყვარდათ და ემეგობრებოდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ქცევა, როგორც გოგოები ჰყვებიან, მათთვის უსიამოვნო გახდა. ამაზე ისინი დიდხანს დუმდნენ და, როგორც ამბობენ, მწვრთნელის ქცევას სახელსაც კი ვერ უძებნიდნენ.
ფეხბურთელები იხსენებენ არაერთ შემთხვევას, რომლის დამალვაც წლების განმავლობაში უწევდათ – ხელით შეხება, უხეშად მიმართვა, გოგონების გასახდელში უნებართვოდ შესვლა, პირადი სექსუალური გამოცდილებების განხილვა, ერთად პორნოგრაფიული ფილმების ყურება.
“არ ვიცოდოთ, რომ ეს სექსუალური შევიწროება იყო“.
“ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა ამოსათქმელად“.
“ვგრძნობდით, რომ ეს არ იყო ნორმა“.
“ბრაზი გვახრჩობდა“.
“ვეუბნებოდით, გასახდელიდან გადი, ჯერ არ გვაცვია-თქო“.
„მარტო რომ ვყოფილიყავი, ვერასოდეს გავბედავდი ამაზე ლაპარაკს“.
„მეშინოდა, რომ ყველა ჩვენ დაგვაბრალებდა რამეს“.
„ისე ვენდობოდი, რასაც მეტყოდა, ყველაფერს ვასრულებდი“.
„გვეუბნებოდა, თქვენი ხელფასის ნაწილი მე უნდა მომცეთო“.
„თხა, ქაჯო, დებილო – ასე მოგვმართავდა საჯაროდ“.
„დავინახე, ისე ეხებოდა (გოგოს), როგორც არ შეიძლება შეეხო, სიმწრისგან ვიტირე და გავიქეცი“.
ეს ანუკას, ნატას, ლანას, ანასა და მარის სიტყვებია.
„მართვეს“ ფეხბურთელების ამბავი, შესაძლოა, არც გასაჯაროებულიყო და არც სასამართლომდე მისულიყო, რომ არა ერთი ტრენინგი სექსუალურ შევიწროებაზე, რომელსაც ქალებისათვის ატარებდა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. სწორედ იქ ახსენა ერთმა გოგომ დისკუსიის დროს, მსგავსი რამ ჩვენს კლუბშიც ხდებოდაო.
PHR-ის ადვოკატი, ანა თავხელიძე იხსენებს, რომ ეს კომენტარი არ გამორჩენიათ.
სულ 33 სასამართლო პროცესი გაიმართა.
თავის მხრივ, ფეხბურთელი ქალების ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას ქუთაისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ.
სპორტში სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციაზე საქართველოში ქალ სპორტსმენებს ადრეც ულაპარაკიათ, ოღონდ ანონიმურად. ასეთი შემთხვევების ნაწილმა „შეუმჩნევლად“ ჩაიარა და მათზე არც გამოძიება დაწყებულა.
წყარო: “რადიო თავისუფლება“
კომენტარები