საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებების ჩატარების მიზნით აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 64 მილიონი ლარია.
შესყიდვასთან დაკავშირებული პრეტენდენტების მხრიდან წინადადებების წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 13-დან 18 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.
რაც შეეხება სამუშაოს შესრულების ვადას, შესყიდვის შესახებ დეტალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 6 თვეში.
პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 (სამი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა.
კომენტარები