მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მრეწველობა XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისში

მრეწველობა XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისში

მეოცე საუკუნის დასაწყისის ქუთაისი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ერთ-ერთი ცენტრალური ქართული ქალაქი იყო, სადაც მრეწველობა იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი დინამიკით არსებობდა, მოთხოვნის შესაბამისი საგნებისა და ზოგადი პროდუქციის დამზადებით.

მე-19 საუკუნის უკანასკნელ ხანებში, მე-20 საუკუნის წინარე წლებში ქუთაისში ფუნქციონირებდა ოცდახუთი სამრეწველო საწარმო, რომელთაგან ჩვიდმეტი საამქრო აგურს აწარმოებდა. მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში კი, კერძოდ 1909 წლისათვის, ქუთაისში არსებობდა აგურ-კრამიტის მწარმოებელი ოცდათხუთმეტამდე საამქრო.

ოდნავ მოგვიანებით, 1912 წლისათვის ქუთაისში ფუნქციონირებდა შემდეგი საწარმოები: აგურის – ოცდახუთი ერთეული, კრამიტის – ათი ერთეული, კირის – ორი ერთეული, ხე-ტყის სახერხი – შვიდი ერთეული, საპნის – ორი ერთეული, ტყავის – სამი ერთეული, შამპანურის – ორი ერთეული, ხელოვნური მინერალური წყლების – ექვსი ერთეული, თამბაქოს – ერთი ერთეული. ხსენებულ საწარმოებში იმხანად საერთო ჯამში დასაქმებული იყო ორას სამოცდაათამდე მუშა.

მომდევნო, 1913 წლისათვის ქუთაისში სამრეწველო საწარმოთა საერთო პროდუქცია იყო იმჟამინდელი რუსული ვალუტის 290 ათასი მანეთის ოდენობის.

სამრეწველო წარმოებასთან ერთად ქუთაისში ხსენებულ პერიოდში განვითარებული იყო ხელოსნობა და ვაჭრობა. ხელოსნები ძირითადად იმერეთის სხვადასხვა კუთხის სოფლებიდან ჩამოსული ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები იყვნენ, ხოლო ვაჭრობის საქმეებში დიდწილად აქტიურობდნენ ეთნიკურად ებრაელი და სომეხი მოქალაქეები.

ხელოსნობის მსურველებს უნდა გაევლოთ შეგირდობა, როდესაც ისინი შეისწავლიდნენ სასურველ სახელოსნო საქმეს. აღსანიშნავია, რომ 1913 წელს ქარგლის კვალიფიკაციაზე ქუთაისის სახელოსნოებში გამოცდა ჩაუბარებია 6554 შეგირდს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მათი ნაწილი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ ქუთაისიდან სხვა დასახლებულ პუნქტებშიც მიდიოდა მუშაობის მიზნით.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის დასაწყისისათვის ქუთაისში ხელოსანთა საერთო რიცხვი თითქმის 19-ჯერ გაზრდილა. 1913 წლის მონაცემებით ქალაქში სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე მშენებლები იყვნენ ხელოსანთა საერთო რაოდენობის ერთ მესამედზე მეტი.

მე-20 საუკუნის მეორე ათწლეულის შუა ხანებში ქუთაისს ემსახურებოდა 2641 ოსტატი და 4860 ქარგალი. მათი საერთო წლიური შრომითი შემოსავალი იყო 919 320 მანეთი. ხელოსანთან ნაწილი მუშაობდა ე.წ. არასამრეწველო მიმართულებებში. საერთო გამოთვლებით ხსენებული პერიოდისათვის ქუთაისის ფაბრიკა-ქარხნებში დასაქმებული მუშებიდან, თითოეული ამზადებდა  დაახლოებით 1000 მანეთის ღირებულების პროდუქციას წლიურად, ხოლო ერთი ხელოსანზე დაახლოებით მოდიოდა 500 მანეთი.

სამრეწველო საქმიანობა მე-20 საუკუნის ოციანი წლების აწ უკვე საბჭოთა ქუთაისში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გაიზარდა, თუმცა, ეს იყო უფრო პროპაგანდისათვის გათვლილი ქმედება საბჭოთა რეჟიმის მხრიდან, რომელსაც სურდა, რომ თავი მოეწონებინა თავისი “მიღწევებით“.

აქვე, დავსძენთ, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთის იმპერიის დროინდელ ქუთაისში ხელოსნებისა და მუშების საერთო რაოდენობის ჩვენამდე მოღწეული საერთო რიცხვიც რამდენადმე ხელოვნურად იყოს გაზრდილი (ხსენებულ ცნობებს ხშირად აღნუსხავდა და ადგენდა საბაზრო ზედამხედველობა, რომელიც დაინტერესებული იყო ქუთაისში ხელოსანთა სამმართველოს აღდგენით და არ არის გამორიცხული, რომ ამ მიზნით, შესაძლოა, მონაცემთა რიცხვები გაზრდილიც კი ყოფილიყო) თუმცა, ხელოსანთა შრომითი შემოსავალიც ალბათ, უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე ამას თავად ხელოსნები უთითებდნენ და ამ გარემოების გათვალისწინებით, შესაბამისად იმჟამინდელი ქუთაისელი ხელოსნების საერთო შრომითი შემოსავლის რაოდენობა ზედმეტნაკლებად სინამდვილეს უნდა ასახავდეს.

 

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები