მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თუ საზოგადოება არ იცავს მედიას, არ იცავს საკუთარ თავს” – ქუთაისში მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა

“თუ საზოგადოება არ იცავს მედიას, არ იცავს საკუთარ თავს” – ქუთაისში მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა

დღეს, “ქუთაისიპოსტის” ორგანიზებით, ქუთაისში, ღია ცის ქვეშ, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა მედიის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით წარსულის მაგალითებს და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. შეეხნენ ცენზურის ფორმებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს საქართველოში თავისუფალი მედია დგას.

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის მცველების” იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, რომ ყოველთვის, როდესაც ხელისუფლება სხვადასხვა ფორმით ებრძვის თავისუფალ მედიას, ებრძვის საზოგადოებას, რადგან მედიაში ხედვას სიძლიერეს, როგორც კარგ ხმას საზოგადოებისთვის.

“თქვენ (მედიას) კი არ გაშინებენ ამით, სურთ საზოგადოება იყოს შეშინებული, რადგან თქვენ ხართ მედიუმი. საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თუ აზრის გამოსახატავად ამ მედიუმის გამოიყენებთ, თქვენ ხართ საფრთხის ქვეშ. ამიტომ ყოველთვის, როცა მეტად გებრძვით ხელისუფლება, სინამდვილეში მასში ხედავს თქვენს სიძლიერეს, რომ ხართ კარგი ხმა საზოგადოებისთვის. მეორეს მხრივ, საზოგადოებამაც უნდა დაინახოს ის, რომ მედიას კი არა, საზოგადოებას ებრძვიან, რადგან ადამიანები უნდა ხვდებოდნენ, რომ მათ სიტყვას ბლოკავს სახელმწიფო და არა თქვენსას. ისიც ცენზურაა, როდესაც ხელისუფლებას ჰყავს შექმნილი ტროლების და ბოტების არმია, რომ გამოცხადდეს თქვენი ინფორმაცია ყალბად და ტყუილად. ცენზურა არის ჭარბი ინფორმაციაც, რომელსაც, ასევე, ხელისუფლება ქმნის ხელოვნურად, რომ არსებობდეს არა ერთი, არამედ ბევრი სიმართლე, სადაც საზოგადოება ვერ გაიგებს სად არის სიმართლე“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ჟურნალისტმა, თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია კუპრაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პირველ რიგში საზოგადოება უნდა გააქტიურდეს მედიის მხარდასაჭერად.

დეზინფორმაცია და პროპაგანდა ყოველთვის მუშაობდა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ახლა ის განსხვავებული ფორმით, უფრო მასშტაბური გახდა. ჩვენ გვაქვს შიდა დეზინფორმაციაც, დეზინფორმაციის მწარმოებელი გახდა სახელმწიფო, ამიტომ დადგა ეს პრობლემა უფრო მასშტაბურად. თუკი გავიხსენებთ, რა შექმნილა კლასიკური ცენზურის დროს და როგორი იყო გვერდის ავლის ტექნოლოგიები და შემოქმედებითობა, ასეთ აფეთქებებსაც ველოდები როგორც ჟურნალისტიკაში, ისე ნებისმიერ ტიპის გამოხატვაში. მნიშვნელოვანია, ჩვენი მუშაობა არ დაემსგავსოს ჩურჩულს. პირველ რიგში, საზოგადოება უნდა გააქტიურდეს მედიის მხარდაჭერაში. ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სივრცეებში ამ საკითხებზე საუბარი”, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

სპიკერებმა, ასევე, ისაუბრეს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავლენაზე და მათ უარყოფით შედეგებზე საზოგადოებაში. ნათია კუპრაშვილის თქმით, ახლა ვართ გლობალურ ომში, სადაც ორი ტიპის საზოგადოებაა: ერთი საზოგადოება, სადაც ხელისუფალს აქვს რიდი მათი და მეორე ტიპის საზოგადოება, სადაც მათ ეშინიათ ხელისუფლების.

“დღეს გვაქვს ამ ორი ტიპი საზოგადოების გლობალური შეტაკება და ომი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ფიქრი რა შემიძლია, მე როგორც ინდივიდს“, – აღნიშნა მან.

“დემოკრატიის მცველების” იურისტის გიორგი მშვენიერაძის თქმით, აზრი ჟურნალისტიკის არის ის, რომ ისინი ხალხის პრობლემებზე ლაპარაკობენ, დღეს კი არის მცდელობები, რომ ჟურნალისტები ალაპარაკონ თავიანთ პრობლემებზე.

“ამ კამპანიის სლოგანიც არის ის, რომ თავისუფალი მედია გვიცავს. სინამდვილეში მედია ადამიანებს იცავს. მათთვის არის ინსტრუმენტი, რომ საკუთარი პრობლემები ერთმანეთს გააგებინონ. ამით აიძულონ პოლიტიკოსები, მოგვარდეს პრობლემები. ეს არის ის როლი, რომელიც მე ვფიქრობ, უნდა ჰქონდეს მედიას და ეს არის ის როლიც, რომელიც უნდა ჰქონდეს საზოგადოებას. თუ საზოგადოება არ იცავს მედიას, ის სინამდვილეში არ იცავს საკუთარ თავს. რა ფუჭი იქნებოდა ჩვენი სიტყვის თავისუფლება, ჩვენ ერთმანეთის ქება რომ შეგვეძლოს, მაშინ ვიცხოვრებდით ფარისევლობაში. თუკი არ გვინდა, ვიცხოვროთ ფარისევლობაში, ამიტომ გვჭირდება კრიტიკულ მედია“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

შეხვედრა, რომელიც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მოეწყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები