ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრის მსახიობ ზვიად სვანაძეს ხვალ დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი თეატრში 12:00 საათიდან დაიწყება, 14:00 საათზე და მსახიობს თეატრის შენობიდან გამოასვენებენ.
ზვიად სვანაძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი 1989 წლიდან იყო.
2011 წლიდან იყო აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორისა და ხელოვნების კოლეჯის მეტყველების პედაგოგი.
ზვიად სვანაძემ არაერთ სპექტაკლში შექმნა საინტერესო და დასამახსოვრებელი სახეები: ლექსო („ნატაძრალი“), გრენგოლმი („გუშინდელნი“), ალგრისი („სიყვარული,ჯაზი და ეშმაკი“), ლიმონა („საბრალდებო დასკვნა“), დიდრო („დიდრო“), დალაქი („თქვენო უდიდებულესობავ“), დაფნა („ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“), ტარიელი („ამიკო“), ადოლფ ლაბა („სიკვდილისათვის განწირული ათეული“), ზებედე („უსასრულობის ათვლა დაიწყო“), პანსლადეკი, ვიქტორი („დუპლეტი“), ფერნანი („ქარი ქრის ვერხვებში“) და სხვ.
ზვიად სვანაძის სამსახიობო ოსტატობა არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. 1993 წელს მას გადაეცა ღირსების მედალი; 2015 წელს მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის (დაფნა, „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“); 2020 წელს მიენიჭა წოდება – „ქართული სცენის დესპანი“ (სპექტაკლისთვის „დუპლეტი“); იმავე წელს მიიღო გრან-პრი (სპექტაკლისთვის „ქარი ქრის ვერხვებში“).
კომენტარები